ამჯერად, ფული საერთოდ არ გვქონდა და ის, რა თქმა უნდა, არ აპირებდა ჩემს მოწყობას სახელგანთქმული ადამიანებისთვის განკუთვნილ თბილ საზაფხულო ბანაკში, როგორიც იყო "უანდერლენდი" ან "პრომისიზი". მას მიაჩნდა, რომ რეალური პროგრამა მჭირდებოდა. ამიტომაც, ინტერნეტში შევიდა და იქ იპოვნა პროგრამა, სახელწოდებით "იმპაქტი". ის პალმ-სპრინგში მდებარეობდა, ლოს ანჯელესიდან ერთი საათის სავალზე.
კიკიმ ონლაინ-ბროშურა წაიკითხა და გაიფიქრა, რომ ყველაფერი, რაც იქ ეწერა, ზუსტად მაკმაყოფილებდა. მე ხომ
მივიღე კოკაინი, ჩანთა ჩავალაგე, დერილს გამოვეთხოვე და კალიფორნიაში გავემგზავრე. იქ მისულმა, ბოლოჯერ შევიყნოსე კოკაინი. დავრეგისტრირდი, რის შემდეგაც ერთ-ერთმა კონსულტანტმა მითხრა - თუ თან მქონდა რაიმე სახის ნარკოტიკი, ცენტრისთვის უნდა ჩამებარებინა. მივეცი, რაც დამრჩა.
- გამოდგება! - მითხრა მან და ჩემს ზურგსუკან გაქრა. როცა დაბრუნდა, მეტად უცნაურად იქცეოდა. ამ დამპალმა ჩემი კოკაინი გამოიყენა! არადა, ეს ძალიან კარგი კოკაინი იყო!
სარეაბილიტაციო ცენტრში ნარკომანები მუშაობდნენ! მათ ჩემი ოთახი მიჩვენეს, რომელიც ტრეილერში იყო განთავსებული. საერთო ჯამში, ეს ცენტრი ტრეილერების პარკს წარმოადგენდა.
ამ სარეაბილიტაციო ცენტრის ბედნიერი პაციენტი არ ვყოფილვარ. ის გადავსებული იყო აგრესიული ნარკომანებით, რომლებიც მეტამფეტამინზე (ძლიერმოქმედი ნარკოტიკული პრეპარატი) იჯდნენ და ბანდიტებით, რომლებიც, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მკურნალობის კურსს გადიოდნენ. არ გამოვრიცხავდი, რომ მათთან ჩხუბი მომიწევდა. ერთი ღამე გავძელი, დილის რვა საათს დაველოდე და გამოვაცხადე, რომ სახლში მივდიოდი. მათ კიკის დაურეკეს და შეატყობინეს, რომ უკმაყოფილო ვიყავი და წასვლას ვაპირებდი. დილის 11 საათზე ისევ დაურეკეს.
- ის მართლაც უკმაყოფილოა.
შემდეგ კიკს მე დავურეკე.
- არ მჯერა, რომ ამ ადგილისთვის გამიმეტე. აღარ შემიძლია აქ დარჩენა, წასვლა მინდა.
- ცოტა კიდევ სცადე, - მთხოვა მან.
ნახევარი საათის შემდეგ, სკამი გავტეხე, რომელიც უფრო ბაღის ავეჯის ელემენტს ჰგავდა. და ავტობუსის უახლოეს გაჩერებაზე წამიყვანეს. ეს ადგილი ზედმეტად მაგარი იყო ჩემთვის. მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ, როცა "უანდერლენდისა" და "პრომისიზის" სარეაბილიტაციო ცენტრებში ვიყავი, რვიდან 14 თვე დასჭირდა ჩემს გონზე მოყვანას. ამ ადგილას კი მხოლოდ ნახევარი დღე დამჭირდა იმისთვის, რომ სახლში დაბრუნებული, ერთი გამონაკლისის გარდა, არასოდეს მივკარებოდი კოკაინსა და ალკოჰოლს.
ფილმ "წვეულება ვეგასის" წარმატებამ ძირითადი როლი ითამაშა იმაში, რომ ცხოვრების სწორი წესი ავირჩიე. მახსოვს, პრემიერა ახალი ჩავლილი იყო და ქუჩაში პატარა ბიჭი და მამა მისეირნებოდნენ.
- მამა, შეხედე! - ბიჭი გაჩერდა და ჩემზე მიუთითა. - აი, მსახიობი მაიკ ტაისონი.
- ბიჭუნა, ერთ დროს, მე მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეც ვიყავი, - ვთქვი მე.
ასეთი რამ კიდევ ბევრჯერ განმეორდა. ბავშვების მთელი თაობა უკვე როგორც მსახიობს მიცნობდა და არა, როგორც მოკრივეს. და ეს ძალიან მალე მოხდა. კოკაინის დიდი დოზებით თითქმის თვითმკვლელობამდე მიმყავდა საქმე, უიღბლო ადამიანის ცხოვრებას ვეწეოდი და უცებ... ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ რაღაცნაირად უხერხულად ვიგრძენი თავი. მაგრამ ვიცოდი, რომ არ შეიძლებოდა საკუთარი ცხოვრების გააზრებისა და საკუთარი თავის გადაკეთების ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება. მაგრამ, სანამ ამ გზას დავადგებოდი, რაღაც სერიოზულად უნდა შემეცვალა.
- ვაპირებ შევიცვალო, ვაპირებ გავხდე გამარჯვებული, არ ვაპირებ ასე დავასრულო ცხოვრება, - ვუმეორებდი ჩემს თავს.
კასის პრაქტიკას დავუბრუნდი. ვერავინ შეძლებს ჩემს შეჩერებას. ჩემი ძალაუფლება განუსაზღვრელი იქნება. როცა კოკაინზე ვიჯექი, წარმოდგენა არ მქონდა, როგორი ძალაუფლება მელოდა. ვხვდებოდი, რომ ეს არ იყო კრივი, მაგრამ აქაც მჭირდებოდა იგივე შეხედულებათა სისტემა, იგივე მონდომება, ჟინი და შიმშილი, რათა ჩანაფიქრი განმეხორციელებინა.
მაგრამ, ეს უკვე სხვა შიმშილი და ჟინი იყო. როცა ბავშვი ვიყავი, ასევე მქონდა რაღაც იმედები მომავალზე. მაშინ მჯეროდა, რომ ჩემგან რაღაც გამოვიდოდა. ახლა კი საწოლში ვეგდე საშინელ ხასიათზე და ყველა ჩემი ოცნება და იმედები დავამსხვრიე.
ცნობილი რეჟისორები და მსახიობები მირეკავდნენ და მთხოვდნენ გამეგრძელებინა ფილმებში გადაღებები.
- უნდა გააგრძელოთ კომედიური როლების თამაში, - ამბობდნენ ისინი. - დაივიწყეთ მაგარი ბიჭისა და თავზეხელაღებულის იმიჯი. თქვენ კარგი ბიჭი ხართ, მაიკ. ამას ვერავინ ხედავდა, რადგან პირველ პლანზე გამოდიოდა მთელი ის ნაგავი, რაც თქვენს ცხოვრებაში იყო. მაგრამ ყველგან უნდა გამოჩნდეთ, რადგან შესანიშნავად გამოიყურებით.
ისინი მართლები იყვნენ. ყველაფერი უარყოფითი და ცუდი, რაც ჩემში იყო - ეს მხოლოდ პოზა გახლდათ. ეს კასმა შემიქმნა ასეთი იმიჯი. კასი ისწრაფვოდა იმისკენ, რომ ჩემი ყველას შეშინებოდა. ის მიყენებდა იმისთვის, რომ თავისი ძველი ოცნებები აესრულებინა. ცუდად არ გამიგოთ. ეს ძალიან ღირსეული ოცნება იყო. და ისევ რომ მოემართა ჩემთვის იგივე თხოვნით, იგივეს გავაკეთებდი და უფრო სასტიკი და ბოროტიც კი გავხდებოდი.
ასე რომ, მე, ადამიანს, რომელსაც აღარ ჰქონდა არანაირი იმედი, ისევ გაუჩნდა მიზანი. რა მოხდა? ჩემში თავმოყვარეობამ გაიღვიძა. ყველა მეუბნებოდა: "
შესანიშნავად გამოგივიდათ როლი ფილმში, უნდა გააგრძელოთ გადაღებები". შემდეგ საკუთარ თავს სარკეში შევხედე.
"ეს სხეული კინოსთვის არ გამოდგება, - გავიფიქრე მე. - ვინ დაიჭერს ასეთ ბიჭთან საქმეს? ვინ იფიქრებს, რომ მხიარული და "ცხელი" ბიჭი ვარ? მე, უბრალოდ, ნამდვილი მსუქანი ალბერტი (მულტფილმის მსუქანი პერსონაჟი) ვარ, ჯანდაბა! 380 ფუნტს (172.4 კგ) ვიწონი, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ეკრანი უკანალს ასუქებს, ეგონებათ, რომ 680 ფუნტი (308.4 კგ) ვარ. კოსტუმები ომარ-მეკარვემ (1922 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის პერსონაჟი; მკერავის სინონიმი, რომელიც მსუქანი ადამიანებისთვის კერავს ტანსაცმელს) უნდა შემიკეროს".
ასე რომ, ნორმალურ ფორმაში უნდა დავბრუნებულიყავი. ხუთი კვირის განმავლობაში, მხოლოდ ტომატის წვნიანით ვიკვებებოდი. კიკიმ გადაწყვიტა, ერთი კვირა ვეგეტერიანულ დიეტაზე გადასულიყო და მეც შევუერთდი. მაგრამ ამაზე არ გავჩერდი. რა იყო ეს? ვეგეტერიანელობის მკაცრი ფორმა? ვეგანობა? კარგი, გავხდები ნამდვილი ვეგანი.
მომბეზრდა ქონიანი ღორის ფორმაში ყოფნა. იმდენად მსუქანი ვიყავი, რომ ჩემს ცოლთან სექსის დროსაც მრცხვენოდა. ისევ გაჩნდა საკუთარი თავისადმი სიყვარულის გრძნობა და განდიდების მანია! ჩემს წინაპრებში იყვნენ მსუქნები და მეც ასეთივე გავხდი. მაგრამ, იმის გამო, რომ თავმოყვარე ვიყავი, გადავწყვიტე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, საკუთარ უკანალზე მეზრუნა. მეკეთებინა ის, რაც აქამდე მეზიზღებოდა, ოღონდ კი მსუქანი აღარ ვყოფილიყავი. ჩემში გაიღვიძა დისციპლინისადმი მიდრეკილებამ. ყველაფერი გეგმიურად უნდა ყოფილიყო. საკუთარ თავში კრებებს ვატარებდი და ბრძანებებს გავცემდი:
"ჩვენ ახლა ასე უნდა მოვიქცეთ. აუცილებელია ეს კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, რომ მიზანს მივაღწიოთ".
სულაც არ მაწუხებდა ის, რომ ხორცს აღარ ვიღებდი. ერთხელ, ვიცელქე და ძროხის ხორცის პატარა ნაჭერი შევჭამე. მაშინვე ტკივილები დამეწყო, გული ამერია. როგორც ჩანს, ამიერიდან, ხორცი ჩემი ორგანიზმისთვის შხამი იყო.
ადრე, ხორცის მიღება ჩემში აგრესიის პროვოცირებას იწვევდა, ხოლო რძის პროდუქტებისგან იწყებოდა ნაწლავების პრობლემები და მეტეორიზმი. ახლა კი მივირთმევდი ბევრ ლობიოს, კიკი მიმზადებდა ხილისა და ბოსტნეულის გემრიელ კოქტეილებს. ყველა ავადმყოფობამ გამიარა, როცა მთლიანად ვეგანობაზე გადავედი. სისხლის წნევის აწევა, ართრიტი, გლუკოზის მაღალი შემცველობა - ამ ყველაფერმა გაიარა. მანამდე ცოცხალი გვამი ვიყავი, ათასგვარი ნაგვით ვიკვებებოდი, ვეწეოდი "ალ კაპონეს" სიგარებს.
ახლა კი ჯანმრთელ კვებას მივსდევდი, ყოველდღე სამ საათს ვუძღვნიდი ფიზიკურ ვარჯიშებს კარდიოდატვირთვით. ყოველთვის მაქსიმალისტი ვიყავი. ან იოგა ან ნემსი ვენაში. ან ის, ან ეს.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"