უსაინ ბოლტმა ტიტული დაიბრუნა

AutoSharing Option
შაბათს მოსკოვში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა მძლეოსნობაში. უკვე გათამაშდა მედლების შვიდი კომპლექტი, ამ უქმეების მთავარი სტარტი კი, რა თქმა უნდა, მამაკაცებს შორის 100 მეტრზე გარბენი იყო, სადაც ორი წლის წინ დაკარგული ტიტულის დაბრუნებას ლამობდა უსაინ ბოლტი.

შეგახსენებთ, რომ წინა ჩემპიონატზე, ლეგენდარულმა იამაიკელმა ფალსტარტის გამო წააგო მოკლე სპრინტი და ტიტული თანამემამულე იოჰან ბლეიკს დაუთმო. მოსკოვში ბოლტის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, რადგან ამ ჩემპიონატზე არც ბლეიკი ჩასულა, არც ტაისონ გაი და არც ასაფა პაუელი. უსაინის ერთადერთ სერიოზულ მეტოქედ
ამერიკელი ჯასტინ გეტლინი მიიჩნეოდა.

ამ დუეტის გარდა, ფინალში გავიდნენ იამაიკელები: ეშმიდი, ბეილ-კოული და კარტერი, ამერიკელი როჯერსი, ბრიტანელი დასაულუ და ფრანგი ლემეტრი. რაც ყველაზე საინტერესოა, ფინალში საუკეთესო დროით ეშმიდი შევიდა - 9.90 წამი.

ჩემპიონატის წინ ბოლტი თავის გულშემატკივრებს მსოფლიოს რეკორდს პირდებოდა, მაგრამ ამის შანსი თითქმის არ არსებობდა, რადგან ფინალის მონაწილეების წარდგენისას ძლიერი წვიმა წამოვიდა. ყველაზე საინტერესო გარბენის წინ სარბენი ბილიკი მთლიანად სველი იყო.

სასტარტო ნიშანზე ყველაზე კარგი რეაქცია გეტლინს ჰქონდა, ბოლტი კი, ტრადიციულად, სტარტზე შეყოვნდა და პირველი 50 მეტრი მესამე პოზიციაზე ირბინა და ამჯერადაც ბოლტმა დისტანციის მეორე ნახევარზე ჩართო თავისი საფირმო სიჩქარე და ბოლომდე დაიხარჯა ტიტულის დასაბრუნებლად. ჯასტინმა მაქსიმალურად მოინდომა, მაგრამ იამაიკელი საუკეთესო იყო - 9.77 წამი!

ეს სეზონის საუკეთესო დროც კი არ არის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ წვიმა და შემხვედრი ქარი. ამის გათვალისწინებით, შედეგი ძალიან მაღალია.

გეტლინმა მეორე ადგილი დაიკავა, რამაც ძალიან გაახარა. სამეულში მოხვდა ნესტა კარტერი. საერთოდ, პირველ ხუთეულში ოთხი იამაიკელი მოხვდა, რაც ჩემპიონატის ბოლო დღეს, 4x100 მეტრზე ესტაფეტაში იამაიკას მთავარ ფავორიტად აქცევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უსაინ ბოლტს სამი მედალი სჭირდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული