პირველი დღე
მედლების პირველი კომპლექტი ქალმა მარათონელებმა გაითამაშეს. ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ეთიოპიის ნაკრებს ჰყავდა, რომელმაც სტარტზე ხუთი მორბენალი გაიყვანა, მაგრამ მათგან საუკეთესო - აბერუ კებედე მხოლოდ მე-13 მივიდა ფინიშთან. თითქმის მთელი დისტანცია ლიდერი 37 წლის იტალიელი, ორი შვილის დედა ვალერია სტრანეო იყო. მეათე კილომეტრისთვის მან დაშალა მორბენალთა ჯგუფი და ლიდერებში მხოლოდ რვა მარათონელი
კიდევ ათი კილომეტრის შემდეგ ლიდერთა ჯგუფი ოთხამდე შემცირდა. დარჩენილ მანძილზე სტრანეომ, რომელიც არასოდეს ასულა დიდი ტურნირის პოდიუმზე, კიდევ ორი მეტოქე ჩამოიცილა და ერთი-ერთზე დარჩა მოქმედ ჩემპიონთან, კენიელ ედნა კიპლაგატთან.
ეს უკანასკნელი მშვიდად მირბოდა იტალიელის უკან, ფინიშამდე რამდენიმე კილომეტრით ადრე კი წინ გავიდა და მის სპურტს სტრანეომ ვერაფერი მოუხერხა. კიპლაგატი ისტორიაში პირველია, ვინც ქალთა მარათონში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება შეძლო.
* * *
დღის მეორე ფინალი მამაკაცებს ჰქონდათ 10000 მეტრზე სირბილში. მთავარი ფავორიტი, რა თქმა უნდა, ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი, ბრიტანელი მო ფარა იყო. საწყის წრეებზე მას მოვლენათა ფორსირება არ დაუწყია და მხოლოდ ფინიშამდე რამდენიმე წრით ადრე დაიწყო წინ გასვლა.
ბრიტანელის ბლოკირება სცადეს ამერიკელებმა, მაგრამ ფარა მათ იოლად გაუსწორდა და პირველ პოზიციაზე გადავიდა. ეთიოპიელმა იბრაჰიმ ჟეილანმა და კენიელმა კიპნგეტიჩ ტანუმ ყველანაირად სცადეს, არ ჩამორჩენილიყვნენ ბრიტანელს, ჟეილანმა კი ბოლო ვირაჟისას წინ გასვლაც კი მოინდომა, მაგრამ ფავორიტის ტემპი აფრიკელებისთვის ძალიან მაღალი აღმოჩნდა. ფარამ ამ სეზონში საუკეთესო დრო აჩვენა და პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
მეორე დღე
მამაკაცებს შორის 100 მეტრის გარდა, მედლების კიდევ ხუთი კომპლექტი გათამაშდა. ათჭიდში გრძელდება ამერიკელი ეშტონ იტონის დომინირება. გასულ წელს მან მოიგო ზამთრის მსოფლიოს ჩემპიონატი, ოლიმპიადა და დაამყარა მსოფლიოს რეკორდი. წელს ის ასევე დაუმარცხებელი იყო. პირველ დღეს ამერიკელმა, სიმაღლეზე ხტომის შემდეგ, ერთადერთხელ დაკარგა ლიდერობა. 400 მეტრზე სირბილის შემდეგ იტონი ისევ პირველ ადგილზე გადავიდა და აქედან მოყოლებული, მხოლოდ ზრდიდა თავის უპირატესობას. 1500 მეტრზე გარბენის წინ მის გამარჯვებაში ეჭვი უკვე არავის ეპარებოდა.
* * *
ქალებს შორის სიგრძეზე ხტომაში რუსებს თავიანთი ვარსკვლავების - დარია კლიშინასა და ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლისპრიზიორის, ელენა სოკოლოვას იმედი ჰქონდათ, თუმცა ვერც ერთმა ვერ გაამართლა მასზე გაცემული ავანსები და რუსებს არც ერთი სპორტსმენი არ აუყვანიათ პოდიუმზე.
მთავარი ფავორიტი, რა თქმა უნდა, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მოქმედი ჩემპიონი ბრიტნი რიზი იყო, თუმცა მან კინაღამ გაუცრუა იმედები გულშემატკივრებს. ამერიკელი ბოლო - მე-12 შედეგით შევიდა ფინალში. მაშინვე დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ რიზის სპორტული ფორმის პიკმა ჩაიარა და სპორტსმენმა იჩქარა, როცა სეზონის სტარტზე 7.25 მეტრზე გადახტა.
რიზის მთავარი მეტოქე ნიგერიელი ბლესინგ ოკაგბარე უნდა ყოფილიყო, რომელსაც ამ ჩემპიონატზე ოქროს მედლების მოპოვება ჰქონდა დაგეგმილი სიგრძეზე ხტომასა და სპრინტერულ დისტანციებზე. ფინალში პირველი კარგი ნახტომი სწორედ მან შეასრულა - 6.89 მეტრი დააფიქსირა და ლიდერი გახდა. თუმცა მეორე ცდაზე პირველი ადგილზე გადავიდა რიზი, რომლის შედეგი იყო 7.01 მეტრი.
ამის შემდეგ ამერიკელი თამამად მიდიოდა რისკზე და ამიტომაც ოთხიდან სამი ცდა გააფუჭა, თუმცა, საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ სწორედ რიზი იყო ერთადერთი ფინალისტი, ვინც იმ დღეს შვიდ მეტრზე შორს გადახტა. რაც შეეხება ოკაგბარეს, ის ყოველ ცდაზე აუმჯობესებდა თავის მაჩვენებელს და ბოლოს მისი ჩამორჩენა მხოლოდ ორი სანტიმეტრი იყო - 6.99 მეტრი.
* * *
ქალებმა ასევე გაითამაშეს მედლები 10 ათას მეტრზე სირბილში. სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ეთიოპიელმა ტირუნეშ დიბაბამ, როგორც იქნა, მოირჩინა ტრავმები, რომლებიც ბოლო წლებში აწუხებდა და ძალიან იოლად მოიგო გარბენი. ბოლო წრეზე მის სპურტს მხარი ვერავინ აუბა. დიბაბამ კარიერაში მეხუთედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი.
ასევე ფავორიტმა გაიმარჯვა ქალებს შორის ბადროს ტყორცნაში. ხორვატმა სანდრა პერკოვიჩმა წელს "ბრილიანტის ლიგის" ყველა ეტაპზე გაიმარჯვა და საერთოდაც, ლონდონის ოლიმპიადის მოგების შემდეგ ის არავის დაუმარცხებია. მან წარმატებით დაადასტურა თავისი სტატუსი. ხორვატმა პირველ ცდაზე 67.99 მეტრზე გატყორცნა ბადრო და ასეთ დონეზე გამოსასვლელად არც ერთი მისი კონკურენტი არ აღმოჩნდა მზად. სანდრასთვის ეს იყო პირველი ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატზე.
კაცები
10 000 მ
1. მო ფარა (ბრიტ) 27.21,71
2. იბრაჰიმ ჟეილანი (ეთი) 27.22,23
3. კიპნგეტიჩ ტანუი (კენ) 27.22,61
20 კმ. სიარული
1. ალექსანდრ ივანოვიჩი (რუს) 1:20.58
2. ჩენ დინი (ჩინ) 1:21.09
3. მიგელ ლოპესი (ესპ) 1:21.21
ათჭიდი
1. ეშტონ იტონი (აშშ) 8809
2. მიკაელ შრიოდერი (გერ) 8670
3. დემიენ უორნერი (კან) 8512
100 მ
1. უსაინ ბოლტი (იამ) 9,77
2. ჯასტინ გეტლინი (აშშ) 9,85
3. ნესტა კარტერი (იამ) 9,95
ქალები
მარათონი
1. ედნა კიპლაგატი (კენ) 2:25.44
2. ვალერია სტრანეო (იტა) 2:25.58
3. კაიოკო ფუკუსი (იაპ) 2:27.45
სიგრძეზე ხტომა
1. ბრიტნი რიზი (აშშ) 7,01
2. ბლესინგ ოკაგბარე (ნიგ) 6,99
3. ივანა შპანოვიჩი (სერ) 6,82
ბადროს ტყორცნა
1. სანდრა პერკოვიჩი (ხორ) 67,99
2. მელინა რობერ-მიშონი (საფ) 66,28
3. იარელის ბარიოსი (კუბ) 64,96
10 000 მ
1. ტირუნეშ დიბაბა (ეთი) 30.43,35
2. გლედის ჩერონო (კენ) 30.45,17
3. ბელაინეშ ოლჰირა (ეთი) 30.46,98
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უსაინ ბოლტი, ტირუნეშ დიბაბა, სანდრა პერკოვოჩი, ბრიტნი რიზი, ედნა კიპლაგატი