ფეხბურთის თამაშის დროა
უსიამოვნება 2015 წლის სეზონის გახსნაზე, იამაიკის დედაქალაქ კინგსტონში მოხდა. ბოლტმა ესტაფეტის ბოლო ნაწილი ხუთმეტრიანი ჩამორჩენით დაიწყო. მისი კონკურენტი იყო იუნიორებს შორის მსოფლიოს 2012 წლის ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორი ტიკენდო ტრეისი და ბოლტმა მისი დაწევა ვერ შეძლო. გამარჯვებული გუნდის დრო იყო 38,23 წამი, ფავორიტებმა კი ექვსი მეასედი წამი წააგეს.ბოლტის გუნდში ასევე
რა თქმა უნდა, შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება ერთადერთი მარცხით, ისიც ლოკალურ დონეზე, სისულელე იქნება, მაგრამ თავად ფაქტი საშუალებას გვაძლევს, დავფიქრდეთ სპორტსმენის პერსპექტივებზე. 2014 წლის აგვისტოში, ბრიტანეთის თანამეგობრობის ქვეყნების თამაშების დროს ბოლტმა განაცხადა, რომ მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატამდე აპირებს კარიერის გაგრძელებას.
უფრო ადრე ლეგენდარული მძლეოსანი რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის შემდეგ გეგმავდა სპორტიდან წასვლას, მაგრამ გადაიფიქრა. "ვამბობდი, რომ 2016 წლის თამაშების შემდეგ მინდა წასვლა, მაგრამ გარშემო ყველა იმეორებს, რომ უნდა გავაგრძელო გამოსვლა 2017 წლამდე. ვფიქრობ, ასეც მოვიქცევი და მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატი ბოლო ტურნირი იქნება ჩემს კარიერაში", - განაცხადა ბოლტმა.
ადამიანის ორგანიზმი - საკმაოდ კაპრიზულია. 28 წელი - სირბილის სახეობებში კრიტიკული არა, მაგრამ გარდამავალი ასაკია. უსაინს, ალბათ, ბევრჯერ უფიქრია, რას გააკეთებს მას შემდეგ, რაც სარბენ ბილიკს დატოვებს. იამაიკის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვინფრიდ შეფერის წინადადება, შესაძლოა, დროული იყოს.
გასული წლის ოქტომბერში გერმანელმა სპეციალისტმა გამოთქვა სურვილი - ფეხბურთში მიეწვია ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი. "ბოლტი იამაიკელია და ვისურვებდი მის ხილვას ჩემს გუნდში. ვთხოვ მას ნაკრებში გამოსვლას. იმედია, დათანხმდება თამაშს", - განაცხადა შეფერმა.
გერმანელი სპეციალისტის სიტყვებით, ბოლტის გამოძახება იამაიკის ნაკრებში 2016 წლის ოლიმპიადის შემდეგ იგეგმება. უფრო ადრე ფეხბურთის დიდმა თაყვანისმცემელმა ბოლტმა ხუმრობით განაცხადა, რომ უარს არ იტყოდა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გაფორმებაზე.
სიმეტრიული მუხლები
სანამ ბოლტი გადაწყვეტს - რა გააკეთოს მომავალში, ამერიკელმა მეცნიერებმა, როგორც ჩანს, ამოხსნეს მისი ფენომენალური წარმატებების საიდუმლო. შეგახსენებთ, რომ უსაინი - ოლიმპიადის ექვსგზისა და მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონია, ფლობს მსოფლიოს რეკორდებს 100 მეტრზე (9.58 წამი), 200 მეტრზე (19.19 წამი) და 4x100 მეტრზე ესტაფეტაში იამაიკის ნაკრებთან ერთად - 36.84 წამი. რატგერსის უნივერსიტეტის სპეციალისტთა აზრით, იამაიკელი სპრინტერების განსაკუთრებული სისწრაფე, უმეტეს წილად, მათი მუხლების სიმეტრიით აიხსნება.
ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც არის იამაიკა, არაპროპორციულად დიდი წარმომადგენლობა აქვს სპრინტერების ელიტაში. ანთროპოლოგმა რობერტ ტრაივერსმა შეადარა იამაიკის 74 პროფესიონალი სპრინტერის (მათ შორის იყვნენ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი და ნესტა კატრერი - 4x100 მეტრზე რეკორდის ერთ-ერთი შემოქმედი) და იმავე ასაკის, ზომისა და წონის 116 არასპორტსმენი იამაიკელის მუხლები. გაირკვა, რომ მუხლების სიმეტრიულობა მორბენლებს გაცილებით მაღალი აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს. ანთროპომეტრიკის ამგვარი თავისებურება სერიოზულად ამცირებს სირბილის დროს ენერგიის ხარჯვას.
რაც უფრო მეტად სიმეტრიულია მუხლები, მით უფრო მაღალია ათლეტების შედეგები სარბენ ბილიკზე. განსაკუთრებით ძლიერია ეს კანონზომიერება 100 მეტრზე მორბენლებისთვის. ტრაივერსმა ეს ახსნა იმით, რომ 100 მეტრზე სირბილში საჭირო არ არის მოხვევა. ასეთმა ვირაჟებმა, დროთა განმავლობაში, შეიძლება გააძლიეროს ასიმეტრია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"