ჯასტინ გეტლინმა უსაინ ბოლტი გამოიწვია

AutoSharing Option
დოჰაში სტარტი აიღო "ბრილიანტის ლიგის" სერიამ და პირველივე ეტაპზე სერიოზული გამოწვევა ესროლეს პლანეტის უსწრაფეს ადამიანს, იამაიკელ უსაინ ბოლტს.

მძლეოსნობის მოყვარულებს საინტერესო სეზონი ელოდებათ - წელს მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება, რომელიც ბოლოა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის წინ. შესაბამისად, მძლეოსნებმა თავიდანვე სერიოზულად მოჰკიდეს საქმეს ხელი, რასაც ადასტურებს დოჰაში ნაჩვენები შედეგები - 11 დისციპლინაში დაფიქსირდა სეზონის საუკეთესო შედეგი.

ეტაპის გმირი აღმოჩნდა ამერიკელი ჯასტინ გეტლინი, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს იყო დისკვალიფიცირებული დოპინგის გამოყენებისთვის, რის შემდეგაც დაბრუნდა დიდ სპორტში და შარშან ზაფხულის სეზონის საუკეთესო სპრინტერი გახდა.

ჯასტინმა
"მოკლე სპრინტი" 9,74 წამში გაირბინა. მან გაუსწრო თანამემამულე მაიკლ როჯერსს, ნესტა კარტერსა და კიმ კოლინზს. ეს არის 33 (!) წლის მორბენალის პირადი რეკორდი. უფრო სწრაფად 100 მეტრი ისტორიაში მხოლოდ ოთხ სპორტსმენს ურბენია: უსაინ ბოლტს, ტაისონ გაის, იოჰან ბლეიკსა და ასაფა პაუელს.

ამ შედეგით გეტლინმა ბრძოლაში გამოიწვია ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბოლტი, რომელმაც გასული სეზონი, ასე ვთქვათ, საწვრთნელ რეჟიმში ჩაატარა: დიდხანს მკურნალობდა ფეხს, საერთოდ არ ურბენია 200 მეტრზე, 100 მეტრზე კი მხოლოდ სამ ტურნირზე გამოვიდა, ბოლოს კი ვადაზე ადრე დაასრულა სეზონი.

წელს ბოლტი ერთხელ უკვე ვიხილეთ სარბენ ბილიკზე - რიო-დე-ჟანეიროში კომერციულ ტურნირზე, სადაც 10,12 წამი აჩვენა. დიდ სეზონს ის 26 მაისს, ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში დაიწყებს - იქ 200 მეტრზე გამოვა. 13 ივნისს კი ბოლტს ნიუ იორკში ბრილიანტის ლიგის ეტაპზე ვიხილავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული