ბრილიანტის ლიგა: რეკორდი 22 წლის შემდეგ

AutoSharing Option
მძლეოსნები ასრულებენ მზადებას წლევანდელი სეზონის მთავარი სტარტისთვის - მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც პეკინში უნდა გაიმართოს. გასულ უქმეებზე მონაკოში ჩატარდა "ბრილიანტის ლიგის" მორიგი ეტაპი, რომლის მთავარი მოვლენა გახდა ქალებს შორის 1500 მეტრზე მსოფლიოს ახალი რეკორდი. მისი ავტორია ეთიოპიელი გენზებე დიბაბა.

უკვე მრავალი წელია, ეთიოპიელების ეს ოჯახი მართლაც სასწაულებს სჩადის. ტირუნეშ დიბაბა - სამგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია. მისი და ეჯეგაიეჰუ - 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი იყო, მათი ბიძაშვილი დერარტა ტულუ - ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ბოლო სეზონებში კი დომინირებს
ტირუნეშისა და ეჯეგაიეჰუს უმცროსი და - 24 წლის გენზებე. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მან მოასწრო დარბაზებისთვის მსოფლიოს რეკორდების გაუმჯობესება 1500, 3000 და 5000 მეტრებზე. ახლა, როგორც ჩანს, ღია არენების ჯერი დადგა.

1500 მეტრზე მსოფლიოს წინა რეკორდი 22 წლის წინ იყო დამყარებული. 1993 წელს, ჩინელმა სიუი იუნსიამ პეკინში ფანტასტიკური შედეგი აჩვენა - 3.50,46. ბოლო წლებში ამ დროსთან ახლოსაც კი ვერავინ მიდიოდა. მაგალითად, 2014 წლის სეზონში საუკეთესო შედეგი იყო - 3.57,00, 2013 წელს - 3.56,60. რაც შეეხება დიბაბას, შაბათამდე მისი პერსონალური რეკორდი უდრიდა 3 წუთსა და 57,54 წამს.

მიმდინარე სეზონში ეთიოპიელი 5000 მეტრზე გამოსვლას ანიჭებდა უპირატესობას. ამ დისტანციაზე მან მოიგო ბრილიანტის ლიგის ეტაპები იუჯინში, ოსლოსა და პარიზში. საფრანგეთში შედეგი მესამე იყო ისტორიაში - 14.15,41. სხვათა შორის, რეკორდი მის დას, ტირუნეშს დიბაბას ეკუთვნის - 14.11,15.

მაგრამ მონაკოში გენზებემ 1500 მეტრზე სირბილი არჩია და ისტორიული შედეგის ავტორი გახდა. ფინიშამდე 300 მეტრით ადრე ეთიოპიელის დრო იყო - 3.04,62. ბოლო მეტრებზე დიბაბამ არანორმალური კონცენტრაცია გამოიჩინა და 22 წლის წინანდელ რეკორდს 0.34 წამი ჩამოაკლო!

1500 მეტრზე გარბენის სხვა მონაწილეებმა ეთიოპიელის ტემპით ისარგებლეს და სხვა რეკორდებიც ვიხილეთ. ასე მაგალითად, სეფან ჰასანმა ჰოლანდიის რეკორდი დაამყარა, შენონ როუბერიმ - ჩრდილოეთ ამერიკის რეკორდი, კიდევ ხუთმა სპორტსმენმა პირადი რეკორდი გააუმჯობესა.

* * *
საერთოდ, ეს საღამო ძალიან წარმატებული გამოდგა საშუალო დისტანციაზე მორბენლებისთვის. იმავე 1500 მეტრზე მამაკაცებს შორის, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ასბელ კიპროპმა ისტორიაში მესამე დრო აჩვენა. დიადი ჰიშამ ელ-გერუჟის რეკორდამდე მას 0.7 წამი დააკლდა!

ამელ ტუკამ ყველა გააოცა სწრაფი რბენით 800 მეტრზე. ჯერ კიდევ შარშან, ევროპის ჩემპიონატზე ბოსნიელი ხარობდა მეექვსე ადგილით და პირადი რეკორდით - 1.46,12. ერთი კვირის წინ, მადრიდში მან 1.43,84 აჩვენა. ახლა კი ისტორიაში მე-11 დრო დააფიქსირა - 1.42,51.

კალებ მვანგანგი ნდიკუმ (3000 მ) და ჰაბიბა გრიბიმ (3000 მ/სტიპლჩეზი) სეზონის ახალი რეკორდები დაამყარეს.

სხვა სახეობებიდან უნდა გამოვყოთ ჯო კოვაჩი - ამერიკელმა ბირთვის კვრაში 22 მეტრი და 56 სანტიმეტრი აჩვენა, რაც სეზონის ახალი რეკორდი და ისტორიაში მერვე შედეგია.

ასევე აღვნიშნავთ ჯასტინ გეტლინის მორიგ გამარჯვებას 100 მეტრზე და ზედიზედ ორი სტარტის წაგების შემდეგ რენო ლავილენის გამარჯვებას ჭოკით ხტომაში.

კაცები
100 მ. 1. გეტლინი (აშშ) - 9,78; 800 მ. 1. ტუკა (ბოს) - 1.42,51; 1500 მ. 1. კიპროპი (კენ) - 3.26,69; 3000 მ. 1. ნდიკუ (კენ) - 7.35,13; 4x100 მ. 1. აშშ – 37,87; 400 მ/თ. 1. ჯექსონი (აშშ) - 48,23; სამხტომი. 1. ტეილორი (აშშ) - 17,75; ჭოკით ხტომა. 1. ლავილენი (საფ) - 5,92; ბირთლი. 1. კოვაჩი (აშშ) - 22,56; შუბი. 1. პიტკამიაკი (ფინ) - 88,87.

ქალები
200 მ. 1. მაკგრონი (აშშ) - 22,08; 400 მ. 1. მაკორორი (აშშ) - 49,83; 1500 მ. 1. დიბაბა (ეთი) - 3.50,07; 100 მ/თ. 1. ნელვისი (აშშ) - 12,46; 3000 მ/ს. 1. გრიბი (ტუნ) - 9.11,28; 4x100 მ. 1. აშშ - 41,96; სიმაღლე. 1. კუჩინა (რუს) - 2,00; სიგრძე. 1. შპანოვიჩი (სერ) - 6,87; ბადრო. 1. პერკოვიჩი (ხორ) - 66,80.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული