ახლა ერთადერთი პრობლემა კორეელის ხელფასია, თორემ თავად მწვრთნელი ყაბულსაა საქართველოში მუშაობაზე. ამჯერად ის
კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა გუშინ კორეელისა და ქართული მხარის ურთიერთობაში ერთი არასპორტული, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარდა - კორეელი მართლმადიდებლად მოინათლა! სიმართლე გითხრათ, თავის დროზე, როცა მისი შესაძლო გაქრისტიანების შესახებ გაცნობეთ, ინფორმაციის სისწორეში ჩვენც კი გვეპარებოდა ეჭვი იმის მიუხედავად, რომ ოფიციალური პირისგან შევიტყვეთ. ისიც კი ვიფიქრე, ღირდა თუ არა საერთოდ ამაზე დაწერა, მაგრამ მოგვიანებით ეს სურვილი კორეელმაც დაგვიდასტურა, რომელიც ქართველებმა არაოფიციალურად ადრევე მონათლეს - სახელი გადაარქვეს და „არჩი“ უწოდეს. ახლა ნამდვილი ნათლობაც შედგა, ნათლიობა კი ქაცარავამ იტვირთა.
იმის მიუხედავად, რომ სეუნი პირველივე ჩამოსვლისას ჯერ კიდევ აეროპორტში, სასაზღვრო კონტროლის გავლისას გააოცა ქართველთა უდისციპლინობამ (როცა არავინ იცავდა რიგსა და კანონს), მაინც იმთავითვე იმდენად მოეწონა აქაურობა, ჩვენი კულტურა, ბუნება, სამზარეულო, ქართული სტუმარ-მასპინძლობა, რომ ნაკრების თავკაცად მუშაობას მაშინვე დათანხმდა.
შეგახსენებთ, რომ ის მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მწვრთნელ-ინსტრუქტორია, რომელსაც ხშირად აგზავნიდნენ სხვადასხვა ქვეყნებში სემინარების ჩასატარებლად ანუ ჰქონდა საინტერესო სამუშაო. ცხადია, ანაზღაურებაც მაღალი ექნებოდა, მაგრამ საქართველოსთვის ეს ყველაფერი მიატოვა და უყოყმანოდ მიიღო ახალი გამოწვევა. მას ისე მოეწონა საქართველო, საახალწლოდ ტურისტად ჩამოვიდა თბილისში და სადღესასწაულო დღეები აქ გაატარა.
ოლიმპიური სოლიდარობის ფარგლებში მან უკვე სამი სემინარი ჩაატარა ბათუმში, თბილისსა და დუშეთში, სადაც ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად ახალგაზრდებიც შეარჩია სავარჯიშოდ. კორეელი ქალთა ნაკრებში სამივე ოლიმპიურ ლიცენზიას გვპირდება და ლონდონში გუნდურ ტურნირში გამოსვლის პირობას გვაძლევს. გამართლების შემთხვევაში ის ერთ საგზურს არც ვაჟებისგან გამორიცხავს, თუმცა ეს ცოტა არარეალური გვეჩვენება.
იმედია, მისი საკითხი მართლაც მალე გადაწყდება და კონტრაქტს ოფიციალურად გაუფორმებენ.