ისევ პირველ ბარიერთან

AutoSharing Option
მშვილდოსან ქალთა ნაკრები ამერიკულ ოგდენში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშების გუნდურ პირველობას პირველივე ტურიდან გამოეთიშა - ინდოელებთან 201:220 წააგეს. მეტოქემ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეექვსე შედეგი აჩვენა, ჩვენებმა - მეთერთმეტე. ინდოეთის ნაკრები არ მიეკუთვნება გრანდებს და ვერც ტიტულოვანი მსროლელებით დაიკვეხნის. თუმცა აზიელებმა ამ ტურნირზე საკუთარ თავს აჯობეს - მეოთხედფინალში ესპანელებს 218:182 მოუგეს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ნახევარფინალში გააკეთეს - ჩინეთის გუნდი 215:206 დაამარცხეს. ჩინელებს ამერიკაში ლიდერი, პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი ჟუან-ჟუან ჭანგი არ ჩაუყვანიათ, მაგრამ ისინი გუნდურ პირველობაში ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები არიან,
ასეთ ნაკრებში კი ლიდერის მცნება იმდენად პირობითია, ვინც მის შემადგენლობაში მოხვდება, ყველა ანგარიშგასაწევია. ინდოელები შედეგებით მათთან ახლოსაც ვერ მოვლენ - ვერც გუნდურად გაეჯიბრებიან და ვერც პირად პირველობაში ნაჩვენები შედეგებით შევადარებთ ერთმანეთს. თუმცა გუნდურ პირველობას სხვა დატვირთვა აქვს. ინდოელებმაც უფრო მეტი ერთსულოვნება გამოავლინეს და ფინალში გავიდნენ, სადაც დღეს კორეელებს შეხვდებიან. კორეამ გაამართლა ფავორიტის იმიჯი და გადაწყვეტ შეხვედრამდე იოლად მივიდა კანადის, იტალიის და მონღოლეთის ძლევით. დღესვე გაიმართება ორთაბრძოლა მესამე ადგილისთვისაც მონღოლეთსა და ჩინეთს შორის. დღესვე იბრძოლებენ მედლებისთვის პირად პირველობაშიც, სადაც ქალთა ტურნირი მთლიანად კორეელთა შინაურ პაექრობად გადაიქცა - მათი ოთხივე მონაწილე ფინალში გავიდა, იქ კი ლიდერები უტიტულო თანამემამულეებთან დამარცხდნენ. პირად ჩათვლაში პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა ოკ-ჰეე იუნმა ბო-ბაე კისთან 2:6 დათმო, გუნდურ ჩათვლაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჰიუნ-ჟონგ ჟოომ იგივე ანგარიშით მოონ იუნგ კიმთან წააგო. ამდენად ოქროსთვის კიმი და კი იასპარეზებენ, ბრინჯაოსთვის - იუნი და ჟოო.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული