პლეი ოფის შეხვედრები დღეს გაიმართება. სამწუხაროდ, ჩვენებს ძლიერი მეტოქეები ერგოთ. ესებუა პირველ წრეში უკრაინელ კატერინა პალეკნას ხვდება,
ვფიქრობთ, არც ნარიმანიძეს გაუმართლა - ჩინელ იუნლი ჭანგს ხვდება. პეკინის ოლიმპიდის ჩემპიონისა და ოლიმპიურ თამაშებზე კორეელთა 16-წლიანი ჰეგემონიის დამამხობელი ჟუან-ჟუან ჭანგის მოგვარე ნაკრებში აქამდე არც გვახსოვს, მაგრამ იქაურ ნაკრებში იმხელა კონკურენციაა, შემთხვევით ვერავინ მოხვდება. თან ურიგო შედეგი არც ახლა უჩვენებია საკვალიფიკაციოში - 29-ე იყო, მაგრამ ნარიმანიძეს ჩინელებთან სიურპრიზების შემოთავაზების გამოცდილება გააჩნია - 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დამატებით სერიაში მოუგო ჩინელ მსროლელს. იმედია, არც ამჯერად გაგვაწბილებს, თუმცა წარმატების შემთხვევაში, შესაძლოა, ბევრად უფრო ძლიერ ჩინელთან, შესარჩევში მეოთხეზე გასულ მინგ ჩენგთან მოუწიოს შეხვედრამ, რომელიც მანამდე ავსტრალიელ ალექსანდრა ფინეის ხვდება. თუმცა ჩვენებურთაგან ყველაზე ძლიერი მეტოქე მაინც დიასამიძეს ერგო - ფრანგი ევროპის ჩემპიონი ბერენჟერე შუ. დღეს პლეი ოფები ნახევარფინალური ეტაპის ჩათვლით გაიმართება და გამოვლინდებიან როგორც ოქროს, ასევე ბრინჯაოს მედლისთვის მებრძოლი წყვილები.
გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მეთოთხმეტე ადგილზე გავიდა და პლეი ოფის პირველ შეხვედრას აშშ-ის გუნდთან გამართავს. ამერიკელთა გუნდში ამჯერადაც გამოდის ბარსელონის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში ხათუნა ქვრივიშვილი, რომელიც ახლა ლორიგის გვარით ასპარეზობს. გუნდურ ტურნირში პლეი ოფები, აგრეთვე ფინალური შეხვედრები ინდივიდუალურ პირველობაში 4 სექტემბერს, შეჯიბრების დასკვნით დღეს გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"