გადაკიდებული იტალია და ახალი თაობა - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ბრინჯაოს მედლით დაასრულა გამოსვლა მსოფლიოს დარბაზის ჩემპიონატში, რომელიც წინა კვირას ანკარაში ჩატარდა. თუმცა იქ აღსანიშნავი ახალგაზრდების კარგი გამოსვლაც იყო - რამდენიმე მათგანმა დამაიმედებელი შედეგი აჩვენა. განსაკუთრებით - ზურაბ მესტვირიშვილმა, რომელიც ვაჟთა ნაკრების ლიდერად მოგვევლინა და საქართველოს ახალი რეკორდიც დაამყარა.

მშვილდოსნები უკვე დაბრუნდნენ საქართველოში, ორი დღის წინ კი მათ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც შეხვდა. მოგეხსენებათ, ქალთა ნაკრებს უკვე აქვს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია, ვაჟები კი მაისში იბრძოლებენ საგზურებისთვის. მინისტრმა ოლიმპიადისთვის მზადებაში სპორტსმენებს მაქსიმალური მხარ
დაჭერა და გვერდში დგომა აღუთქვა.

ანკარაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატსა და მშვილდოსანთა უახლოეს სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება ნაკრების მთავარი მწვრთნელი თამაზ ფუტკარაძე.

- რას ელოდით ამ ჩემპიონატისგან, რამდენად ხართ კმაყოფილი გუნდის გამოსვლით?
- ქალთა გუნდისგან მედალს ველოდი და ამას წასვლამდეც ვამბობდი. ეგ კი არა, ახალგაზრდებშიც ვგეგმავდით გარკვეულ წარმატებას. ცუდად არც მათ უსვრიათ, განსაკუთრებით - ზურაბ მესტვირიშვილს. რაც შეეძლოთ, იბრძოლეს, ურიგოდ არ გამოსულან, თუმცა ჯერ ახალგაზრდები არიან, გამოუცდელები.

რამდენიმე მათგანი - ნიკა თავდგირიძე, ანრი ბასილაძე, მარიკა მახარაძე პირველად იყვნენ ევროპის ჩემპიონატზე.

- ქალთა ნაკრების გამოსვლას როგორ აფასებთ?
- ამ სეზონში ჩვენთვის ქალთა ნაკრები მართლაც უმთავრესია. მათაც კარგად იმუშავეს, ბოლომდე იბრძოლეს და შედეგიც მიიღეს, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში რუსებს 6:2 მოუგეს. ყველამ კარგად იასპარეზა, მადლობელი ვარ მათი.

- მათ ისევ მოუგეს იტალიის ნაკრებს, თუმცა შემდეგ პოლონეთთან წააგეს. ამას რითი ახსნით - იტალიასთან ძალიან დაძაბული პაექრობით ხომ არ გადაიღალნენ?
- მოკლედ, იტალია გადაკიდებული გვყავს, ვერ მოვიშორეთ თუ არ გვეშვებიან - მათ შარშანაც მოვუგეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე და ლიცენზიაც ამით მოვიპოვეთ. გოგოებმა მთელი ძალით იბრძოლეს, ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო, რამაც პოლონეთთან იჩინა თავი.

- ახალგაზრდებიდან მესტვირიშვილი ახსენეთ, თუმცა ურიგოდ არც ვლადიმერ დოლიძეს უსვრია...
- ნამდვილად არა და ახალგაზრდებმა კარგად იასპარეზეს, ამ ბიჭებისა სამომავლოდ გვეიმედება. მესტვირიშვილმა 581 ქულით საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა, რაც აქამდე ლაშა ფხაკაძეს ეკუთვნოდა. იმედია, ეს ფაქტი თავად ფხაკაძესაც მეტ სტიმულს მისცემს. გუნდში კონკურენცია გაჩნდა, რაც კარგი ამბავია. მესტვირიშვილმა პლეი ოფშიც მოიგო ერთი შეხვედრა, მერე კი ძლიერ ამერიკელ ბრედ ელისონთან დამარცხდა.

- ფხაკაძე რატომ გამოვიდა ასე სუსტად, რამ შეუშალა ხელი უკეთესი შედეგის ჩვენებაში?
- ეს ჩემთვისაც აუხსნელია. არადა, გუნდში ის მოიაზრებოდა ლიდერად, მაგრამ ახლა საუკეთესო შედეგი მესტვირიშვილმა აჩვენა. ჩვენგან მეორე ჯაბა მოსეშვილი იყო, ფხაკაძეს კი მესამე შედეგი აღმოაჩნდა. ის პლეი ოფში ელისონთან მარცხით გამოვარდა. მას იარაღიც შევუძინეთ და ამ მხრივ პრობლემა არ აქვს, ინვენტარი რაც უნდოდა, ის ვუყიდეთ, პირადი მწვრთნელი გია მაკიევიც თან ახლდა ანკარაში და თითქოს ხელს არაფერი უშლიდა... ალბათ, მეტი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე.

- ნაკრების უახლოესი გეგმები როგორია, სად და რომელ ტურნირებში გამოხვალთ?
- 15 მარტიდან შეკრებას დავიწყებთ ისევ ბათუმში და მარტის ბოლოს იქვე ჩავატარებთ საქართველოს ჩემპიონატს ღია სასროლეთზე, ანუ ოლიმპიურ, 70-მეტრიან დისტანციაზე. მერე იქიდანვე წავალთ ანტალიაში, სადაც საერთაშორისო ტურნირში გამოვალთ. მის დასრულებისთანავე რამდენიმე დღით იქვე ერთობლივ შეკრებაზე დავრჩებით, რომელსაც მსოფლიოს ფედერაცია ატარებს და ევროპელებისგან მხოლოდ ჩვენ ვიქნებით სამ აზიურ გუნდთან ერთად. მისი დასრულების შემდეგ თურქეთიდანვე გადავალთ ბულგარეთში და 12-16 აპრილს ევროპის "დიდ პრიზზე" გამოვალთ.

გარდა ამისა, ახალგაზრდებსა და ჭაბუკებსაც უწევთ შეჯიბრებები.

- თუ არის ცნობილი, რომელი აზიური გუნდები მიიღებენ იმ ერთობლივ შეკრებაში მონაწილეობას ან რა პრინციპით შეარჩიეს მისი მონაწილენი?
- ეს დეტალები არ ვიცი. ვიცი, რომ მას ატარებს საერთაშორისო ფედერაცია, ჩვენ კი მონაწილეობა შარშან, ბრაზილიაში ყოფნისას შემოგვთავაზეს. იქ ჩემთან მოვიდნენ საერთაშორისო ფედერაციის და ინდოეთის ფედერაციების პრეზიდენტები და მითხრეს, თუ ვიქნებოდით თანახმა ამ შეკრებაში მონაწილეობის მიღებაზე. ცხადია, ამ წინადადებას მაშინვე დავეთანხმე.

ამდენად, ვიცი, რომ მონაწილეთაგან ერთი ინდოეთი იქნება.

- დაბოლოს, სალიცენზიო ტურნირზეც ვთქვათ, რომელიც მნიშვნელოვანია ვაჟებისთვის...
- მაისის ბოლოს ნოტინგემში ევროპის ჩემპიონატი ტარდება და ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირიც იქ გაიმართება. წლეულს ჩვენთვის მთავარი შეჯიბრება რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაა. სეზონი ბრინჯაოთი დავიწყეთ და, იმედია, ოქროთი დავამთავრებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული