მშვილდოსნობა. მსოფლიოს თასი: ქართველები პირადს გამოეთიშნენ

AutoSharing Option
შანხაიში მიმდინარე მსოფლიოს თასზე 28 აპრილს პლეი ოფები გაიმართა პირად პირველობაში, სადაც ჩვენგან ყველაზე უკეთ ისევ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა გამოვიდა. მართალია, ისიც უმედლოდ დარჩა, მაგრამ მერვედფინალში კი იასპარეზა, ოღონდ ამაში განთესვამაც დიდად შეუწყო ხელი.

მოგეხსენებათ, ესებუა შესარჩევი ეტაპის შემდეგ 661 ქულით 95 მონაწილეს შორის მე-8 ადგილზე დამკვიდრდა. ამიტომ განთესილთა შორის მოხვდა და პლეი ოფში პირველ ორ წრეში ისვენებდა, მესამეში კი ნატო ნასარიძის შეგირდი, თურქი გულნაზ ბუსრანურ ცოსკუნი 7:3 დაამარცხა. ჩვენებურმა მხოლოდ მეოთხე სეტი დათმო, მეორე ფრედ დაასრულა, დანარჩენებში კი
იმარჯვა.

მერვედფინალში მის წინ დანიელთა ევროპის ჩემპიონი მაია ჯაგერი დადგა, ვინც შესარჩევში მასავით 661 ქულა დააგროვა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა და მეცხრეზე დარჩა. სამწუხაროდ, ესებუამ მასთან ვერაფერი გააწყო და 2:6 დამარცხდა. დანიელმა შეხვედრა მოგებით დაიწყო - პირველ სეტში 26:25 იმარჯვა. ჩვენებურმა ანგარიში მყისვე გაათანაბრა, როცა მეორე 27:25 მოიგო, მაგრამ წააგო მომდევნო ორი: 23:27; 25:28.

ქართველი მსროლელის შედეგები არაა გამორჩეულად მაღალი, განსაკუთრებით - მეოთხე სეტში, თუმცა ჯაგერიც კარგი უტეხი კაკალი გამოდგა - მეოთხედფინალში შესარჩევის მომგები და მსოფლიოს ახალი რეკორდსმენი, ინდოელი დეეპიკა კუმარიც კი (მან შანხაიში 686 ქულა დააგროვა, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია ახალ ფორმატში 70-მეტრიან დისტანციაზე) დაამარცხა: 6:4. თუმცა საბოლოოდ ეს მოგება არ შერჩა და ნახევარფინალში ტაივანელ ია-ტინ ტანთან 2:6 წააგო, შედეგად კი, 1-ელ მაისს ბრინჯაოსთვის იასპარეზებს კორეელ ჩაეიუნ კიმთან.

იმავე დღეს მთავარ ფინალში ოქროს მედლისთვის ტანი მეორე კორეელს, ჰიებჰინ ჯუს შეხვდება.

ჩვენი ქალთა გუნდის დანარჩენი ორი წევრი პლეი ოფში პირველივე წრიდან ჩაება. ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ხათუნა ნარიმანიძემ უპრობლემოდ დაამარცხა კოლუმბიელი კაროლინა აგირე - 7:1.

დიდი წინააღმდეგობა არც იულია ლობჟანიძეს შეხვედრია ავსტრალიელ სტელა ბურნთან - 6:2 მოუგო. სამწუხაროდ, მეორე წრეში ორივე ჩვენებური დამარცხდა: ნარიმანიძე - ინდოელ ლაქშმინარი მაჯისთან, ლობჟანიძე კი - ბელორუს ჰანა მარუსავასთან. თან ორივემ ერთნაირი ანგარიშით - 4:6 წააგო. საინტერესოა, რომ ორივე შეხვედრაში 4 სეტის შემდეგ საყაიმო ანგარიში იყო - 4:4 და ჩვენებმა პაექრობები მხოლოდ დამატებითი, მეხუთე სეტის წაგებით დათმეს.

ნამდვილად სამწუხაროა და, ალბათ, მრავლის მთქმელიც, რომ დამატებითის მოგება ვერც ერთმა ვერ შეძლო, რაც, ვფიქრობთ, ფსიქოლოგიური ფაქტორის ბრალია. არადა, ლობჟანიძემ 0:2 ჩამორჩენა ამოუქაჩა მარუსავას. მეოთხე სეტში ნარიმანიძემაც გაუყაიმა ინდოელს...

ვაჟთა ტურნირში ჯაბა მოსეშვილი პირველივე წრეში დამარცხდა ავსტრალიელ მეთიუ გრეისთან, თუმცა ჩვენებურს მოგებაც შეეძლო - ქალების მსგავსად, 4 სეტის შემდეგ ანგარიში აქაც 4:4 იყო, მისი ბედი კი ბოლო, დამატებითი მეხუთე სერიის წაგებამ გადაწყვიტა: 4:6.

მოსეშვილმა მოიგო პირველი სეტი - 29:28, მაგრამ მეორეში ხელი "გაექცა", მხოლოდ 24 ქულა მოინადავლა და 24:27 წააგო: 2:2 საერთო ანგარიში. ამას ორი ფრედ დასრულებული სეტი მოჰყვა - 27:27; 26:26 და დადგა გადამწყვეტი სეტი, რომელიც ქართველმა 27:28 წააგო.

1-ელ მაისს, ვაჟთა ტურნირის ფინალში ამერიკელი ზახ კარეტი და ჰოლანდიელი სხეფ ვან დენ ბერგი იასპარეზებენ, ბრინჯაოს მედალს კი ტაივანელი ჩუნ-ჰენ ვეი და მექსიკელი ერნესტო ჰორაციო ბარდმანი გაითამაშებენ.

ახლა ჩვენებს შანხაიში ერთადერთი საზრუნავი დარჩათ - გუნდური პირველობა ქალებში (ვაჟებში მხოლოდ ერთი მონაწილე გვყავდა), რომელიც დღეს დაიწყება, ქართველების მეტოქე კი არცთუ ძლიერი ესპანეთია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული