მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: რას მოვარტყამთ ნოტინგემში?

AutoSharing Option
24 მაისს, ბრიტანულ ნოტინგემში მშვილდოსანთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო და გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელმაც გამოავლინა პლეი ოფის წყვილები პირადშიც, გუნდურშიც და აგრეთვე - ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირის მონაწილენი. გაირკვა მათი ნუმერაციაც და პლეი ოფის მეტოქეებიც.

ტრადიციულად, ჩვენგან უფრო წარმატებით ქალებმა იასპარეზეს, რომელთაგანაც საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ქრისტინე ესებუას ჰქონდა - 617 ქულით 26-ე  ადგილზე გავიდა. მას ერთი ქულით ჩამორჩა იულია ლობჟანიძე, ვინც 29-ზე აღმოჩნდა, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ხათუნა ნარიმანიძე კი 609-ით 38-ეა.

გუნდურ ჩათვლაში ქართულ ტრიოს 1842 ქულა დაუგროვდა და მე-12 ადგილზე დამკვიდრდა.
ისინი დღეს პლეი ოფში მეხუთეზე გასულ ბელორუსს გაეჯიბრებიან. მეტოქის რიგებში უდავოდ გამოირჩევა ჰანა მარუსავა, ვინც 635 ქულით მე-11 ადგილზე გავიდა. ბელორუსის ნაკრებში ამჯერად ეკატერინა ტიმოფეევა და კარინა ძიომინსკაიაც შედიან.

პირადი პირველობის პლეი ოფებიც დღეს დაიწყება, თუმცა ჩვენები პირველ წრეში ისვენებენ. მეორეში ლობჟანიძე შვეიცარიელ ვალენტინე დე ჟიულის შეხვდება, ნარიმანიძე - ფრანგ ლაურა რუჟიეს, ესებუა - თურქ აიბუკე აკტუნას. ლობჟანიძის წყვილში გამარჯვებულს მომდევნო წრეში საკვალიფიკაციოში მეოთხეზე გასული რუსი ქსენია პეროვა ელოდება, ნარიმანიძეს - მეექვსეზე დარჩენილი უკრაინელი ანასტასია პავლოვა, ესებუას კი - პავლოვას თანაგუნდელი ვერონიკა მარჩენკო, ვინც შესარჩევში მეშვიდე იყო.

ვაჟებმა თავიდან კარგად დაიწყეს, მაგრამ მერე თანდათან მოუკლეს. ნიშანდობლივია, რომ სამივე მათგანმა - ჯაბა მოსეშვილმაც, ლაშა ფხაკაძემაც და ვლადიმერ დოლიძემაც პირველი სერია დიდებულად ჩაატარეს და სამივე ისარი ყველამ 10-იანში მოარტყა, თუმცა მოსეშვილი მათ ფონზეც გამოირჩა - უკლებლივ ყველა გასროლა ზედ ცენტრში მოარტყა. ზოგადადაც, შედარებით სტაბილურად მან ისროლა, თუმცა ესეც იმ ფონზე, რომ ჩვენებიდან მუდამ მეწინავეობდა, თორემ, მთლიანობაში, დიდად სახარბიელო შედეგი ვერც ერთმა ვერ აჩვენა.

საბოლოოდ,  გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი ისევ მოსეშვილს აღმოაჩნდა, ვინც პირველ სერიაში 320 ქულა დააგროვა, მეორეში - 316 და ჯამში 636 დაუგროვდა, რაც 42-ე შედეგი აღმოჩნდა. არადა, ერთი პერიოდი 30-ეულის ახლოს ტრიალებდა.

მოსეშვილმა ყველაზე ცუდად ბოლო სერიაში ისროლა, სადაც პირველი ისარი 8-იანში მოარტყა, მეორე - 7-იანში, ბოლოს კი, მთელ ტურნირზე ამ ერთადერთხელ, 6-იანი "დასვა". საინტერესოა, რომ მოსეშვილმა ჩემპიონატი დიდებულად დაიწყო და სულ პირველ სერიაში სამივე ისარი ზედ ცენტრში მოარტყა.

ლაშა ფხაკაძემ პირველი სერია ჩააგდო - 306 ქულით ჩვენს სამეულში ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდა და ბევრადაც ჩამორჩა თანაგუნდელებს. არადა, პირველ სერიაში მანაც შთამბეჭდავად ისროლა და სამივე ისარი 10-იანში მოარტყა, თუმცა მოსეშვილივით მთლად შუაგულში - ვერა. მას კიდევ ორჯერ ჰქონდა ასეთივე წარმატებული სერია. აი, მეორე სერიაში ფხაკაძემ ჩვეული მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და ვითარება ცოტათი გამოასწორა - 318 ქულა გაარტყა და ჯამში 624 მოუგროვდა, რამაც 65-ე ადგილი არგუნა.

ვლადიმერ დოლიძემ თავიდან კარგად ისროლა და დასაწყისში მოსეშვილსაც უსწრებდა, მაგრამ ბოლოსკენ მოუკლო - ჯერ 321 ქულა დააგროვა, რასაც მეორეში მხოლოდ 300 დაუმატა და 621-ით 72-ეზე დარჩა. ბოლო სერია მასაც ძალიან გაუჭირდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ გუნდს ფიზიკურად გაუჭირდა მარათონული ეტაპის გაძლება.

გუნდურ ჩათვლაში ვაჟებს 1881 ქულა დაუგროვდათ, რაც მე-19 შედეგი აღმოჩნდა და პლეი ოფში ვერ მოხვდნენ. ისინი არც თავიდან შედიოდნენ საპლეიოფო 16-გუნდიან ზონაში, მაგრამ ბოლო სერიებამდე ოლიმპიურ ჩემპიონ ვიქტორ რიბანით გაძლიერებულ უკრაინას "ეჭიდავებოდნენ" მე-17 ადგილისთვის.

სამივე ჩვენებური გავიდა პირადი პირველობის პლეი ოფში, რომელიც ასევე დღეს იწყება. ფხაკაძის მეტოქე სლოვენიელი კლემენ სტრაჟარია, ხოლო მას თუ გასცდება, ირლანდიელ მარტინ კუნინჰემსა და რუს ვიტალი პოპოვს შორის მოგებულს შეხვდება. ჯგუფის ამავე მხარესაა შესარჩევი ეტაპის მომგები ფრანგი ჟან-შარლეს ვალადონტი.

პირველ შეხვედრას ფრანგთან გამართავს დოლიძე - მიშაელ სანასთან, ამ წყვილში გამარჯვებულს კი შემდეგ წრეში სლოვაკ ვლადიმირ ჰურბანსა და სლოვენიელ როკ ბიზჟაკს შორის უძლიერესი ელოდება.

მოსეშვილი თავიდან რუმინელ ანდრეი დანილას ხვდება, ხოლო თუ მოუგებს, მისი მომდევნო მეტოქე ბელგიელი რობინ რამაეკერისა და მოლდოველი დმიტრი დანკოვის პაექრობაში გაირკვევა.

შერეული წყვილი ამჯერად ესებუამ და მოსეშვილმა შეადგინეს, თუმცა მათ არც ისე კარგი ჯამური შედეგი აღმოაჩნდათ - 1253 ქულა, რაც მე-18 შედეგი აღმოჩნდა და ჩვენი დუეტი პლეი ოფში ვერ გავიდა.

თუმცა ქალებისგან განსხვავებით (მათ განაღდებული აქვთ რიო დე ჟანეიროს საგზურები), ჩვენი ვაჟებისთვის ევროპის ჩემპიონატზე უფრო მნიშვნელოვანი ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირია. გუშინდელი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ულიცენზიოთა რეიტინგში მოსეშვილი 31-ეა, ფხაკაძე - 52-ე, დოლიძე კი - 58-ე.

სალიცენზიო ტურნირის პლეი ოფი 26 მაისს დაიწყება. ფხაკაძე პირველ წრეში ხორვატ ალენ რემარს შეხვდება, ვინც შესარჩევში მასზე ცუდად გამოვიდა - 615 ქულა დააგროვა და 76-ე იყო. აი, ამ წყვილში მოგებულს მომდევნო ეტაპზე უტიტულო, მაგრამ განთესილი ფინელი ანტტი ტეკონიემი ელოდება.

ჩვენი დანარჩენი ჩუბინები საწყის ეტაპზე ესტონელებს გაეჯიბრებიან - დოლიძე იანუშ გროსს ხვდება, მოსეშვილი - მარტინ რისტს. გამარჯვების შემთხვევაში დოლიძესაც განთესილი ელოდება - სლოვენიელი გასპერ სტრაჟარი, მოსეშვილი კი თუ წინ წაიწევს, მისი მომდევნო მეტოქე ისლანდიელი სიგურსონ სიგურდსონისა და ლუქსემბურგელი ჯეფ ჰენკელსის პაექრობაში გაირკვევა. ბადის ამავე მხარესაა საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორეზე გასული თურქი მატე გაზოზი. საუკეთესო შემთხვევაში მოსეშვილი მას მესამე წრეში შეხვდება.

ნოტინგემში სალიცენზიო შეჯიბრება მხოლოდ პირად პირველობაში ტარდება და ბედი ქალებშიც და ვაჟებშიც სამ საუკეთესოს გაუღიმებს, ოლიმპიადისთვის ბოლო საკვალიფიკაციო შეჯიბრება კი 12-19 ივნისს ანტალიაში გასამართავი მსოფლიოს თასის რიგით მეორე ეტაპია. იქ საგზურები პირადშიც გაიცემა და გუნდურშიც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული