საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა ნოტინგემში, ევროპის ჩემპიონატში. ფინალში ჩვენმა სამეულმა (ქრისტინე ესებუა, იულია ლობჟანიძე, ხათუნა ნარიმანიძე) სამივე სეტი წააგო უკრაინასთან და 0:6 დამარცხდა.
სამწუხაროდ, ჩვენებს შეხვედრის გადარჩენის შესაძლებლობა არც ერთ სეტში არ ჰქონიათ, რაზეც ანგარიშებიც მიუთითებს: 49:52; 52:54; 52:55.
წაგების მიუხედავად, ჩვენი ნაკრების გამოსვლა მაინც წარმატებულად უნდა შევაფასოთ - ამ რანგის შეჯიბრებაზე თუნდაც ფინალში გასვლა, რაც პირველი პრეცედენტია, ნამდვილად კარგი შედეგია. ამასთან, მისასალმებელია, რომ გუნდი თანდათან აუმჯობესებს შედეგებს და
უბრალოდ, მიგვაჩნია, რომ მათ გაცილებით მეტი წარმატების მოპოვებაც შეუძლიათ, ცოტა მეტი მხარდაჭერა თუ ექნებათ.
ვფიქრობთ, უკრაინასთან წაგება უფრო ფსიქოლოგიის ბრალია. გავბედავთ და ვიტყვით: ფინალი პლეი ოფების დღესვე რომ ჩატარებულიყო, ჩვენებს წარმატების მეტი შანსი ექნებოდათ, რადგან იმ დღეს გამარჯვებულის ფსიქოლოგიით იბრძოდნენ. მართალია, მაშინ სამიდან ორი პაექრობა დამატებით სერიაში მოიგეს (ჯერ ბელორუსთან, მერე - თურქეთთან) და მორალურად თუ ფიზიკურად გადაღლილები იქნებოდნენ, მაგრამ მაინც მგონია, იმავე დღეს უკრაინასთან მეტი აღმაფრენით იასპარეზებდნენ. ახლა, ამ სამდღიან ინტერვალში, დასვენების ნაცვლად უფრო ინერვიულებდნენ...
ფსიქოლოგიურად მეტი დახმარება რომ სჭირდებათ, ეს შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა ხათუნა ნარიმანიძემაც აღნიშნა, რასაც, იმედია, სპორტის მმართველნი გაითვალისწინებენ.
ქალთა ტურნირი, შედეგის მიუხედავად, ჩვენ კი ჩავითვალეთ აქტივში, მაგრამ არა მგონია, მასპინძლებიც იმავე აზრზე იყვნენ თავიანთ გუნდთან მიმართებაში - ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბრიტანეთის ნაკრებმა გერმანიასთან 2:6 წააგო და უმედლოდ დარჩა, მესამეპრიზიორი კი გერმანია გახდა.
ნოტინგემის ტურნირი წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი თანამემამულე ნატო ნასარიძისთვის, ვინც თურქეთის ქალთა ნაკრების მწვრთნელია - ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი მისმა შეგირდმა იასემინ ანაგოზიმ მოიგო. სხვათა შორის, ვაჟების ანალოგიურ შეჯიბრებაშიც თურქმა იმარჯვა - მატე გაზოზმა, რაც ჩვენი მეზობლებისთვის პირველი საგზურებია. საინტერესოა, რომ გაზოზი პირადი პირველობის ფინალშიც გავიდა, მაგრამ წააგო და ვერცხლს დასჯერდა.
ქალებში ოლიმპიადის საგზურები სლოვაკმა ალექსანდრა ლონგოვამ და აზერბაიჯანელთა ნატურალიზებულმა უკრაინელმა ოლგა სენიუკმა მოიპოვეს. სხვათა შორის, ეს აზერბაიჯანისთვისაც პირველი საგზურია, ხოლო ვაჟთა სალიცენზიო შეჯიბრებაში ოლგას მეუღლე - ტარას სენიუკიც გამოდიოდა (სინამდვილეში, უკრაინელი ისაა, თორემ ოლგა მოლდოველია), მაგრამ ხელი მოეცარა. ვაჟებში კიდევ ორ საგზურს ფინელი სამული პიიპო და ბრიტანელი პატრიკ ჰიუსტონი დაეუფლნენ, რაც მასპინძლებისთვის დიდი სიხარული გამოდგა.
ბრიტანელებს კიდევ უფრო მეტი წარმატების იმედიც ჰქონდათ, რადგან მათი ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში იყო გასული. წარმატებასთან ახლოსაც იყვნენ, ვინაიდან სამი სეტის შემდეგ 4:2 იგებდნენ, მაგრამ ჯერ მეოთხე სეტი წააგეს, ბოლოს - დამატებითიც და 4:5 დამარცხდნენ. ბრინჯაოს ბელგია დაეუფლა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში, ასევე დამატებით სერიაში, 5:4 დაამარცხა შემადგენლობით უფრო ძლიერი ესპანეთი (პირინეელებს შემადგენლობაში ევროპული თამაშების ჩემპიონი მიგელ ალვარინო გარსია ჰყავდათ).
ევროპის ჩემპიონატის სხვა დისციპლინებს რაც შეეხება, შერეულ წყვილებში მედლები ასე განაწილდა: ოქრო მოლდოვურმა დუეტმა ირგუნა (ალექსანდრა მირკა, დან ოლარუ), ვერცხლი ფრანგებს დარჩათ (ჟან-მიშელ ვალადონტი, ბერენჟერე შუ), ბრინჯაო კი უკრაინელებს ერგოთ (ვიქტორ რიბანი, ანასტასია პავლოვა). პავლოვას კიდევ ერთი ბრინჯაოს მოპოვება შეეძლო - ქალთა შორის პირად პირველობაში დამამშვიდებლის ფინალში გავიდა, მაგრამ გერმანელ ლისა უნრუსთან 4:6 წააგო. სამაგიეროდ, მისმა თანაგუნდელმა ვერონიკა მარჩენკომ მოიპოვა მეორე ოქრო - გუნდურში ხომ მოიგო და პირადშიც გაიმარჯვა, როცა ფინალში საკვალიფიკაციოს მომგები რუსი ტუიანა დაშიდორჟიევა დაჩაგრა.
ვაჟთა პირად პირველობაში ვალადონტმაც აისრულა საწადელი და მაინც მოიპოვა ოქრო - ზემოხსენებულ გაზოზის 6:4 მოუგო, ბრინჯაოს კი ბრიტანელთა ასევე ზემოხსენებული ლიცენზიანტი ჰიუსტონი დაეუფლა - ფრანგ დანიელ ლუკასს 6:2 აჯობა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"