რუსეთში წარმატებული სპორტსმენი ცოტა ხნით სამშობლოს ეწვია. ვისარგებლეთ სიტუაციით და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ...
- ვფქირობ, რომ მწვერვალს ჩემს კარიერაში აწი უნდა მივაღწიო, თუმცა რამდენიმე ქამარი უკვე მაქვს: მსოფლიო ქამარი მაქვს კიკბოქსინგში, ასევე შერეულ ორთაბრძლებში. ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი ვარ, მაგრამ საკუთარ მიღწევებზე საუბარი ყოველთვის მეთაკილება და თავს ვარიდებ...
- სპორტს ბავშვობიდანვე მისდევთ?
- ვარჯიში ათი წლიდან დავიწყე... მაშინ ოჯახი
არასოდეს მიფიქრია, რომ პროფესიონალი გავხდებოდი, მაგრამ იმდენად შემიყვარდა, სპორტის სხვა სახეობაზე ფიქრის სურვილი აღარც მქონდა. შინ წინააღმდეგი იყვნენ, მაგრამ იმდენად გამიტაცა, ხელი აღარ შემიშალეს და შემდეგ პირიქით, დედაჩემის და მამაჩემის მხრიდან დიდი ხელშეწყობა მქონდა...
მოგვიანებით შერეული ორთაბრძოლებით დავინტერესდი. აქ უფრო მეტი ტექნიკური საშუალებების გამოყენება შეიძლება და ალბათ ამან მომხიბლა.... გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო ერთ-ერთ შეჯიბრზე, სადაც ძალიან გამიჭირდა, მაგრამ გამარჯვება მოვიპოვე. ზუსტად ორთაბრძოლის სირთულემ გამოიწვია ჩემში ინტერესი, რადგან უფრო მეტი აზარტი გაჩნდა.
21 წლის ვიყავი, პირველი პროფესიონალური ბრძოლა რომ ჩავატარე შერეულ ორთაბრძოლებში და იქედან მოყოლებული, გამოვდივარ პროფესიონალებში კიკბოქსინგსა და შერეულ ორთაბრძოლებში.
- დღეს მოსკოვში ცხოვრობთ და მოღვაწეობთ... შეჯიბრზე ყველგან საქართველოს სახელით გამოდიხართ?
- დიახ! მოსკოვში ვცხოვრობ და უკვე სამი წელია კლუბ Team Strela-ს წევრი ვარ. გამოვდივარ რუსეთის სახელით, მაგრამ ყველგან თან დამაქვს ქართული დროშა...
საქართველოს ორმეტრიანი დროშა დარბაზშიც მაქვს გამოფენილი, გამოსაჩენ ადგილზე და შესვლისთანავე პირველ რიგში მას ხედავ. ამის ნება კლუბის ადმინისტრაციამ დამრთო - მოიტანე შენი ქვეყნის დროშა და ჩამოვკიდოთო... პირველი ქართული დროშა გამოიფინა, შემდეგ კი ეს ტრადიციად იქცა და კლუბში მოსული ყველა უცხოელი სპორტსმენისა თუ მწვრთნელის პატივსაცემად, მათი ქვეყნის დროშას კიდებენ.
კლუბი ნაციონალური და რელიგიური თვალსაზრისით ნებისმიერ დისკრიმინაციას გმობს. იქ ერთი ოჯახივით ვართ და ყველას ერთი მიზანი გვაქვს.
- თქვით, რომ მწვერვალს აწი უნდა მიღწიოთ თქვენს კარიერაში... როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- სპორტსმენი რომ იტყვის მაქსიმუმს მივაღწიეო, უნდა დაანებოს ყველაფერს თავი! სპორტი ისეთი პროფესიაა, სადაც ახალი მიზნები სულ ჩნდება. რამდენიმე მიზანი მაქვს, მაგრამ ამაზე საუბარს მოვერიდები... გეტყვით, რომ უფრო მაღალ საფეხურზე მსურს ასვლა, ვიდრე ახლა ვარ...
ის გამოცდილება, რასაც მე ვიღებ ახლა უცხოეთში, მსურს საქართველოში ახალი თაობის სპორტსმენებს გავუზიარო... ჩვენი თაობის დროს, მაგალითად, კარგი მწვრთნელი და კარგი პირობები არ არსებობდა. ამიტომაც მინდა, რომ ახალ თაობას გავუზიარო გამოცდილება და ისეთი პირობები შევუქმნა, ბიჭებს სურდეთ დარბაზში მოსვლა...
ქართველებს შეუძლიათ შერეულ ორთაბრძოლებში კარგად იასპარეზონ, მსოფლიო დონეზე გამოვიდნენ, რადგან გვაქვს ამისკენ მიდრეკილება. ორთაბრძოლის სხვადასხვა სახეობები, ხრიდოლი ჩვენში უხსოვარი დროიდან მოდის...
ახალ თაობას ხელშეწყობა სჭირდება! სპორტსმენი მხოლოდ სპორტზე უნდა ფიქრობდეს და არა იმაზე, როგორ არჩინოს ოჯახი.
- ალბათ, რთული პირობები თქვენც გამოგივლიათ...
- დიახ... გზის ფულიც კი პრობლემა იყო და დარბაზში ბიჭები ერთმანეთს ვედექით გვერდში, რთული პერიოდი რომ გადაგვეტანა... პარკეტზე ვვარჯიშობდით და ვჭიდაობდით და გვერდები ყველას დალილავებული გვქონდა. მაგრამ ამ სირთულეებმა არ შეგვაჩერა და ვცდილობთ, ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ!
ყველა დამწყებმა სპორტსმენმა უნდა იცოდეს, რომ ადვილად არაფერი მიიღწევა. თუ არანორმალურად არ გიყვარს შენი საქმე, ყოველთვის მოყვარულად ან დამარცხებულად დარჩები!
მინდა მოვუწოდო სახელმწიფო მოხელეებსა თუ ბიზნესმენებს, დაუდნენ გვერდში ახალგაზრდა სპორტსმენებს!
ესაუბრა მანანა გაბრიჩიძე
სპეციალურად Sportall.ge-სთვის