სალომე ფაჟავა: ტაბლოს რომ ავხედე, თვალებს არ ვუჯერებდი - მესამე ვიყავი

AutoSharing Option
ფოტოზე: ლალი დოლიძე, სალომე ფაჟავა, ინგა კიკვაძე, სალომე ურუშაძე, ნათელა ბოლატაევა, ნელი სალაძე

მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც გერმანულმა შტუტგარტმა უმასპინძლა, მრავალჭიდში სალომე ფაჟავამ მე-4 ადგილი და რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების საგზური დაიმსახურა. გუშინ, 15 სექტემბერს, გერმანიიდან დაბრუნებულ ქართველ სპორტსმენს, ასევე, ნაკრების მთავარ მწვრთნელ ელისო ბედოშვილსა და ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტ ნელი სალაძეს ვესაუბრეთ.

სალომე ფაჟავა:
"ეს მსოფლიოს ჩემპიონატი ყველაზე დაძაბული შეჯიბრება იყო, რომლებშიც დღემდე მიასპარეზია. არც იყო გასაკვირი - აქ ხომ 2016 წლის ოლიმპიადის 15
ლიცენზია თამაშდებოდა და ამ რაოდენობაში მოხვედრას ბევრი ესწრაფოდა.

მიხარია, რომ მიზანს მივაღწიე და მწვრთნელების იმედები გავამართლე. მართალი გითხრათ, ბოლო ორი წლის მაჩვენებლებიდან გამომდინარე წარმატების იმედი მქონდა, მაგრამ ასეთ მაღალ შედეგს თუ მივაღწევდი, ნამდვილად არ მეგონა.

საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ მეშვიდე ვიყავი, ფინალში რომ გამოვდიოდი, მთელი დარბაზი მიჭერდა მხარს, რამაც ენერგია და მოტივაცია გამიორმაგა.

ასპარეზობის ბოლომდე ორიოდე მონაწილის გამოსვლაღა იყო დარჩენილი, ტაბლოს რომ ავხედე და თვალებს არ ვუჯერებდი - მესამე ვიყავი. მერე ბელარუსმა მელიტინა სტანიუტამ გამასწრო. მართალია, გული დამწყდა, რომ უმედლოდ დავრჩი, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელშიც ბევრმა გამოცდილმა სპორტსმენმა დაძაბულობას ვერ გაუძლო, მეოთხე ადგილზე გავედი.

ახლა მთავარია, ოლიმპიური თამაშებისთვის მოვემზადო საფუძვლიანად და კვარცხლბეკზე ასასვლელად რიოში ვიბრძოლო".

ელისო ბედოშვილი:
"ჩვენი გუნდისთვის ყველაზე მძიმე ასპარეზობის პირველი ოთხი დღე იყო, როცა პირად-გუნდური და საკვალიფიკაციო პაექრობები გაიმართა. სალომემ მრავალჭიდში 24 საუკეთესოს შორის დაიბევა ადგილი და ორი საგნით ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. საბოლოოდ კი რგოლით მე-7, გურზებით კი მე-5 ადგილი დაიკავა. ბაბთით ვარჯიშში მე-9 იყო და ფინალში მოსახვედრად 0.05 ქულა დააკლდა.

განსაკუთრებით მძიმე ფიზიკურად და მორალურად მაინც მრავალჭიდის ფინალი მიმაჩნია. აქ სპორტსმენებს ხომ მცირეოდენი შეცდომის დაშვების უფლებაც კი არ ჰქონდათ. სალომე ფაჟავამ წარმატებით გაართვა თავი სირთულეებს, ერთ დღეში ოთხივე საგნით პროგრამები ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა, განსაკუთრებით გამორჩეული იყო რგოლით, სადაც მას ორიგინალური ილეთი ეკუთვნის, და გურზებით - მთელი დარბაზი სალომესთან ერთად ცეკვავდა. ორივე დისციპლინაში 18-18 ქულაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩვენთვის საუკეთესო შედეგი იყო.

მრავალჭიდში საბოლოოდ 71.782 ქულა მოაგროვა და მესამეადგილოსან სტანიუტას 0.35 ქულით ჩამორჩა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მედალთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ.

აქვე ისიც მინდა აღვნიშნოთ, რომ ფაჟავასთან ერთად წარმატებით იასპარეზეს ნათელა ბოლატაევამ და სალომე ურუშაძემ. ნათელამ 36-ე ადგილი დაიკავა მრავალჭიდში, ურუშაძე კი ორი საგნით აღებული ქულებით დიდად შეეწია საქართველოს ნაკრებს, რომელიც 60 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის მე-11 ადგილზე გავიდა.

ამ წარმატებებში სპორტსმენებსა და მათს მწვრთნელებთან ერთად უდიდესი წვლილი საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტ ნელი სალაძეს მიუძღვის".

ნელი სალაძე:
"ველოდით, რომ სალომე ფაჟავა ოლიმპიური თამაშების საგზურს მოიპოვებდა, მაგრამ, ხომ იცით, ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გგონია. საბედნიეროდ, ამჯერად ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა, მიზანს მივაღწიეთ, თანაც როგორი ღირსეული შედეგით. წელგამართულები ვართ.

ახლა მთავარია, რიომდე დარჩენილი დრო გამოვიყენოთ რაციონალურად, რათა სალომემ ბრაზილიაშიც შეძლოს მედლებისთვის ბრძოლა.

რაც თავი მახსოვს, ჩემს შეგირდებს ზამთრობით გაყინულ დარბაზებში ვავარჯიშებ. ვფიქრობ, წლეულს ეს უსიამოვნო ტრადიცია დაირღვევა - ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის თბილისში აშენებულ ტანვარჯიშის ახალ დარბაზში სათანადო ადგილსა და დროს გამოგვიყოფენ, რომ ჩვენი გოგონები ოლიმპიური თამაშებისა თუ სხვა შეჯიბრებებისთვის სათანადოდ მოემზადონ, თორემ ჩვენს დარბაზში, სადაც ზამთრობით აუტანელი სიცივეა, წვრთნა შეუძლებელია.

შტუტგარტული წარმატებების მიღწევაში დიდად დაგვეხმარნენ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და სპორტის სამინისტრო. სამომავლოდაც მათი იმედი გვაქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული