ქართველ მსროლელთა წარმატება სომხეთის ღია პირველობაზე

AutoSharing Option
ქართველი მსროლელები 7 თებერვლიდან ერევანში იმყოფებიან შეკრებაზე, სადაც თებერვალ-მარტის მიჯნაზე დანიაში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში გასამართავი ევროპის პირველობისთვის ემზადებიან.

ერევანში ვახტანგ სალუქვაძის მეთვალყურეობით ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, ლევან ქადაგიძე, ვლადისლავ მაიოროვი, ლიზი კილაძე და მარიამ ბლუაშვილი ვარჯიშობენ, თუმცა დანიაში მხოლოდ პირველი ოთხი მსროლელი გამოვა.

შეკრების პარალელურად, 13 თებერვალს მათ სომხეთის ღია პირველობაშიც მიიღეს მონაწილეობა, რაც დანიური ტურნირისთვის მოთელვას ისახავდა მიზნად.

შეჯიბრება ახალი წესებით ჩატარდა, ანუ ქალებს მთელი სერია, 1.15 საათის ნაცვლად, 50 წუთში უნდა ჩაეტიათ, კაცებს 1.45-ის
ნაცვლად - 1.15-ში, ხოლო ფინალში ქულების ათვლა ნულიდან იწყება, საკვალიფიკაციოს შედეგები იქ არ გადაჰყვებათ.

ქალთა შორის დამაჯერებლად გამოვიდა ნინო სალუქვაძე - შესარჩევში 387 ქულით გაიმარჯვა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია; ფინალში კი 204.4 ქულა დააგროვა და ბევრად ჩამოიტოვა მეორეზე გასული მასპინძელი მსროლელი, რომლის ფინალური მაჩვენებელი სულ რაღაც 167 ქულაა.

ბრინჯაოს მედალს სალუქვაძის ტირის წევრი ბლუაშვილი დაეუფლა, რომელიც ვერცხლისმედალოსანს 7 ქულით ჩამორჩა - 160 ფინალში და 347 - შესარჩევში.

მეოთხეზე ქუთაისელი კილაძე გავიდა, რომელმაც საკვალიფიკაციოში ბევრად გაუსწრო ბლუაშვილს - 374 ქულა დააგროვა, მაგრამ ფინალში მხოლოდ 151-ს მოუყარა თავი.

ვაჟებში ქადაგიძე საწყისი 17 გასროლის შემდეგ ლიდერობდა, მაგრამ მე-18-ედან იარაღმა უმტყუნა და საბოლოოდ ფინალში ნაჩვენები 171 ქულით მესამეზე გავიდა (შესარჩევში - 566). ფინალში მაიოროვიც შევიდა, რომელიც 113 ქულით მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული