ჩვენებურთაგან ყველაზე უკეთ პანასმა ისროლა, რომელიც ამ ტურნირისთვის მშობლიურ მოსკოვში ემზადებოდა. ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინალურ ექვსეულში გამსვლელ ადგილს 3 ქულით ჩამორჩა, ლიდერთა დუეტთან კი 5 ქულა წააგო.
მისი შედეგია 68 ქულა და მე-13 ადგილი,
კვიპროსში პანასმა პირველ სერიაში 25 გასროლიდან 23 სამიზნე დააზიანა. ასეთივე შედეგი ჰქონდა მეორეშიც; მესამეში კი ერთით ნაკლები - 22 ქულა დააგროვა, რამაც ჯამში 68 შეადგინა.
როგორც გითხარით, ჩვენებურს ეს შედეგი საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად არ ეყო; აი, დაწინაურებულ სექსტეტში კი საინტერესო ამბები მოხდა.
თუნდაც ის, რომ ორჯერ დამყარდა მსოფლიოს რეკორდი, რაც კვიპროსელმა ანდრი ელეფტერიოუმ და სლოვაკმა დანკა ბარტეკოვამ შეძლეს. პირველი სერია ორივემ 100%-იანი შედეგით დაასრულა - 25-ივე სამიზნე დააზიანეს.
მეორეში ორივეს უმტყუნა მიზანმა, მაგრამ უფრო მეტად სლოვაკს, რომელმაც ორი გასროლა ააცილა, მასპინძელმა - მხოლოდ ერთი.
ელეფტერიოუს შეეძლო, რეკორდის ერთპიროვნული ავტორი გამხდარიყო, თუ მესამეში უზუსტესად ისროდა და ყველა ცდას გამოიყენებდა.
სერიის შუაწელამდე მართლაც უდანაკარგოდ მიდიოდა და მხოლოდ მე-12 გასროლა გააფუჭა. თუმცა ერთპიროვნული რეკორდსმენობის შანსი მაინც რჩებოდა, სლოვაკს ერთხელაც თუ აუკანკალდებოდა ხელი. კვიპროსელისთვის სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ბარტეკოვამ ყველა სამიზნე დააზიანა.
საბოლოოდ ორივემ 73-73 ქულა დააგროვა, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია. ნიქოზიაში კიდევ ერთი ანალოგიური რეკორდი დამყარდა, ოღონდ ახალგაზრდებში, რომელიც ბრიტანელ ამბერ ჰილს ეკუთვნის - 71 ქულა. საინტერესოა, რომ ფინალში დარჩენილი სამეულის წევრებიც ასეთივე შედეგით შევიდნენ.
ბარტეკოვას, აი, სწორედ ფინალში უმტყუნა ნერვებმა. მოგეხსენებათ, შეჯიბრება ახალი წესებით ტარდება - ფინალში გასულები კიდევ ერთ საკვალიფიკაციო ეტაპს ატარებენ, რომლის შედეგებითაც ირკვევა ოქროსა და ბრინჯაოს მედლისთვის მებრძოლი წყვილები: ორი საუკეთესო ჩემპიონობისთვის აგრძელებს ბრძოლას, მესამე-მეოთხეზე გასულები ბრინჯაოსთვის შეერკინებიან ერთმანეთს, დარჩენილი ორი კი გავარდება.
ფინალის პირველ ნახევარში ბარტეკოვამ 16 გასროლიდან ორჯერ ააცილა მიზანს და 14 ქულა დააგროვა, ელეფტერიოუმ კი მხოლოდ ერთი ცდა ვერ გამოიყენა - 15 ქულა.
ასევე ერთხელ აუცდა ჩინელ დონლიან ჭანსაც და მთავარ ფინალში მასპინძელთან საბრძოლველად ის გავიდა. ბარტეკოვას კი ნუგეშად ბრინჯაო დარჩა, რომელსაც ასევე 14-ქულიანი იტალიელი დიანა ბაცოსი ეცილებოდა.
ბევრისთვის მოულოდნელად, აქ უფრო ზუსტი სწორედ იტალიელი აღმოჩნდა, მთავარი ფინალი კი დაძაბული გამოდგა და ფრედ დასრულდა - 13:13. დამატებითმა ცდამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინელთა "რკინის ნერვების" ამბავი - ჭანმა 7:6 მოიგო და ტურნირის ჩემპიონიც გახდა.
ვაჟთა ტურნირში ჩვენები ბევრად მოკრძალებულად გამოვიდნენ - დავით ქვათაძე 125-დან 108 ქულით 85 მონაწილეს შორის 74-ე ადგილზე გავიდა, გივი ქვათაძე 103-ით - 78-ეზე, ლაკია კი 101-ით მე-80-ე აღმოჩნდა.
ახალგაზრდებს შორის ლომიძემ 101 ქულა დააგროვა, რაც მე-15 შედეგია. ვაჟთა ტურნირი ქუვეითელმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა აბდულა ალ რაშიდიმ მოიგო, ვინც ფინალში შვედ ჰენრიკ იანსონს გადასროლაში 10:9 აჯობა; მესამეზე კი ესპანელი ხუან ხოსე არამბურუ გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ალ რაშიდი მსოფლიოს ჩემპიონი აწ გარდაცვლილი ცნობილი ქართველი მწვრთნელის - თემურ მატოიანის ხელმძღვანელობით გახდა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ არა მატოიანი და მისი მუშაობა ქუვეითის ნაკრებში, ეს მართლაც ტალანტი მსროლელი ამდენს ნამდვილად ვერ მიაღწევდა.
ეგ კი არა, იქნებ ერთხელაც ვერ მოეგო მსოფლიოს პირველობა, იმდენად ჭირვეული ზნის გახლდათ - არად დაგიდევდათ ნაკრების სამწვრთნელო შტაბს, მათ გეგმებს და ლამის ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, თუმცა ჩვენებურმა შეძლო მისი ნიჭის სავარჯიშო რეჟიმში მოქცევა, რაც იმ დიდი წარმატების წინაპირობა გახდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"