გაბალამ სანგარიც გაგვახსენა - აზერბაიჯანში რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა

AutoSharing Option
ხვალ, 7 აგვისტოს, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში მსოფლიოს თასის დასკვნითი, მეოთხე ეტაპი იწყება, რომელშიც ტყვიის მსროლელებთან ერთად მესტენდურებიც იასპარეზებენ.

ჩვენი გუნდები იქ შედარებით უფრო ბლომად იქნებიან წარმოდგენილნი, თუმცა სერიოზული სიახლეა მესტენდურთა გუნდში, სადაც ისევ გამოჩნდა სასანგრე სტენდზე მსროლელი.

ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძე, ლევან ქადაგიძე, ცოტნე მაჭავარიანი, ლიზი კილაძე, ვლადიმერ მაიოროვი და ლევან ბოჭორიშვილი გამოვლენ.

სასტენდო სროლაში მრგვალ სტენდზე ქალებში ისევ მხოლოდ ნატალია პანასი გვეყოლება, ვაჟებში კი სოლიდური გუნდი იასპარეზებს: დავით და გივი ქვათაძეები, თენგიზ იმნაიშვილი, მამუკა ზარაფიშვილი და ვლადიმერ ნარჩემაშვილი.

სასანგრე
სტენდზე მხოლოდ ერთი მონაწილე გვეყოლება - კახაბერ სიხარულიძე.

ტურნირში თავდაპირველად მესტენდურები ჩაებმებიან - 7 აგვისტოს მათი ოფიციალური ვარჯიშია, 8-ში კი ქალები მრგვალ სტენდზე იასპარეზებენ და მედლებსაც გაითამაშებენ, ვაჟები კი საკვალიფიკაციო ეტაპის მხოლოდ პირველ ნახევარს ჩაატარებენ, ხოლო შეჯიბრებას მეორე დღეს დაასრულებენ.

10 აგვისტოს ტურნირში უკვე სპორტული პისტოლეტიდან მსროლელები ჩაებმებიან, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპის მხოლოდ პირველ ნახევარს ჩაატარებენ, რომელიც 11-ში დასრულდება და იმავე დღეს გაიმართება ფინალური ეტაპიც.

12-ში ჩვენგან არავინ იასპარეზებს, 13-ში კი სტარტზე პნევმატური პისტოლეტიდან მსროლელი ვაჟები გავლენ, რომლებიც საღამოს მედლებსაც გაითამაშებენ. ქალები იმავე დისტანციაზე 14-ში გაეჯიბრებიან ერთმანეთს, შეჯიბრების ბოლო დღეს - 15 აგვისტოს ჩვენგან მხოლოდ სასანგრე სტენდზე მსროლელი სიხარულიძე გამოვა.

გაბალაში რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა, თუმცა ჩვენ იმდენად დიდი საფიქრალი უკვე აღარ გვაქვს, რადგან ნინო სალუქვაძემ ივლისში ევროპის ჩემპიონატზე ის უკვე მოიპოვა.

თუმცა არაა გამორიცხული, რომელიმე ჩვენიანმა კიდევ გაინაღდოს საგზური. ამის იმედი ყველაზე მეტად 15 წლის კილაძისგან გვაქვს, რომელიც, ასაკის მიუხედავად, უფროსთა სადარ შედეგებს აჩვენებს - პნევმატურში მისი პირადი რეკორდი 384 ქულაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული