ლენს არმსტრონგის საქმე ცუდადაა

AutoSharing Option
ამერიკის ანტისადოპინგო სააგენტომ ლეგენდარული ველომრბოლელის - ლენს არმსტრონგის საქმესთან დაკავშირებით დაწვრილებითი ანგარიში გააგზავნა ველომრბოლელთა საერთაშორისო კავშირსა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოში.

ანგარიში დაახლოებით ათასგვერდიანია. მასში მოყვანილია 26 მოწმის ჩვენება, რომელთა შორის 15 ველომრბოლელია.

აქედან 11 მრბოლელი ადრე არმსტრონგთან ერთად ერთ გუნდში გამოდიოდა. ესენი არიან: ფრენკ ანდრო, მაიკლ ბერი, ტომ დანიელსონი, ტაილერ ჰემილტონი, ჯორჯ ჰინკეპი, ფლოიდ ლენდისი, ლევი ლაიპჰაიმერი, სტივენ სვორტი, კრისტიან ვანდე ველდე, ჯონათან უოტერსი და დევიდ ზაბრისკი.

"აქ მოყვანილი მტკიცებულებები ადასტურებს იმას, რომ გუნდ US Postal-ში მუშაობდა ყველაზე დახვეწილი, პროფესიულად
ორგანიზებული და წარმატებული დოპინგ-პროგრამა, რაც კი ოდესმე ახსოვს სპორტის ისტორიას.

ამაზე მეტყველებს ოფიციალური დოკუმენტები, მათ შორის, ქვითრები, ელექტრონული წერილები, სამეცნიერო მონაცემები და დოპინგ-ტესტების შედეგები.

ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ ლენს არმსტრონგი აკრძალულ პრეპარატებს იღებდა. ასევე, ნათელი მოეფინა US Postal-ის მოღვაწეობას. არადა, ამ გუნდმა ამერიკის ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი დოლარი მიიღო", - ამბობს ამერიკის ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ტრევის ტიგარტი.

US Postal-ის მენეჯერი იოჰან ბრიუნელი, მწვრთნელი ხოსე მარტი და ექიმი პედრო სელაია არ ეთანხმებიან ანტისადოპინგო სააგენტოს ბრალდებებს და სასამართლო გარჩევის შედეგებს ელოდებიან. ამასთან, ექიმმა ლუის გარსია დელ მორალმა და ექიმმა-კონსულტანტმა მიკელე ფერარიმ არ გააპროტესტეს აღნიშნული ბრალდებები.

აღსანიშნავია, რომ ველომრბოლელთა საერთაშორისო კავშირსა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს შეუძლიათ არ დაეთანხმონ ამერიკის ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას და აპელაცია შეიტანონ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ანტისადოპინგო სააგენტომ ამა წლის აგვისტოში სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა არმსტრონგს და მას ტურ დე ფრანსზე მოპოვებული შვიდივე ტიტული ჩამოართვა.

* * *
ჩინეთის ტურზე გაიმართა მეორე ეტაპი, რომლის სიგრძე 126 კილომეტრი იყო. დისტანციის დიდი ნაწილი სწორ მონაკვეთზე გადიოდა, თუმცა ფინიშთან ახლოს, ველომრბოლელებს ერთი მთა ელოდათ და სწორედ აქ გადაწყდა რბოლის ბედი.

ჩინეთის ტურის შარშანდელმა ჩემპიონმა, გერმანელმა ტონი მარტინმა ფინიშამდე 25 კილომეტრით ადრე ლიდერთა ჯგუფიდან გაქცევა მოახერხა და მარტომ გადაკვეთა ფინიშის ხაზი. მან მეორე-მესამე ადგილზე გასულ იტალიელებს - ფრანჩესკო გავაცისა და ეროს კაპეკის 46 წამი მოუგო.

ორი ეტაპის შემდეგ გენერალურ კლასიფიკაციას სწორედ ეს ველომრბოლელები უდგანან სათავეში: პირველია მარტინი, შემდეგ 50-წამიანი ჩამორჩენით მოდის გავაცი და 52-წამიანი ჩამორჩენა აქვს კაპეკის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული