ბოლო წლებში დოპინგ-სკანდალებით გაწამებულ იტალიურ ველოსპორტში ვარსკვლავების სერიოზული დეფიციტი შეიმჩნეოდა. ბევრმა იქაურმა ვარსკვლავმა 30 წელს გადააბიჯა, იმედისმომცემ ახალგაზრდობას კი ორი-სამი წელი სჭირდება ელიტურ დონეზე გასასვლელად. ამიტომაც ვინჩენცო ნიბალის მარტო მოუწია წლევანდელ ჯიროზე ქვეყნის პრესტიჟის დაცვა.
ეს ველომრბოლელი წლიდან წლამდე პროგრესირებდა და ივან ბასოს "დამხმარედან" პროფესიული ტურის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ლიდერად გადაიქცა. 2010 წელს სიცილიელმა მესამე ადგილი დაიკავა ჯირო დ’იტალიაზე, შემოდგომაზე კი ესპანურ ვუელტაზე მოიპოვა გამარჯვება.
ერთი წლის
თითქოს ნიბალის 2013 წლისთვის გარანტირებული ჰქონდა იტალიურ "ლიკვიგასში" ლიდერის სტატუსი, მაგრამ მან გარისკა და "ასტანაში" გადავიდა. ყაზახურ გუნდში მას გადაყვნენ ერთგული დამხმარეები - ვალერიო ანიოლი და ალესანდრო ვანოტი. ამ დუეტს დაემატა გამოცდილი სამთო პილოტი პაოლო ტირალონგო.
ჯირომდე ნიბალიმ ორ მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. მან ჯერ მოიგო ტირენო-ადრიატიკო, შემდეგ კი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ტრიუმფი ჰქონდა "ჯირო დელ ტრენტინოზე", სადაც ბოლო სამთო ეტაპზე ნიბალიმ თამამად შეუტია უიგინსს და შეძლო მისი უკან ჩამოტოვება.
ამ ორმა გამარჯვებამ ნიბალის დამატებითი ძალები შესძინა და ჯირო დ’იტალიაზე ის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად განიხილებოდა. კონტადორის, ფრუმისა და ხოაკიმ როდრიგესის გარდა, წლევანდელ ჯიროზე ყველა უძლიერესი ჩავიდა. ამიტომაც პირველივე ეტაპიდან გაჩაღდა უდიდესი კონკურენცია. ასეთ სიტუაციაში, ბევრი რამ იყო დამოკიდებული გუნდის მუშაობაზე.
"ასტანამ", რომელსაც ახალი სეზონიდან სათავეში ჩაუდგა ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრ ვინოკუროვი, გუნდურ რბოლაში მხოლოდ "თიმ სქაისთან" წააგო, თანაც ძალიან ცოტა. შემდეგაც, მნიშვნელოვან სამთო ეტაპებზე, ნიბალი მარტო არასოდეს რჩებოდა და არც ერთი კრიტიკული დღე არ ჰქონია. გარდა ამისა, მისი გუნდის წევრები კარგად აკონტროლებდნენ მეტოქეთა ნებისმიერ გაქცევას.
ბოლო ორ მთავარ ეტაპზე კი თავად კაპიტანს უნდა ეთქვა მთავარი სიტყვა. თავიდან ნიბალიმ მაღალი კლასი აჩვენა დროზე განცალკევებით რბოლაში, რომელიც სამთო ეტაპი იყო - აქ მან წვიმიან ამინდში შანსი არ დაუტოვა კონკურენტებს. ბოლოს კი იყო ტრე ჩიმე დი ლავარედოს დაპყრობა.
ბოლო აღმართს მრბოლელები საშინელი თოვლისა და უარყოფითი ტემპერატურის პირობებში იპყრობდნენ. ტრასა მოყინული იყო, მაგრამ ნიბალი რისკს არ მოერიდა და მართალია, არაფერში სჭირდებოდა, მაგრამ მაინც პირველი ადგილი დაიკავა რბოლაში.
ბოლო წლებში ასე დამაჯერებლად და ულაპარაკოდ ჯიროს მხოლოდ აღიარებული ოსტატები - ივან ბასო და ალბერტო კონტადორი იგებდნენ, თუმცა ამ უკანასკნელს ეს გამარჯვება ჩამოართვეს. ახლა კი ნიბალის ჯერი მოვიდა. ძლიერი გუნდი და იტალიელის ახალგაზრდა ასაკი იმაზე მიუთითებს, რომ ნიბალის კარიერაში ეს არ არის ბოლო დიდი პრიზი და სიცილიელი კიდევ არაერთ მწვერვალს დაიპყრობს.
საერთო ჩათვლა
1. ვინჩენცო ნიბალი (იტა, Astana) - 84:53.28; 2. რიგობერტო ურანი (კოლ, Sky) - +4.43; 3. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC Racing) - +5.52; 4. მიკელე სკარპონი (იტა, Lampre) - +6.48; 5. კარლოს ალბერტო ბეტანკურ გომესი (კოლ, Ag2R) - +7.28; 6. პრჟემისლავ ნემეცი (პოლ, Lampre) - +7.43...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჯირო დ'იტალია: ლიდერი უცვლელია