2012 წლის თებერვალში, ლოზანაში სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ულრიხი დამნაშავედ სცნო აკრძალული პრეპარატის მიღებაში და 2005 წლის პირველი მაისიდან მოყოლებული, გააუქმა მისი ყველა შედეგი, მათ შორის, მესამე ადგილი 2005 წლის ტურ დე ფრანსზე.
2006 წელს, ფრანგული ველომარათონის წინ, დოქტორ ფუენტესის მადრიდულ კლინიკაში პოლიციამ აღმოაჩინა აკრძალული პრეპარატი, გაყინული სისხლის პაკეტები, მათი გადასხმის აპარატები, აგრეთვე სპორტსმენთა გვარების სია, რომლებიც, სავარაუდოდ, ექიმის კლიენტები იყვნენ.
"დიახ, მე ვიყავი ფუენტესის კლიენტი. მეორე მხრივ, მაშინ პრაქტიკულად ყველა იღებდა დოპინგს და მე არ ჩამიდენია რაღაც ისეთი, რაც სხვა არ გაუკეთებია. არ მიმაჩნია ჩემი თავი მატყუარად, რადგან აკრძალული პრეპარატის გამოყენებით არანაირი უპირატესობა არ მიმიღია. დოპინგის მიღება იმის გამო დავიწყე, რომ მინდოდა სხვებთან ერთად გამარჯვების თანაბარი შანსი მქონოდა", - განაცხადა ულრიხმა.
დოქტორ ფუენტესის საქმე, რომელსაც ესპანეთში "ოპერაცია პუერტო" უწოდეს, მიმდინარე წლის აპრილში დასრულდა. ფუენტესი დამნაშავედ სცნეს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაში და ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამასთან, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული ყველა ნივთმტკიცება, მათ შორის, სისხლის პაკეტები გაანადგურეს, არადა, მათი მიღებისა და საქმის გაგრძელების იმედი ჰქონდა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სკანდალი: ახალი ბრალდებები ლენს არმსტრონგს