ბრიფინგი სეოკ-ში - არჩევნების შედეგები კანონიერია!

AutoSharing Option
29 ივნისს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საგანგებო ბრიფინგი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულებულ სასამართლო დავას მიეძღვნა.

შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს, დასკვნით სხდომაზე, მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის თანახმადაც არ დაკმაყოფილდა სეოკ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელი. შესაბამისად, 2016 წლის 23 დეკემბრის სესიაზე სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები კანონიერად ცნო.

ბრიფინგზე შეკრებილთ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს და ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და სეოკ-ის ადვოკატებმა.

ლერი ხაბელოვმა ხაზი გაუსვა მოსარჩელის პრეტენზიების აბსურდულობას და კმაყოფილება გამოთქვა მოსამართლის
მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ლოგიკური და სამართლიანი იყო:

"მოსარჩელემ ისეთ საკითხებზე წამოიწყო დავა, სასაცილოდაც არ ჰყოფნის ჩვენს საზოგადოებას. მისი ბრალდებები უპრეცედენტო და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ოლიმპიურ კომიტეტში არჩევნები ყოველთვის გამჭვირვალედ ტარდებოდა და ამჯერადაც ასე იყო - ოლიმპიური ქარტიის და წესდების სრული დაცვით.

ოპონენტი ვერ შეეგუა წაგებას და მიიჩნია, რომ გასაჩივრება იყო საუკეთესო გზა. არა მარტო აქ გვიჩივლა, არამედ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტშიც. ჩვენ მოგვივიდა იქიდან წერილი - გვითხრეს, ამ არასერიოზულ თემებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, თქვენთან არანაირი კითხვა არ გვაქვსო. თავად საჩივრის ავტორი კი პასუხის ღირსადაც არ ჩათვალეს", - განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა.

ირაკლი ყანდაშვილი, სეოკ-ის ადვოკატი:
"თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა რეზონანსული საქმე, სასარჩელო წარმოებით სადავოდ იყო გამხდარი 2016 წლის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის შედეგები სეოკ-ის პრეზიდენტთან დაკავშირებით.

2017 წლის 26 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად დაასრულა მოსმენა და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელი. ეს იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის საკითხი მოხსნილია დღის წესრიგიდან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული