ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ ჩვენთვის ერთ-ერთმა უპირველესად სტრატეგიულმა ნაკრებმა - ძიუდომ ლამის დაასრულა გამოსვლა, მაგრამ კვლავაც უმედლოდ ასპარეზობს.
9 ივლისს სტარტზე ჩვენი ორი ძიუდოისტი გავიდა - ვანო თოთლაძე (66) და ფრიდონ გიგანი (73). სამწუხაროდ, ორივე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და ვერც სანუგეშოში გადავიდა. საინტერესოა, რომ ორივემ მონღოლთან წააგო.
განსაკუთრებით თოთლაძე დაიჩაგრა, რომელმაც ერთ წუთსაც ვერ გაუძლო ალტანსუკ დოვდონის შეტევებს
მისგან განსხვავებით, სუხიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტ გიგანს მთლად ასე თეთრი დროშები არ გამოუფენია დულგუუნ დავაასურენთან.
პირიქით, ვაზარისაც უგებდა, მაგრამ ბოლოს სულ რაღაც ნახევარი წუთი ამხელა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და დამარცხდა.
ეს უაღრესად დრამატული ბრძოლა მეტოქეებმა ფრთხილად დაიწყეს და პირველი წუთის მიწურულს მსაჯმა ორივე გააფრთხილა.
გიგანმა მალევე, ერთ წუთში მოიპოვა ვაზარი და ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ზრუნვა, რაც ერთხანს კარგადაც გამოსდიოდა - მსაჯმა მესამე წუთის მიწურულს კვლავ წყვილად გააფრთხილა ორივე, თუმცა დაახლოებით ერთ წუთში ჩვენებური მესამედ დასაჯა.
შეხვედრიდან მოხსნის საფრთხის წინაშე მდგარმა გიგანმა ტემპს უმატა და დავაასურენი მესამედ გააფრთხილებინა, რითაც ამ კომპონენტში ანგარიში გათანაბრდა - 3:3 გახდა, თუმცა გიგანი ვაზარით იგებდა, შეხვედრის დასრულებამდე კი სულ რაღაც 57 წამი რჩებოდა.
სამწუხაროდ, ამ კრიტიკულ მომენტში უფრო მობილიზებული მონღოლი აღმოჩნდა, რომელსაც ტემპის მომატების და გააქტიურების გარდა, სხვა გზა არ რჩებოდა.
საშიშროებამ სრულადაც გამოაფხიზლა და მშვენივრადაც გაისარჯა - 4.31 წუთზე ჯერ ვაზარით ანგარიში გაათანაბრა, 15 წამში იუკო მიითვალა, კიდევ 10 წამში კი, როცა სასტვენამდე 5 წამი რჩებოდა, მეორე ვაზარი მოიპოვა და წმინდად მოიგო...
10 ივლისი ძიუდოისტთა ტურნირში შეჯიბრების ბოლო დღეა. ბიჭებში 60 კილოგრამის, ქალებში კი 48-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ. ჩვენგან მხოლოდ პაატა მერებაშვილი იასპარეზებს, რადგან ქალებში მონაწილე საერთოდ არ გვყავს.
ქამრიანი ჭიდაობა
დაიწყო შეჯიბრებები ქამრიან ჭიდაობაში, ოღონდ ამჯერად - კლასიკურ სტილში, თუმცა სახეობას ჩვენებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს - "თავისუფალის" არ იყოს, აქაც პირველივე წრიდან გამოვარდნენ.
პირიქით - "თავისუფალში" პირველი წრე ერთმა მაინც გადალახა... ისიც ძალზე უცნაურია, რომ 9 ივლისს ოთხივე ქართველი ერთნაირი ანგარიშით - 0:4 დამარცხდა.
მაშ ასე, იაკობ გაზდელიანი (70) ტაჯიკ აზიზბეკ ქარობეკოვთან დამარცხდა, გიორგი დათუნაშვილი (80) - უზბეკ ზაილობიდდინ არტიკოვთან, გიორგი კობერიძე (100) - ებრაელ პეტერ პალჩიკთან, რუდოლფ ოგანეზოვმა (90) კი ბელორუს პაველ პრადუხასთან წააგო.
კრივი
უნივერსიადაზე საქართველოდან ორი მოკრივე გამოდიოდა - ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი ჯაბა ხოსიტაშვილი (75 კგ) და ვენეტიკ ერანოსიანი (60). ჯაბამ ზედიზედ ორი ორთაბრძოლა მოიგო, მაგრამ მეოთხედფინალში ყაზახ ნურდაულეტ ჟარმანოვთან 1:2 დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა. მისი ბედი გაიზიარა ერანოსიანმაც - ჩვენებურს კორეელმა სანგმინ ლიიმ მოუგო.
წყალბურთი
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებმა A ჯგუფში მესამე ორთაბრძოლა დათმო - ამჯერად კანადის ნაკრებთან. პირველი პერიოდი ჩვენებმა 1:3 წააგეს და სწორედ ეს გახდა საბოლოოდ გადამწყვეტი. მეორე რვაწუთიანი მონაკვეთიც კანადელების იყო - 4:3.
შესვენების შემდეგ ქართველი წყალბურთელები გამოფხიზლდნენ და მეტოქეს ორივე რვაწუთიანი მონაკვეთი მოუგეს (4:3, 1:0) თითო ბურთის სხვაობით, თუმცა პირველი პერიოდის დანაკლისი ვერ აინაზღაურეს.
მატჩი 9:10 წააგეს, რითაც მე-2 ეტაპზე გასვლის შანსი, ფაქტობრივად, დაკარგეს. ამავე ჯგუფში დანარჩენი შესარჩევი შეხვედრები ასე დასრულდა: უნგრეთი - ავსტრალია 16:9, რუსეთი - იაპონია 13:11. B ჯგუფი. ბელგია - ჩერნოგორია 5:24, იტალია - ბრაზილია 11:10, სერბეთი - აშშ 9:5.
3 ტურის შემდეგ
A ჯგუფი თ მ ფ წ ბ ქ
რუსეთი 3 3 0 0 45:23 6
უნგრეთი 3 2 0 1 44:21 4
იაპონია 3 2 0 1 46:28 4
ავსტრალია 3 1 0 2 31:29 2
კანადა 3 1 0 2 22:57 2
საქართველო 3 0 0 3 15:45 0
B ჯგუფი. იტალია - 6 (47:18), სერბეთი - 4 (25:18), ბრაზილია - 3 (37:22), აშშ - 3 (22:25), ჩერნოგორია - 2 (37:23), ბელგია - 0 (9:71).
წყალბურთელები 9 ივლისს ისვენებდნენ. საქართველოს ნაკრები 10 ივლისს იაპონიას, 12-ში კი რუსეთს დაუპირისპირდება.
ჭადრაკი
9 ივლისს პაექრობაში მოჭადრაკეები ჩაებნენ. თითოეულ ნაკრებს 8-8 მონაწილის გამოყვანის უფლება აქვს. გუნდურ ჩათვლაში კი სამი საუკეთესო შედეგი შევა. ჩვენი ქვეყანა 5 მოჭადრაკითაა წარდგენილი.
გაუწყებთ პირველი ტურის შედეგებს: ბადრახ გალმანდახი (მონღოლეთი) - გიორგი მარგველაშვილი 0.5:0.5 გაიოზ ნიგალიძე - ჩაურულა ჰაიბაიევი (თურქმენეთი) 1:0, ოლგა გირია (რუსეთი) - სალომე სირაძე 0:1, მარია ანუშკა (რუმინეთი) - სოფიკო გურამიშვილი 0:1, მარია ჰეინაზი (ავსტრია) - მერი არაბიძე 0:1.
10 ივლისს ორი ტურის პარტიები გაიმართება.
* * *
ყაზანში 162 ქვეყნის 11 ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობს. ხუთდღიანი პაექრობების შემდეგ მედლების 77 კომპლექტი გათამაშდა. ჯილდოები 44 ქვეყნის წარმომადგენლებმა გაინაწილეს - მედლებით პირველ-მესამე ადგილებს რუსეთი - 60 (32 ოქრო, 10 ვერცხლი, 18 ბრინჯაო), კორეა - 8 (6, 1, 1) და იაპონია - 21 (5, 8, 8) იყოფენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"