მსოფლიოს უნივერსიადა: ქართველი წყალბურთელები მე-9 ადგილისთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
წყალბურთი
ყაზანში წყალბურთელთა ჯგუფური ტურნირის დასრულების შემდეგ რვა საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალებში ჩაება, ოთხმა აუტსაიდერმა კი მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის განაგრძო პაექრობა. საქართველოს ნაკრებმა შაბათს პირველი გამარჯვება იზეიმა - სანუგეშო ჯგუფში ბელგიას სძლია 7:5, იქვე ჩერნოგორიამ კანადას სძლია 9:3.

მეოთხედფინალური პაექრობები ასე დასრულდა: სერბეთი - იაპონია 15:7, უნგრეთი - აშშ 12:7, რუსეთი - ბრაზილია 14:5, იტალია - ავსტრალია 8:5.

15 ივლისს მე-9 ადგილისთვის საქართველო ჩერნოგორიას დაუპირისპირდება.

ჭადრაკი

ერთდღიანი შესვენების შემდეგ, 14 ივლისს მსოფლიოს უნივერსიადაზე მოჭადრაკეებმა ორი ტურის პარტიები გაითამაშეს.

გაუწყებთ ჩვენებურთა შედეგებს: მე-7
ტურში სოფიკო გურამიშვილმა რუმინეთის ქალთა ნაკრების წევრი ირინა ბულმაგა დაამარცხა. გიორგი მარგველაშვილი-ბასემ ამინი (ეგვიპტე) 0.5:0.5, ჯენი ჩირივი (კოლუმბია)-მერი არაბიძე 0:1, მანუელა მარედი (გერმანია)-სალომე სირაძე 1:0; გაიოზ ნიგალიძე-ტომს კანტანსი (ლატვია) 1:0.

მე-8 ტური. სოფიკო გურამიშვილი-ჟაო სიუე (ჩინეთი) 0:1, სოუ უესლი (ფილიპინები)-გიორგი მარგველაშვილი 1:0, მერი არაბიძე-ანასტასია სავინა (რუსეთი) 0.5:0.5, გაიოზ ნიგალიძე-იაჩეკ ტომჩაკი (პოლონეთი) 0:1, სალომე სირაძე-ვო თი კიმ ჰუნგი (ვიეტნამი) 0:1.

რვა ტურის შემდეგ ვაჟებში 6-6 ქულით ევგენი ალექსეევი, მაქსიმ მატლაკოვი (ორივე - რუსეთი), ზავენ ანდრიასიანი (სომხეთი), მა ძუნი, ლი ჩაო (ორივე - ჩინეთი) სოუ უესლი (ფილიპინები) მეწინავეობენ.

მარგველაშვილს - 5, ნიგალიძეს - 4.5 ქულა აქვს. ქალებში 7 ქულით ჟაო სიუე ლიდერობს. მას თანამემამულე ცზიუ ვენძიუნი ნახევარი ქულით ჩამორჩება.

6-6 ქულით თან ჟონი (ჩინეთი) და თუვშინთუგს ბათჩიმეგი (მონღოლეთი) მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. 10 მოჭადრაკე, მათ შორის - გურამიშვილი და არაბიძე, 5.5-5.5-ქულიანია. სირაძემ 3.5 ქულას მოუყარა თავი.

15 ივლისს ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართება.

ვაჟა დანელია


სამბო
მსოფლიოს უნივერსიადა დასასრულს უახლოვდება - დარჩა სულ სამი დღე, ჩვენი სტუდენტები კი კვლავაც უმედლოდ რჩებიან. სხვებს წარუმატებლობაში ფეხი სამბისტებმაც აუწყვეს და კვარცხლბეკს ვერც იმათ მიაღწიეს.

მათი საუკეთესო შედეგიც მეხუთე ადგილია, როგორც ძიუდოისტებისა და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისა. მათგან ბრინჯაოს მედლისთვის გივი ნადარეიშვილმა (52) იასპარეზა, რომელიც პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ბელორუს მარეკ არაქელიანს 2:1 მოუგო.

სამწუხაროდ, მომდევნო შეხვედრაში ჩვენებური სომეხ ტიგრან კირაკოსიანთან 0:4 დამარცხდა, რომელიც უკვე ისტორიული სამშობლოს ღირსებას იცავდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ჩვენებურმა რუს ვასილ კარაულოვთან დათმო, სავარაუდოდ, ტრავმის გამო, რადგან ოფიციალურ ოქმში ანგარიში არ წერია.

ჩვენი სამბისტებიდან ერთი შეხვედრა გიორგი კობაიძემაც (90) მოიგო - ყაზახ ნიშანბაი კუდაიბერგენოვთან 4:3 იმარჯვა, მაგრამ მომდევნო პაექრობა იაპონელ შიგეიუკი უეჰარასთან 1:10 დათმო. პირველივე ბრძოლა წააგო იაკობ გაზდელიანმა (68) მონღოლ ბელჯინიამ ბარსურენთან, თუმცა კი შეხვედრა 1:1 დასრულდა.

სასტენდო სროლა
წარუმატებლად გამოვიდა ამ სახეობაში ჩვენი ერთადერთი მონაწილე ნატალია პანასი, რომელიც მრგვალ სტენდზე ისვრის. მან შესარჩევ ეტაპზე 61 ქულა დააგროვა, რაც მე-12 შედეგი აღმოჩნდა და ნახევარფინალში ვერ მოხვდა.

ირაკლი თავაძე


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული