ვინ არის ტომას ბახი?

AutoSharing Option
როგორც ვწერდით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალი პრეზიდენტი გახდა გერმანელი ტომას ბახი. მან ამ პოსტზე ბელგიელი ჟაკ როგე შეცვალა. არჩევნები ბუენოს აირესში, სოკ-ის 125-ე სესიაზე გაიმართა.

ბახმა უკვე არჩევნების მეორე ტურში მიიღო ხმების უმრავლესობა და რვა წლით ჩაუდგა სათავეში საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. შესაბამისად, მას ექნება სოჭის, რიო-დე-ჟანეიროს, პიონჩანგისა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის პატივი.

59 წლის ბახი უკვე 20 წელია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში მუშაობს და ვიცე-პრეზიდენტის პოსტამდე მიაღწია. პარალელურად, ის გერმანიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელია. ცნობილია, რომ დიადი კომპოზიტორის თანამოგვარე დოპინგის
წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მებრძოლია.

"ჩვენ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დავაწესოთ მათ მიმართ, ვინც აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში იქნება მხილებული. - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ბახი. – არასატურნირო პერიოდში ტესტირების მეთოდები მიმართული უნდა იყოს ამა თუ იმ სახეობის დოპინგის გამოვლენისკენ. ეს დიდ მეცნიერულ და კვლევით სამუშაოს მოითხოვს და ამისთვის საჭიროა მჭიდრო კავშირი სპორტულ მოძრაობასა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის.

მაგრამ საკმარისი არ არის მხოლოდ დასჯის ხერხებისა და კვლევის ახალი მეთოდების ტესტირებებზე მუშაობა. ჩვენ ასევე გვჭირდება პრევენციული პროგრამა, რომელიც, პირველ რიგში, გავრცელდება ახალგაზრდა სპორტსმენებზე და არა მხოლოდ მოქმედ ლიდერებზე".


დოპინგ-კონტროლის გამკაცრების გარდა, ბახმა მეტად საინტერესო იდეა წამოაყენა ოლიმპიური თამაშების დედაქალაქის არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით. ამ იდეის მიხედვით, არ არის აუცილებელი, კანდიდატმა ქალაქმა მთელი თავისი განაცხადი არჩევნების წინ წარმოადგინოს. იმ შვიდი წლის განმავლობაში, რომელიც გაივლის არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან გახსნის ცერემონიამდე, ორგანიზატორებმა შეიძლება თავისუფლად მოახდინონ კორექტირება და თავიანთ სამუშაოში ახალი აქცენტები გამოკვეთონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სოკ-ის პრეზიდენტად ჟაკ როგეს ნაცვლად ტომას ბახი აირჩიეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული