ქართველები არ ვართ პირველები - ოლიმპიადებზე ბოიკოტები ყოველთვის იყო

AutoSharing Option
ოლიმპიური მოძრაობა და პოლიტიკური პროტესტი - ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენებია. ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების ან თამაშების მიმდინარეობის დროს საჯარო პოლიტიკური პროტესტის გამოხატვა აუცილებლად იპყრობს მსოფლიოს საზოგადოების ყურადღებას და ცვლის პოლიტიკურ დღის წესრიგს.

ბარონ პიერ დე კუბერტენის მიერ შედგენილი თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ქარტიის ძირითადი პრინციპია - სპორტისა და პოლიტიკის გამიჯვნა.

ოლიმპიური ქარტიის მიხედვით, "ყველა ქვეყნის სპორტსმენს აერთიანებს პატიოსანი და თანაბარუფლებიანი თამაშები. ქვეყნებისა და ცალკეული პირების მიმართ არ დაიშვება არანაირი დისკრიმინაცია რასობრივი, რელიგიური ან პოლიტიკური მოტივებით".

ამავდროულად, თავად დე კუბერტენი არ უარყოფდა, რომ ოლიმპიური
თამაშები მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო მიზნებით (ეროვნული ეგოიზმის გადალახვა, მშვიდობისთვის ბრძოლა, საერთაშორისო ურთიერთგაგება) არ ააღორძინა. ბარონს ეროვნული პოლიტიკური მოტივებიც ამოძრავებდა. მისი აზრით, სწორედ ფრანგი ჯარისკაცების სუსტი ფიზიკური მდგომარეობა გახდა ფრანკო-პრუსიულ ომში (1870-71) საფრანგეთის დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი. დე კუბერტენის ჩანაფიქრით, ეს სიტუაცია უნდა შეცვლილიყო ფრანგების ფიზიკური კულტურის გაუმჯობესების გზით.

ოლიმპიადის დროს პოლიტიკური პროტესტი ერთ-ერთი გზაა თამაშების ორგანიზატორებზე სერიოზული მორალური ზეწოლისთვის. ეს არის ერთ-ერთი ხერხი პროტესტის ინიციატორებისთვის თავიანთი პრობლემები მიიტანონ საზოგადოებამდე. ასეთი ჟესტი მოწოდებულია საერთაშორისო დისკუსიის გააქტიურობისკენ, მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის გაღვივებისკენ და მისი დახმარებით ხელისუფლებაზე ზემოქმედებისკენ.

ზაფხულის VII თამაშები
(1920 წელი, ანტვერპენი)
სწორედ ეს ოლიმპიადა უნდა ჩაითვალოს პირველ მაგალითად, თუ როგორ შეიძლება სპორტული მოვლენის პოლიტიკურად შეფერადება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ანტვერპენის თამაშებზე არ მიიწვიეს გერმანია და მისი მოკავშირეები პირველ მსოფლიო ომში. ეს იყო სასჯელი საომარი მოქმედების გაჩაღებისთვის.

გარდა ამისა, თამაშების ორგანიზატორებმა დემონსტრაციულად არ შეიმჩნიეს საბჭოთა რუსეთის არსებობა და 30-იანი წლების შუა რიცხვებამდე, ოლიმპიური კომიტეტი რუსეთის წარმომადგენლად მეფის რეჟიმის ემიგრანტებს, კერძოდ კი თავად ლევ ურუსოვს მიიჩნევდა.

ზაფხულის VIII თამაშები
(1924 წელი, პარიზი)
ოთხი წლის წინანდელი დემარშის გამო, საბჭოთა მთავრობამ პასუხად უარი თქვა პარიზის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. ოფიციალური უარის მიზეზი იყო შემდეგი: საბჭოთა მხარეს ოლიმპიადაზე მიწვევა გადასცა საფრანგეთის მუშათა სპორტულ-სატანვარჯიშო კავშირმა.

სსრკ-მ მიუღებლად მიიჩნია შუამავლის მეშვეობით საორგანიზაციო კომიტეტთან ურთიერთობა. შედეგად, საბჭოთა სპორტსმენები პირველად ზაფხულის თამაშებზე მხოლოდ 1952 წელს, ჰელსინკიში გამოჩდნენ.

ზაფხულის XVI თამაშები
(1956 წელი, მელბურნი)
ეს იყო კიდევ ერთი წმინდა წყლის პოლიტიკური ბოიკოტი, თანაც არა ერთი, არამედ სამი. ეგვიპტემ, რომელსაც მხარი დაუჭირეს ერაყმა, ლიბანმა და კამბოჯამ, თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა იმ აგრესიის გამო, რომელიც მას თავს დაატყდა სუეცის კრიზისის დროს.

ჰოლანდიამ, ესპანეთმა და შვეიცარიამ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადეს საბჭოთა კავშირის ჯარების უნგრეთში შეჭრის გამო. თავად უნგრეთის ნაკრებმა კი უარი თქვა ოლიმპიადაზე ოფიციალური დროშით გამოსვლაზე - ამის ნაცვლად, სპორტსმენებს მიჰქონდათ 1918 წლის უნგრული დროშა. თამაშების შემდეგ, უნგრელი სპორტსმენების ჯგუფმა უარი განაცხადა სამშობლოში დაბრუნებაზე.

დაბოლოს, ჩინეთმა თამაშების გახსნამდე ორი კვირით ადრე გამოაცხადა თავისი ბოიკოტის შესახებ. ამის მიზეზი იყო ოლიმპიადაზე არაღიარებული ტაივანის მიწვევა, რომელიც "ფორმოზას" სახელით გამოდიოდა.

ზაფხულის XXI თამაშები
(1976 წელი, მონრეალი)
მონრეალის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა აფრიკის ერთბაშად ექვსმა ქვეყანამ. ინიციატორებად გამოვიდნენ კონგოს რესპუბლიკა და ტანზანია, მიზეზი კი გახდა სარაგბო შეხვედრა ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკას შორის.

ეს უკანასკნელი, აპარტეიდის რეჟიმის გამო, საერთაშორისო სანქციის ქვეშ იყო და მას ბოიკოტი ჰქონდა მიღებული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან (ეს ქვეყანა ოლიმპიურ ოჯახში ხელმეორედ 1992 წელს მიიღეს). შესაბამისად, აფრიკული ქვეყნები მოითხოვდნენ ახალი ზელანდიის ოლიმპიადიდან მოკვეთას, რომელმაც დაუშვა სამხრეთ აფრიკასთან მატჩი და ამით დაარღვია აპარტეიდის რეჟიმის იზოლაცია.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი თავს იმით იმართლებდა, რომ რაგბი არ შედიოდა ოლიმპიურ პროგრამაში.

გუნდების ნაწილი, რომლებიც ბოიკოტს შეუერთდნენ, იმ დროისთვის უკვე ჩასულები იყვნენ კანადაში და თამაშები ვარჯიშების დაწყების შემდეგ დატოვეს (მაგალითად, მაროკო, კამერუნი და ეგვიპტე). აფრიკული ქვეყნებიდან ოლიმპიადაზე მხოლოდ სენეგალი და სპილოს ძვლის ნაპირი გამოვიდნენ. აგრეთვე ბოიკოტს შეურთდნენ არაფრიკული ქვეყნები: ერაყი (აზია) და გაიანა (სამხრეთ ამერიკა).

ზაფხულის XXII თამაშები
(1980 წელი, მოსკოვი)
ყველაზე ცნობილი ოლიმპიური ბოიკოტი. მისი მიზეზი იყო 1979 წლის დეკემბერში საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეყვანა. იდეის მთავარი ინიციატორები იყვნენ ბრიტანეთი, კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები.

მოსკოვის თამაშებზე არ გაემგზავრნენ 64 ქვეყნის სპორტსმენები. ამ ქვეყნების რამდენიმე წარმომადგენელი მაინც ჩავიდა საბჭოთა კავშირში, ოღონდ ინდივიდუალური წესით და შედეგად, გახსნისა და დახურვის ცერემონიაზე 15 ნაკრები - ავსტრალია, ანდორა, ბელგია, ბრიტანეთი, ჰოლანდია, დანია, ირლანდია, ესპანეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ახალი ზელანდია, პორტუგალია, პუერტო რიკო, სან მარინო, საფრანგეთი და შვეიცარია - არა ეროვნული, არამედ ოლიმპიური დროშით გამოვიდა, დაჯილდოების ცერემონიაზე კი მათი ჰიმნების ნაცვლად, ოლიმპიური ჰიმნი ჟღერდა.

დასავლეთი ევროპიდან ოლიმპიადაზე საკუთარი დროშით მხოლოდ ავსტრია, საბერძნეთი, მალტა, ფინეთი და შვედეთი გამოვიდნენ.

დახურვის ცერემონიაზე, არსებული ტრადიციის თანახმად, უნდა აღემართათ მომავალი ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნის დროშა, ამ შემთხვევაში - ამერიკის შეერთებული შტატების. მაგრამ ეს ქვეყანა ბოიკოტის ინიციატორი იყო და ამიტომაც, მოსკოვის ცენტრალურ სტადიონზე ლოს ანჯელესის დროშა აღმართეს.

სწორედ ეს ქალაქი იყო 1984 წლის ოლიმპიადის მასპინძელი.

ამერიკელებს ჰქონდათ "ალტერნატიული ოლიმპიადის" ჩატარების იდეა სპილოს ძვლის ნაპირში, მაგრამ, ბოლოს, 29 ქვეყნის სპორტსმენებმა აშშ-ის მიერ სპეციალურად ორგანიზებულ ალტერნატიულ თამაშებში მიიღეს მონაწილოება. მისი სახელი იყო "თავისუფლების ზარები" (Liberty Bell Classic) და ის ქალაქ ფილადელფიაში ჩატარდა.

ზაფხულის XXIII თამაშები
(1984 წელი, ლოს ანჯელესი)
ლოს ანჯელესის ზაფხულის თამაშებს ბოიკოტი სოციალისტური ბანაკის ყველა ქვეყანამ გამოუცხადა (რუმინეთის, იუგოსლავიისა და ჩინეთის გარდა). რუმინეთის სოციალისტური რესპუბლიკა ფორმალურად ასევე შეუერთდა ბოიკოტს, მაგრამ თავის სპორტსმენებს აშშ-ში კერძოდ გამგზავრების უფლება მისცა.

საპასუხო ბოიკოტის ოფიციალური მიზეზი გახდა 1984 წლის ოლიმპიადის ორგანიზატორთა უარი - უსაფრთხოების გარანტიები მიეცათ სსრკ-სა და ვარშავის ხელშეკრულების სხვა ქვეყნების სპორტსმენებისთვის. თუმცა ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ ეს იყო სოციალისტების პასუხი 1980 წლის ბოიკოტზე. პარალელურად გამოცხადდა საერთაშორისო შეჯიბრის - "მეგობრობა 84"-ის ჩატარების შესახებ, ამასთან, ხაზი გაუსვეს იმას, რომ ეს ფორუმი არ იყო ოლიმპიური თამაშების ალტერნატივა.

საერთო ჯამში, "მეგობრობაში" მონაწილეობა 50-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო.
სოციალისტური ბლოკის ქვეყნების გარდა, ლოს ანჯელესის თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადეს ლიბიამ და ირანმა.

აშშ-სა და სსრკ-ის მხრიდან ამ ორი ოლიმპიადის ბოიკოტის შედეგად, ტედ ტერნერის ინიციატივით შეიქმნა "კეთილი ნების თამაშები", რომელიც დღეს აღარ არსებობს.

გარდა ამისა, სოკ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ხუან-ანტონიო სამარანჩის წინადადებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესდებაში შეიტანეს დამატებითი მუხლი სერიოზული სანქციების შესახებ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ბოიკოტის მოწყობას შეეცდებიან. სანქცია შეიძლება იყოს შესაბამისი ნაკრების ერთი ან რამდენიმე ოლიმპიადიდან მოკვეთა, წევრობის შეჩერება ან საერთოდ მოკვეთა ოლიმპიური მოძრაობიდან.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების საკითხზე პეტიცია მომზადდა
მკითხველის კომენტარები / 4 /
საქართველოს წასვლა-არწასვლით ოლიმპიადას არაფერი დააკლდება, არც მიემატება. ყველამ ვიცით, ერთი მედლის შანსიც არ არსებობს. მონაწილეობის მიღება ყველა სპორტსმენმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს. შესაძლებელია, ოლიმპიადის ტრიბუნა საჩვენოდაც გამოვიყენოთ, ეს უკვე პოლიტიკოსების მოხერხებულობაზეა დამოკიდებული.
გიგა ბოკერია
00:36 14-10-2013
0
წავიდნენ თორემ უცფად მედლები არ ჩამოიტანინ.
სანდრო 11
20:45 13-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული