სოჭი 2014: სათხილამურო რბოლა - ოქრო ტრავმის შემდეგ

AutoSharing Option
მამაკაცთა სკიატლონის სტარტამდე, ალბათ, ცოტა ვინმე თუ განიხილავდა დარიო კოლონიას რბოლის ფავორიტად. საქმე ისაა, რომ ამ სეზონში შვეიცარიელმა ფეხის მძიმე ტრავმა გადაიტანა.

ამის გამო, მან გამოტოვა კომერციული სერია "ტურ დე სკი" და ოლიმპიადამდე მსოფლიოს თასის მხოლოდ ერთ ეტაპზე გამოვიდა, ისიც ფეხის "შესამოწმებლად". მიუხედავად ამისა, გუშინ, კოლონიამ მთელი დისტანცია ლიდერთა შორის იარა, მეტოქეების უკან "იმალებოდა" და თან მოკლებული იყო თანაგუნდელთა მხარდაჭერას.

კლასიკური სტილით 15 კილომეტრის დაფარვისა და პიტსტოპის შემდეგ, გამოიკვეთა 15-16-კაციანი ჯგუფი, რომელიც არ დაშლილა 28 კილომეტრის ნიშნულამდე. ყველაზე დიდი წარმომადგენლობა
შვედებს ჰყავდათ - ექვსი მორბენალი, სამ-სამი სპორტსმენით იყვნენ წარმოდგენილი რუსები და ნორვეგიელები.

ფინიშამდე კილომეტრით ადრე, წარმოიქმნა მინი-ჯგუფი, რომელშიც კოლონიას გარდა ვიხილეთ რუსი მაქსიმ ვილეგჟანინი, ამ დისციპლინაში ვანკუვერის ოლიმპიადის ჩემპიონი მარკუს ჰელნერი, აგრეთვე "ტურ დე სკის" ტრიუმფატორი და რბოლის მთავარი ფავორიტი მარტინ იონსრუდ სუნდბიუ. აქვე შეიძლებოდა ყოფილიყო რუსი ფავორიტი ალექსანდრ ლეგკოვი, მაგრამ კულმინაციურ მომენტში ის ჯერ კინაღამ წაიქცა, შემდეგ კი ერთი ჯოხი დაკარგა.

ბოლო აღმართზე კოლონიამ მძლავრი სვლით მოიპოვა 3-4-წამიანი უპირატესობა და ბოლო მეტრებზე შეინარჩუნა უპირატესობა. საფინიშო სწორ მონაკვეთზე კარგი ტემპი აკრივა ჰელნერმა, მაგრამ შვეიცარიელს ვეღარ დაეწია. ამასობაში კი სუნდბიუმ გააწბილა ადგილობრივი პუბლიკა, როცა ზედ ფინიშზე წაართვა ბრინჯაო ვილეგჟანინს.

სხვათა შორის, რბოლის შემდეგ, რუსეთის ნაკრებმა პროტესტი შეიტანა - მათ სუნდბიუსთვის მესამე ადგილის ჩამორთმევა მოითხოვეს, რადგან ნორვეგიელმა ბოლო მეტრებზე გზა გადაუჭრა მასპინძელს. მაგრამ სადისციპლინო კომიტეტი მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა და სკანდინავიელს ბრინჯაოს მედალი დატოვა.

დარიო კოლონია
დაიბადა: 11 მარტი, 1986
სიმაღლე: 1.79 მ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო ვანკუვერი 2010, 15 კმ.
ოქრო სოჭი 2014, 30 კმ. სკიატლონი
სხვა ტიტულები
მსოფლიოს ჩემპიონი და ვერცხლის მედალოსანი (2013); 11 გამარჯვება მსოფლიოს თასის ეტაპებზე; მსოფლიოს თასის 3-გზის მფლობელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული