მიუხედავად იმისა, რომ სუპერკომბინაციაში კონკურენცია ისეთი მაღალი არ არის, როგორც სხვა სამთო დისციპლინებში, ეს სახეობა ყველაზე რთულია. ამით არის განპირობებული მედლებზე პრეტენდენტთა მცირე წრე: სუპერკომბინაცია მოიცავს სამთო თხილამურების ყველაზე სწრაფ და ყველაზე ნელ სახეობებს - სწრაფდაშვებასა და სლალომს. ამიტომაც არ არსებობს ბევრი სპორტსმენი, რომელსაც ორივე სახეობა კარგად გამოსდის.
9 თებერვლის გათამაშება სწრაფდაშვებით დაიწყო და უძლიერესთა ჯგუფში ბოლო სასტარტო ნომერი ამერიკელ ჯულია მანკუზოს ჰქონდა. მან
ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ უძლიერესთა ჯგუფიდან სამმა სპორტსმენმა ვერ შეძლო დისტანციის დასრულება. ერთ-ერთი ხელმოცარული იყო შვეიცარიელი მარიან კაუფმან-აბდერჰალდენი.
ერთ-ერთი იმათაგანი, ვისთვისაც სუპერკომბინაცია რთული არ არის, გერმანელი მარია ჰიოფლ-რიშია. ის არის, ალბათ, მთავარი უნივერსალი თანამედროვე სამთო თხილამურებში, რომელსაც შეუძლია ერთდროულად კარგად გამოიყენოს საკუთარი თვისებები როგორც ჩქაროსნულ, ასევე ტექნიკურ დისციპლინებში. სწორედ ამ მიზეზით ჰიოფლ-რიშს მთავარ ფავორიტად მიიჩნევდნენ სუპერკომბინაციაში. მით უმეტეს, რომ ის ვანკუვერშიც პირველი იყო ამ დისციპლინაში.
ფავორიტის როლს გერმანელი საკმაოდ იოლად გაუმკლავდა. სწრაფდაშვებაში ჰიოფლ-რიშს გარკვეული პრობლემები ჰქონდა ტრასის ზედა ნაწილში, რის გამოც მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა და წამზე მეტი წააგო მანკუზოსთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ გერმანელმა დაკარგა ოქროს შანსი.
სწრაფდაშვების შემდეგ მასზე ზემოთ მყოფ მოთხილამურეებს შორის, მხოლოდ ტინა მაზეს გამოარჩევს კარგი სლალომი. თუმცა სლოვენიელმა არათუ ჰიოფლ-რიშს ვერ გაუსწრო, არამედ პოდიუმის მიღმა დარჩა.
ჰიოფლ-რიშმა კი, თავის მხრივ, ძალიან კარგად გაიარა სლალომის ტრასა. დისტანციის დასაწყისში გერმანელი ფრთხილობდა, შუა და ქვედა ნაწილში კი მსოფლიოს თასის ლიდერი "გაფრინდა". საბოლოოდ, ამგვარმა სტილმა ჰიოფლ-რიშს 4 მეათედი წამი უპირატესობა მოუტანა ავსტრიელ ნიკოლ ჰოსპთან, რომელიც ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ასე რომ, 9 თებერვალს ჰიოფლ-რიშმა გერმანიას სოჭში მეორე ოქრო მოუტანა.
რაც შეეხება სწრაფდაშვების შემდეგ ლიდერს ჯულია მანკუზოს, მას არ ეყო წამზე მეტი უპირატესობა. უკვე პირველი სეგმენტის შემდეგ სხვაობა ნახევარ წამამდე დავიდა, მეორე საშუალედო ფინიშის შემდეგ კი ამერიკელი უკვე აგებდა გერმანელთან და ეს სხვაობა, საბოლოოდ, 53 მეასედ წამამდე ავიდა.
სავარაუდოდ, ბრძოლა მარია ჰიოფლ-რიშსა და ჯულია მანკუზოს შორის უკვე ოთხშაბათს გაგრძელდება, როცა გაიმართება ქალებს შორის სწრაფდაშვება. თუმცა ამჯერად, ფავორიტთა სია მხოლოდ გერმანელითა და ამერიკელით არ შემოიფარგლება.
მარია ჰიოფლ-რიში
დაიბადა: 24 ნოემბერი, 1984
სიმაღლე: 1.80 მ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - ვანკუვერი 2010, კომბინაცია
ოქრო - ვანკუვერი 2010, სლალომი
ოქრო - სოჭი 2014, კომბინაცია
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, 4-გზის ბრინჯაოს პრიზიორი; მსოფლიოს თასის მფლობელი (2011); 27 მოგება და 80 პოდიუმი მსოფლიოს თასის ეტაპებზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"