ბაქო 2015: ვერცხლი და ბრინჯაო კარგია, მაგრამ... ოქრო გვინდა!

AutoSharing Option
გუშინ, 18 ივნისს, ბაქოში ხვავრიელი დღე გვქონდა - თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კიდევ სამი მედალი მოიპოვა - 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

ელიზბარ ოდიკაძის შემდეგ ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61) გახდა, ჯუმბერ ყველაშვილის (74) მსგავსად კი ბრინჯაოს მედლებს ალექსანდრე ამინაშვილი (86) და გენო პეტრიაშვილი (125) დაეუფლნენ.

ამდენად, ამ ნაკრებმა ბაქოში გამოსვლა 5 მედლით დაასრულა, სულ კი ქართული დელეგაციის მონაგარი 6 ჯილდოა.

შეგახსენებთ, რომ ამ ისტორიული თამაშების სულ პირველი მედალი მშვილდოსნებმა მოიპოვეს შერეSportall.Geულ წყვილში, როცა ხათუნა ნარიმანიძე და ლაშა ფხაკაძე ვერცხლს დასჯერდნენ.

* * *
გუშინაც ვწერდით, რომ რეზო მინდორაშვილმა ბაქოში საკმაოდ კარგად მომზადებული გუნდი ჩამოიყვანა, თუმცა ეს დღე კიდევ უფრო უკეთესი იყო - ოთხივე ქართველი ნახევარფინალში გავიდა. თან ყველამ საკმაოდ მაღალი დონის ჭიდაობა აჩვენა.

გუნდის საერთო მონაგარიც კარგია - 5 მედალი 8 წონიდან და თან ეს ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დისკვალიფიკაციის ფონზე, რითაც ნამდვილად დავკარგეთ მედალი (ხარისხზე დავა შეიძლება, თუმცა გამორიცხული არც ოქრო იყო), თუმცა უჩემპიონობა ცოტათი მაინც აყენებს ჩრდილს ამ მართლაც კარგ გამოსვლას.

იმედია, მწვრთნელებმა ის მიზეზებიც კარგად დაინახეს, რამაც ამჯერად ხელი შეგვიშალა უფრო უკეთესი შედეგების მიღწევაში და სამომავლოდ გამოასწორებენ, თორემ გუნდი რომ კარგია, ახალგაზრდული და პერსპექტიული, ბაქოშიც ნათლად გამოჩნდა.

ჩვენი ოთხეულიდან ყველა ქებას იმსახურებს, თვით უმედლოდ დარჩენილი დავით ტლაშაძეც (70), რომელსაც უგულო გამოსვლას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, პირიქით - ყველაფერი ჩადო ამ ტურნირში, რაც შეეძლო, თუმცა განსაკუთრებით სანდრო ამინაშვილს გამოვარჩევთ, რომელმაც სპორტული გმირობის მაგალითი გვიჩვენა...

მან პირველივე შეხვედრაში რუმინელ სტეფან გეორგიტასთან საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო - მეტოქემ თავი ჩაარტყა, რის შედეგადაც ბევრი სისხლი ხომ დაკარგა, თავზე 4 ნაკერი დაადეს და მთელი დღე ასე თავდაბინტული ჭიდაობდა.

თანაც, როგორ - რუმინელს უკრაინელი დმიტრო როშნიაკიც ზედ მიაყოლა, მეოთხედფინალში კი სომეხთა სახელით მოჭიდავე დაღესტნელი მუსა მურთაზალიევი ყოველმხრივ გაანეიტრალა - 4:1. ის ევროპის ვიცე-ჩემპიონია და მისი ასე გაჩერება ლამის წარმოუდგენელია.

ჩავარდნა მხოლოდ მოლდოველ პიოტრ იანულოვთან მოუვიდა ნახევარფინალში, როცა თავიდან ვერ ააწყო ჭიდაობა, ბოლოს გამოფხიზლება კი აღარ ეყო...

Sportall.Ge

ვფიქრობთ, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში რამდენად კარგად იდგა მოწოდების სიმაღლეზე, ეს რეპორტაჟიდანაც ნახეთ და სიტყვას აღარ გავაგრძელებთ.

ბიჭიკო პაპაშვილისა
და ემზარ ბედინეიშვილის შეგირდი წლევანდლამდე ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, თუმცა გუნდში პირველად დააყენეს და დებიუტი მედლითაც აღნიშნა...

"ჩემთვის პირველი მედალია და სასიხარულოა. რუმინელს განგებ არ ჩაურტყამს, ეს ჩვეულებრივი საჭიდაო ეპიზოდი იყო. მიხარია, რომ პირველი თამაშების მედალოსანი გავხდი", - თქვა მან.

* * *
ვინძლო, ჭიდაობა რომ პატიოსანი სახეობა იყოს, ჩემპიონი ჩვენც გვყოლოდა - ლომთაძეს 4-ქულიანი გდება გაუუქმეს ფინალში, რასაც დარბაზმა მაშინვე უსტვინა და საფინალო სასტვენის შემდეგაც კარგა ხანს გუგუნებდა.

არადა, კარგად იჭიდავა - ამ თამაშების მომავალი და ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი, უკრაინელი ვასილ შუპტარი და განსაკუთრებით, ბულგარელი მსოფლიოს ჩემპიონი რადოსლავ ველიკოვი ხელწამოსაკრავნი რომ არ არიან, მათი ტიტულებიც ამტკიცებს. თუმცა ჭიდაობა აუღებელი ციხესიმაგრეა...

მან რუს ალექსანდრ ბოგომაევთანაც მშვენიერი 4-ქულიანი გდებით დაიწყო ფინალი, მაგრამ, ვფიქრობ, გამოუცდელობის გამო, მალე თვითონაც იმავე სინჯის გდება გაატარა და საბოლოოდ წააგო.

Sportall.Ge

"რუსთან ორჯერ ვიყავი ნაჭიდავები - შარშან მსოფლიოზეც მომიგო და მერე საერთაშორისო ტურნირზეც... ახლა მოგების დიდი შანსი მქონდა, მაგრამ მსაჯის გადაწყვეტილებით ქულები ჩამომაკლეს და ისევ წავაგე.

დავალება იყო, რომ მუდმივად მე უნდა მეჭიდავა, მისთვის არ მიმეცა აქტიურობის საშუალება. ჩემთვის პირველი მედალია და მაინც კმაყოფილი ვარ. იმედია, უფრო მაღალი სინჯის მედალი მომავალში იქნება", - გვითხრა ლომთაძემ.

* * *
ჩვენთვის ყველაზე დიდი გაწბილება პეტრიაშვილის მარცხი იყო ნახევარფინალში ბელარუსთა მსოფლიოს ჩემპიონ ალექსეი შემაროვთან - ვაღიაროთ, რომ მეტოქემ გვაჯობა, გენოს კი გამოცდილება დააკლდა.

თუმცა აქ იყო ერთი საკამათო მომენტი - 5:5-ზე ტაბლოზე უპირატესობა პეტრიაშვილს დაუწერეს, თუმცა საკმაო ხნის შემდეგ შეცვალეს.

გენომ, რაკი ვიგებდი, არ ვრისკავდიო, თქვა ანუ გამოდის, ტექნიკური ჯგუფის შეცდომის გამო დრო დაკარგა. ისე კი პეტრიაშვილი ჩინებულად იყო მომზადებული და დაქროდა ლეიბზე, შედეგად კი ძალზე თავისუფლად მოუგო ისეთ მაღალი დონის ფალავნებს, როგორიც უკრაინელი ევროპის პრიზიორი ალექსანდრ ხოციანოვსკია. უბრალოდ, ბელარუსებმა წინადღის წაგებების გამო ყველაზე მძიმე რევანში აგვიღეს.

Sportall.Ge

არადა, პეტრიაშვილს ჩინებული საქმე გაუკეთა სომხეთში გადასულმა ლევან ბერიანიძემ, როცა რუსთა მსოფლიოს ხუთგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ჰაჯიმურატ გაცალოვი დაუმარცხა. რამდენჯერაც კი რუსთა ოსმა ფეხში შესვლა სცადა, ბერიანიძე იმდენჯერ დააწვა მასით თავზე და "გაჭყლიტა". მან ამის გაკეთება რამდენჯერმე პეტრიაშვილთანაც სცადა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში, თუმცა არ გამოუვიდა. გენოს მასთან ადრეც გაუმარჯვია, საქართველოში, იცის მისი ძლიერი თუ სუსტი მხარეები და არც ახლა გასჭირვებია გამარჯვება.

ცხადია, დარბაზი ამ პაექრობაში პეტრიაშვილს ქომაგობდა და "გენო, გენოს" სკანდირებდა. ბერიანიძეს გვარის გამოცხადებაზე არა, მაგრამ ქვეყნისაზე კი მაგრად უსტვენდნენ.

"კმაყოფილი კი ვარ, მაგრამ დასანანი შეხვედრა წავაგე. შეიძლებოდა მოგება, მაგრამ რაღაც დამაკლდა. არ მიყვარს მარცხის სხვაზე გადაბარება, წაგების მიზეზი უნდა ეძებო შენს თავში. ამ ეტაპზე ბელარუსი უფრო ძლიერი იყო და მომიგო", - გვითხრა პეტრიაშვილმა.

* * *
საინტერესოა, რომ გუშინ დარბაზში გაცილებით ბევრი ქართველი იყო ჩვენი ფალავნების საქომაგოდ - საგანგებოდ ჩავიდნენ პეტრიაშვილისა თუ ლომთაძის ქომაგები. მათ "თბილისი-2015"-ის მოხალისეთა ჯგუფიც დაემატა, რომლებიც გუშინ ჩამოვიდნენ აქ.

დღეს საქართველოს ყველაზე დიდ გუნდს - მძლეოსნებს ველოდებით... სამაგიეროდ, თბილისში მოფრინავენ მოჭიდავეები.

საღამოს მედალოსნებს ოლიმპიურ სოფელში დელეგაციის ხელმძღვანელმა, სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა უმასპინძლა, წარმატება მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა. ხაბელოვსაც და მედალოსნებსაც კომენტარი ვთხოვეთ.

ლერი ხაბელოვი:
"თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 8 წონიდან 5 მედალი აიღეს, თუმცა ერთ წონაში დისკვალიფიკაციის გამო დავკარგეთ ჯილდო.

სამაგიეროდ, ბერძენ-რომაელების გამოსვლა ძალიან სუსტი იყო, განცვიფრებული ვარ ამით. გულდასაწყვეტი მხოლოდ ისაა, რომ ოქროს მედალი არაა.

მშვილდოსნებმა რაც გააკეთეს, იგივე მეორე ადგილი დიდი წარმატებაა. წინ კიდევ რჩება რამდენიმე სახეობა, სადაც ასევე ველოდებით მედლებს და დარწმუნებული ვარ, ოქროებიც იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მეც ძიოდოისთების იმედი მაქვს მაგრამ სანამ ვიყოთ მარტო მათ იმედათ?
ემზარი
14:14 19-06-2015
0
არა და გენომ ყველა მეტოქე გაასაზიზღრა, აქ კიდე მსაჯებმა ,,გაუჩალიჩეს" ჯერ დაუწერეს 6 ქულა და ბიჭმა ანგარიშის შენარჩუნება დაიწყო, მერე კიდე ჩამოაკლეს 1 ქულა. ჭიდაობის ფედერაციას არ ეშველა არაფერი, ტყულად არ აპირებდნენ მის ამოღებას ოლიმპიური სახეობებიდან
irakli apkhaidze
14:47 19-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული