ჩვენებური C ჯგუფში გამოდიოდა და პირველი ბრძოლა პოლონური წარმოშობის ბრიტანელ ნატალია შეპარდთან გამართა, ვინც საბოლოოდ პლეი ოფში გავიდა და მეოთხედფინალშიც კი იასპარეზა. გოგლიძე მასთან 4:5 დამარცხდა, თუმცა ანგარიშიდანაც ჩანს, რომ წარმატების შანსი ნამდვილად ჰქონდა.
ჩვენებურმა დათმო მეორე პაექრობაც - ებრაელ დელილა ჰატუელთან
სამწუხაროდ, გოგლიძემ ეს შეხვედრა 2:5 დათმო, რაც მისთვის გადამწყვეტიც აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ფრანგმაც ჩვენებურივით ამ ერთი მოგებით დაასრულა გამოსვლა...
გოგლიძეს მეხუთე პაექრობაში ბევრად ძლიერი მეტოქე ჰყავდა - გერმანელი ანე საუერი, ვინც ქვეჯგუფიც მოიგო და მეოთხედფინალში დაასრულა ასპარეზობა. ქართველმა ეს პაექრობა 2:5 დათმო, თუმცა პლეი ოფში გასვლის მცირე შანსი კიდევ რჩებოდა, რადგან პირველი შეხვედრა მაღალი ქულით ჰქონდა წაგებული და იქნებ დამატებითი მაჩვენებლების დათვლისას ამას ეშველა... სამწუხაროდ, არც ეს ვარიანტი გამოვიდა, გოგლიძემ ტურნირი 31-ე ადგილზე დაასრულა და 28 იღბლიანს შორის ვერ მოხვდა.
* * *
გუშინვე იასპარეზეს ჩვენმა მოცურავეებმა და წარმატებას ვერც მათ მიაღწიეს. აკაკი ვაშაკიძე უკვე მეორედ დადგა სტარტზე, ამჯერად 100 მეტრზე ბატერფლაით, რომლის გაცურვასაც 2:05.95 მოანდომა, რაც 24-ე შედეგი აღმოჩნდა. საკვალიფიკაციოში საუკეთესო ჯაკომო კარინი აღმოჩნდა - 1:58.99, ნახევარფინალში კი ბოლო ადგილებით ავსტრიელი ფილიპ მილჩევიჩი (2:03.90) და ბრიტანელი კილ ჩისოლმი (2:03.15) გავიდნენ.
100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში გიორგი ბიგანიშვილი 53.94-ით 58-ე, ჯუდერ ბიჭიკაშვილი კი 54.17-ით მე-60 ადგილზე გავიდნენ. აქ შესარჩევის საუკეთესო შედეგი ბრიტანელ სკოტ დანკანს აღმოაჩნდა - 50.24.
ერთი სიტყვით, ეს დღეც წარუმატებლად დავასრულეთ, თუმცა გუშინდელი დღისგან დიდ შედეგს არც ველოდით. მთავარი იყო, ჩვენს ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოევლინათ...
საქართველოს დელეგაციის მონაგარი კვლავაც 10 მედალია - 3 ვერცხლი და დანარჩენი ბრინჯაო, რითაც გუშინდელი, გვიან ღამის მონაცემებით, 27-ე ადგილზე ვართ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"