თბილისში სპორტის ახალი სასახლე გაიხსნა

AutoSharing Option
თბილისში სპორტის ახალი სასახლე გაიხსნა. ობიექტი, რომელიც უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარეობს, დღეს, 13 ივლისს, საზეიმოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გახსნეს.

"მოგეხსენებათ, რომ სულ რაღაც 13 დღეში თბილისი უმასპინძლებს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ეს არის ყველაზე დიდი სპორტული ღონისძიება, რომლის მსგავსიც საქართველოში არასდროს ჩატარებულა. ამ ფესტივალისთვის აშენდა და დღეს გავხსენით სპორტის ახალი სასახლე. ეს არის ძალიან მაგარი შენობა, რომელშიც მოწყობილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მშენებლობა დავიწყეთ იანვარში და სულ რაღაც
6 თვეში მოხდა ამ ობიექტის დასრულება. ეს იქნება მთავრობის საჩუქარი სპორტსმენებისთვის და ეს იქნება დიდი შენაძენი ქალაქისთვის", - განუცხადა სპორტის ახალი სასახლის გახსნის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, შესაბამის საკითხზე საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ მთლიანად შეცვალა წინა ხელისუფლების მიერ მომზადებული კონცეფცია.

"ჩვენ, პრაქტიკულად, მთლიანად შევცვალეთ კონცეფცია, როცა ხელისუფლებაში მოვედით. ძველი კონცეფციით არ იყო განსაზღვრული არც ამ შენობის მშენებლობა და არც "ახალი თბილისის" - ახალი სპორტული უბნის აშენება.

წინა ხელისუფლების, სააკაშვილის დროს იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ არსებული, ძველი კომპლექსების გარემონტება მომხდარიყო, მათ შორის, გასხვისებული, კერძო საკუთრებაში არსებული შენობების, რომლებიც მათ ახლობლებზე იყო გადაყიდული და ამაში დახარჯულიყო ფული.

ჩვენ, პრაქტიკულად, მთლიანად შევცვალეთ მიდგომა და სახელმწიფომ თავად ავაშენეთ როგორც ეს ობიექტი, ასევე, დიღომში "ახალი თბილისის" კომპლექსი და სხვა ოლიმპიური შენობები.

ეს შენობები, რა თქმა უნდა, დარჩება სახელმწიფოს და მას გამოიყენებენ ჩვენი სპორტსმენები. ეს არის სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სპორტის ახალი სასახლის გახსნის ღონისძიებას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი და თბილისის მერი დავით ნარმანიაც ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ სპორტის ახალი სასახლე, "თბილისი-2015"'-ის ფარგლებში, 26 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე ხელბურთის ტურნირს უმაპინძლებს ჭაბუკებსა და გოგონებს შორის, ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგ კი სასახლეში სპორტის სხვადასხვა სახეობის უმაღლესი დონის საერთაშორისო და ადგილობრივი ტურნირები ჩატარდება.

თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით აშენებულ სპორტის სასახლეში ორი დარბაზი მოეწყო, სადაც ერთდროულად შესაძლებელი იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირების ორგანიზება, როგორც სათამაშო, ასევე ინდივიდუალურ სახეობებში.

ჯამში, სპორტის სასახლე სპორტის 24 სახეობის საერთაშორისო თუ ადგილობრივ ტურნირებს გაუწევს მასპინძლობას. დიდი დარბაზი 3 600 გულშემატკივარს, მცირე არენა კი 600 გულშემატკივარს იტევს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 1 /
როდემდე ამდენი არაპროფესიონალიზმი??? ქართული მარლთწერის გაკვეთილი. შეცდომაა : სპორტის ახალი სასახლე, სწორია : ახალი სპორტის სასახლე. ქართული ისწავლეთ, ქართული
mefe333
15:00 13-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული