ოქროს ბავშვები - "ქართული დინამიტი" თბილისი 2015-ზეც აფეთქდა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: მზია ბებოშვილი

თქვენი არ ვიცი, მე კი ახლაც, შეჯიბრების დამთავრებიდან რამდენიმე საათის შემდეგაც მიჭირს იმის დაჯერება, რაც გუშინ, 30 ივლისს, ძიუდოს აკადემიაში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოისტთა ტურნირზე ვიხილე - გოგონებმა 2 ოქრო მოიპოვეს, ბიჭები კი უმედლოდ დარჩნენ...

30 ივლისს ჩვენი გოგონებიდან ორნი ჭიდაობდნენ - მზია ბებოშვილი (52) და ეთერ ლიპარტელიანი (57) და ორივე ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ წინა დღეს, 29 ივლისს, ნატალია ყიფშიძემ (48) ბრინჯაო მოიპოვა.

არა, ღმერთმანი - გუშინწინ ან თუნდაც ერთი კვირის, ერთი თვის წინ კი არა, გუშინ დილითაც ვინმეს რომ ეთქვა, ბიჭების ნაცვლად გოგონები გვეყოლებოდნენ საქომაგო, არ დავუჯერებდით.

თუმცა საქმე მხოლოდ მედლებში როდია - ამ გოგონებმა ძალიან მაღალი დონის, ბიჭებისგან სრულიად განსხვავებული სტილის ჭიდაობა აჩვენეს. შებოჭვები, "მახრჩობელა", მტკივნეული, ჩოქბჯენი - ეს ყველაფერი ვაჟთა ყველა ასაკობრივი ნაკრებისთვის ჯერ კიდევ შორეული და უცხოა, გოგონებისთვის კი საკუთარი აჩრდილივით თანამდევი და მშობლიური, რის გარეშეც მათ თითქოს ჭიდაობა არ შეუძლიათ.

ქართველი ვაჟი ძიუდოისტებისგან განსხვავებით, გოგონები ჩოქბჯენში თავს შინაურულად გრძნობდნენ და იოტისოდენა, ერთი შეხედვით, უიმედო ვითარებაშიც კი მისდევდნენ შებოჭვაზე, მტკივნეულზე... ძალიან ხშირად ამან წარმატებაც მოუტანათ...

Sportall.Ge
ფოტოზე: ეთერ ლიპარტელიანი

თუმცა ეს მხოლოდ გუშინ მოჭიდავე დუეტს კი არა, ყიფშიძესაც ახასიათებდა. ამ გუნდს მკვეთრად ეტყობა ხელწერა, რომლითაც თავის დროზე მისი მთავარი მწვრთნელი გია თენაძე და კახა მოცრაძე გამოირჩეოდნენ... 30 ივლისს ორივენი ჩემპიონებთან ერთად უბედნიერესი ადამიანები იყვნენ.

გოგონები კარგი ფიზიკური მომზადებითაც გამოირჩევიან და მათი საჭიდაო სტილი უფრო ძალისმიერია. ცხადია, ეს საგანგებო ძალის, საგანგებო მომზადების გარეშე არ გამოვა.

მაგალითად, ლიპარტელიანმა წინასწარ ეტაპზე შებოჭვით მოიგო სამიდან ორი შეხვედრა - მაკედონიელ ამრა ფეიზულასთან და რუს დანა ნაგუჩევასთან. პირველ პაექრობაში მან ჩეხ ვერა ზემანოვასთან სამი იუკო მოიპოვა, თუმცა იქაც მეორე იუკო იმ დროს დაიმსახურა, როცა ბოჭავდა ჩეხს.

ბებოშვილმა მეორე წრეში უძნელესი ბრძოლა მოუგო მოლდოველ ანა როტარს - ვაზარს აგებდა, თუმცა ისიც დაანარცხა ძირს და შებოჭა.

თუმცა ისეც ნუ გაგვიგებთ, რომ თითქოს ჩვენები მხოლოდ ძალის ხარჯზე ჭიდაობდნენ და ტექნიკურად არაფერი შეეძლოთ. პირიქით - როცა დასჭირდათ, მშვენიერი და მრავალფეროვანი გდებებიც გააკეთეს - გამოკვრები, მოგვერდი, ბრუნი... ბებოშვილმა პირველ წრეში ბრიტანელი აიმეე გრანტი 9 წამში (!) დაახეთქა იპონზე!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მან ფინალშიც კარგად დააგდო ჰოლანდიელი იისე ბურენი, როცა ვაზარზე გამოცერა და შებოჭა, ნახევარფინალში კი გაფრთხილებებით დაამარცხა რუსი ნასიბა იბრაგიმოვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საინტერესოა, რომ ჩვენებმა სამივე პირადი შეხვედრა მოუგეს რუსებს.

ნახევარფინალში ლიპარტელიანმა იუკოზე გადააგდო ფინელთა ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ემილია კანერვა, ფინალში კი ევროპის შარშანდელი პოლონელი ფინალისტი ანა დაბროვსკა კარგად დააგდო და შებოჭა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მის გამოსვლებზე ძიუდოს აკადემიის დარბაზს კვლავ არყევდა ქომაგთათვის ასე ნაცნობი "ლიპო, ლიპო", ოღონდ ვალერი ლიპარტელიანისგან განსხვავებით, ამჯერად ეს შეძახილი პატარა გოგონას საქომაგოდ აზანზარებდა კედლებს.

ქომაგობა და შეძახილი არც ბებოშვილს აკლდა, რამაც აკადემიის დარბაზი დიდ ზეიმად აქცია.

ამ წყვილიდან ბებოშვილი თვის დასაწყისში ევროპის ჩემპიონიც გახდა. ცხადია, მისგან ახლაც გამარჯვებას ელოდნენ. მედლის მოპოვების კანდიდატად განიხილებოდა ლიპარტელიანიც, მაგრამ ორი ოქრო რომ გეგმის გადაჭარბებაა, მოგვიანებით კომენტარებში არც მწვრთნელებმა დამალეს.

სხვათა შორის, ევროპირველობაზე ქართველი გოგონების კარგმა გამოსვლამ დიდი ფურორი მოახდინა, ბებოშვილს კი დინამიტი უწოდეს. საბედნიეროდ, ქართული დინამიტი თბილისშიც აფეთქდა.

დუდაშვილის ტრავმა და მარცხი
30 ივლისს ბიჭებიდან მხოლოდ ევროპის ჩემპიონი ლაშა დუდაშვილი (73) ჭიდაობდა, თუმცა ამჯერად ხელი მოეცარა. ის თითქოს ცოტა გადაღლილიც ჩანდა და თან ტრავმაც მიიღო მეორე შეხვედრაში რუს არტურ პანაიტოვთან, ვისთანაც წმინდად დამარცხდა. მანამდე ლატვიელი ნიკიტა დუინოვსი კარგად კი დაახეთქა ბეჭებზე, მაგრამ იქაც გაუჭირდა ილეთის გაკეთება.

ის ძალიან შორს იყო ევროპაზე ნაჩვენები ფორმისგან, სადაც მართლაც შთამბეჭდავად გაისარჯა.

სამწუხაროდ, მისი ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და დამამშვიდებელში ვერაფერი გააწყო ბერძენ ვასილ ბალამპანაშვილთან. აქვე გეტყვით, რომ როგორც იქნა, ამოვხსენი ამ ბერძნის ისტორია - ის საქართველოდან წასული ვასილ ბალაბანოვი გამოდგა. თუმცა ის ამ წონაში მოჭიდავე ერთადერთი უცხოელი ქართველი არ იყო - ფინეთიდან არტურ თვაურიც ჩამოვიდა, თუმცა ნაადრევად დამარცხდა. როგორც ფინელმა ჟურნალისტებმა გვითხრეს, ის ფინეთშია დაბადებული, მაგრამ ფესვები საქართველოდან აქვს - ბაბუამისი აქედან ყოფილა გადასახლებული.

თვაურისა არ იყოს, ადრევე გავარდა იტალიელი ჯაკომო გამბა, რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ოლიმპიურ ჩემპიონ ეციო გამბას ვაჟი. მამამ შვილის გამოსვლა მაინც დადებითად შეაფასა, პირველად ჭიდაობდა ასეთი რანგის შეჯიბრებაზე და გამოცდილება მიიღოო.

საქართველო ათეულში შევიდა
ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის მონაგარი 7 მედალია - 3 ოქრო, 4 ბრინჯაო და ყველა ძიუდოისტების მონაგარია.

გოგონების გარდა, ბიჭებიდან ჩემპიონი რობინზონ ბეგლარაშვილი (60) გახდა, ხოლო ყიფშიძის მსგავსად, მესამე ადგილზე ზურაბ კახნიაშვილი (50), თემურ ნოზაძე (55) და ბაგრატ ნინიაშვილი (66) გავიდნენ. ახლა საქართველო საერთო-გუნდურ ჩათვლაში მერვე ადგილზეა, თუმცა ფესტივალი ჯერ ისევ გრძელდება. იმედია, ჩვენი მონაგარიც გაიზრდება. მით უფრო, ძიუდოისტებიდან კიდევ რამდენიმე ტალანტია გამოსასვლელი.

კომენტარები
მზია ბებოშვილი:
"ძალიან გახარებული ვარ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქომაგებს - ისინი რომ არა, ალბათ, ამხელა წარმატებას ვერ მოვიპოვებდი. მიხარია, რომ თბილისში ჩემი ქვეყანა ვასახელე და ოქრო არავის დავუთმე.

ძალიან ბედნიერი ვარ. სამი კვირის წინ ევროპის ჩემპიონი გავხდი და ხალხი ახლაც ოქროს ელოდა ჩემგან. ამიტომ ძალიან დაძაბული ვიყავი და სულ მქონდა იმის განცდა, რომ არ დამეშვა რამე შეცდომა და ბევრს ვემზადებოდი.

ფინალისკენ რაც უფრო მივდიოდი, გზა სულ უფრო რთულდებოდა. პირველი პაექრობა იოლად მოვიგე, მაგრამ მეორეში შეცდომა დავუშვი, ვაზარს ვაგებდი, თუმცა მაყურებლის თანადგომით ამოვქაჩე.

ნახევარფინალში რუსი მეტოქე საკმაოდ ძლიერია, მაგრამ გაფრთხილებებით ვაჯობე, ფინალში კი ჰოლანდიელს მოვუგე. ეს ყველაფერი ძალიან სასიხარულოა, თუმცა უკვე მსოფლიოსთვის ვაგრძელებ მზადებას და ვეცდები, იქაც ვასახელო საქართველო".

ეთერ ლიპარტელიანი:
"ძალიან სასიამოვნოა ასეთი ტურნირის მოგება. რთული კი იყო, მაგრამ უფლის წყალობით, ყველა სიძნელე გადავლახე.

ბევრი ქომაგი მყავდა და ყველას მადლობა ქომაგობისთვის. მათი დიდი დახმარებაცაა ჩემი მოგება. ისინი ძალიან დამეხმარნენ".

გია თენაძე (მთავარი მწვრთნელი):
"შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ამ ორი სპორტსმენიდან ერთ ოქროს და ერთ რომელიმე სინჯის მედალს ნამდვილად ვგეგმავდით, მაგრამ ბავშვებმა გეგმას გადააჭარბეს.

პუბლიკა ზოგზე დადებითად, ზოგზე კი უარყოფითად მოქმედებს, ამათზე კი დადებითი გავლენა იქონია. თავიანთი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინეს, თორემ ვერ ვიტყვი, რომ გაუმართლათ. ასევე მოტივირებულები იყვნენ ევროპის ჩემპიონატზეც, თუმცა იქ იყო პატარ-პატარა უიღბლობის მომენტი.

ახლა წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც ამ ტურნირის დასრულებიდან მეორე დღეს მივფრინავთ. ცხადია, ბავშვებს გაუჭირდებათ დროის ასეთ მცირე მონაკვეთში სამი დიდი ტურნირის ჭიდაობა, მაგრამ კონკურენცია დიდი რომ იყოს, გადავანაწილებდით მონაწილეებს. ვნახოთ, იმედია, იქაც წარმატებით გამოვალთ...

ამ ფესტივალზე ერთი მონაწილე დაგვრჩა - ბათუმელი ნათია მიქაბერიძე. მედლის შანსი მასაც აქვს, სხვანაირად ამ ტურნირზე ვერც მოხვდებოდა".

კახა მოცრაძე (მწვრთნელი):
"გოგონები ძალიან კარგად გამოვიდნენ. ამ შეჯიბრებას ძალიან დიდი ემოციური დატვირთვა ჰქონდა, რადგან საქართველოში ტარდებოდა და ქომაგი ელოდა ამ მედლებს. გოგონებმა ფურორი მოახდინეს - ორი ოქრო დიდი წარმატებაა მათთვისაც, ჩვენთვისაც და მთელი ქვეყნისთვისაც.

დიდი მადლობა ყველას - სპორტსმენებსაც, ქომაგსაც, ფედერაციასაც, ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტის სამინისტროსაც. კიდევ მეტი დახმარება გვჭირდება, რომ ამ გოგოებმა არ მოუკლონ, პირიქით - მოუმატონ.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რთული იყო საბრძოლო ფორმის შენარჩუნება, რადგან დატვირთული კალენდარია, მაგრამ ფიზიკურმა მომზადებამ შედეგი გამოიღო. მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს ბაკურიანი".

დავით ქევხიშვილი (ფედერაციის პრეზიდენტი): ძალიან გახარებული ვარ გოგოების ასეთი გამოსვლით. მედლებს კი ვგეგმავდით, მაგრამ მათ მოლოდინს გადააჭარბეს. მათ შემართებით იჭიდავეს და მიხარია, ქალთა ძიუდოც რომ წამოიწია.

თან ჭიდაობის ხარისხიც მაღალია. ეს მწვრთნელების დიდი დამსახურებაა და მინდა, გიას, კახას და მათ გვერდში მდგომებს ყველას მივულოცო ეს გამოსვლა. გოგოებს მზადებაში ხელი არც დღემდე შეშლიათ, თუმცა ეს წარმატება მათ პირობებზეც იმოქმედებს.

2020 წლის ოლიმპიურ ციკლში ეს ნაკრები ჩვენთვის ერთ-ერთი საყურადღებო თემა იქნება".

ეციო გამბა (იტალია, ოლიმპიური ჩემპიონი, რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"ფესტივალზე ყველაფერი კარგადაა ორგანიზებული, ოლიმპიური სოფელი მაღალი დონისაა, ტრანსპორტირება იყო თუ სხვა დეტალები, ყველაფერი მაღალ დონეზე იყო. აქვე ქართველ სპორტსმენებზეც მინდა ვთქვა: ისინი მუდამ ძლიერად გამოდიან და ყოველთვის მოწინავეთა შორის არიან..."

სუსანა რეჰაკოვა (ძიუდო, ჩეხეთი; V ადგილი):
"ფესტივალი და ეს შეჯიბრება ძალიან მომეწონა, მის მონაწილეებთან, ქართველ ხალხთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო იყო. გულშემატკივრობაც ძალიან კარგია და კმაყოფილი ვარ ყველაფრით.

ასეთი ძლიერი ტურნირი თუ იქნებოდა, არ ველოდებოდი. რამდენიმე ორთაბრძოლა მოვიგე, თუმცა ბოლოს დავმარცხდი. ამის მიუხედავად, მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან კარგი გამოცდილება მივიღე".

კვარცხლბეკი
ბიჭები
73 კგ
1. ჰასილ ჯაფაროვი (აზერბაიჯანი)
2. რაზვან ცილანი (რუმინეთი)
3. ვასილ ბალამპანაშვილი (საბერძნეთი), ლუკას ვიტვერი (შვეიცარია).

გოგონები
52 კგ
1. მზია ბებოშვილი (საქართველო)
2. იისე ბურენი (ჰოლანდია)
3. ნასიბა იბრაგიმოვა (რუსეთი), იერემ კორკმაზი (თურქეთი).

57 კგ
1. ეთერ ლიპარტელიანი (საქართველო)
2. ანა დაბროვსკა (პოლონეთი)
3. ემილია კანერვა (ფინეთი), დანა ნაგუჩევა (რუსეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ ჩვენს გამარჯვებულებს მაგრამ სამცუხაროა რომ მარტო ამ ერთ სპორტის სახეობაზე რო ვართ დამოკიდებული და სხვა არაფერი ვიცით
Bacho
12:12 31-07-2015
0

სიახლეები პოპულარული