რიო 2016: არ დაიღალო ბექა! წინ დიდი გზაა... [VIDEO]

AutoSharing Option
11 აგვისტოს, ბექა ღვინიაშვილმა (100) წარმატებით კი დაიწყო რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე გამოსვლა და თავიდან ორი მშვენიერი წმინდა გამარჯვებაც მიითვალა, მაგრამ საბოლოოდ მეშვიდე ადგილზე დარჩა.

ამდენად, ჩვენმა ნაკრებმა მორიგი საშეჯიბრო დღე ჩააგდო, რაც შეიძლება კიდეც ჩავთვალოთ მოულოდნელობად და არც ჩავთვალოთ.

ღვინიაშვილი იმდენად დიდი ტალანტია და ახალ წონაშიც ისე იჭიდავა, მისგან არაფერი გაგვიკვირდებოდა, მაგრამ ამ ოპტიმიზმის გვერდით ყოველთვის იყო ფრთხილი პრაგმატიზმი, რომ მისთვის უჩვეულო წონაში გაუჭირდებოდა. ის ხომ ფორსმაჟორულ ვითარებაში გადაიყვანეს 90-დან 100-ში, რომლისთვისაც არც წონა ჰყოფნის და არც - სიმაღლე.
ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ფიზიკურად ძლიერს გუშინ ორივე წაგებულ შეხვედრაში ძალიან გაუჭირდა. მეოთხედფინალში ფრანგთა ევროპის სამგზის პრიზიორსა და ამ თამაშების მომავალ ბრინჯაოსმედალოსან სირილ მარეს ბოლოს ვეღარც უტევდა, რაც მას, ჩვეულებრივ, არ ახასიათებს.

ამის მიუხედავად, ღვინიაშვილს გუშინ თითქოს ურიგოდ არ უჭიდავია - მოსაგები შეხვედრები მოიგო, წონის ლიდერებთან კი გაუჭირდა. ამასთან, დამამშვიდებელში იაპონელთა მსოფლიოს ჩემპიონ რიუნოსუკე ჰაგასთან ერთადერთი გაფრთხილებით წააგო. ჰოდა, როცა მთელი შეხვედრა მეტი არაფერი მოხდება, ყოველთვის გრჩება გულდაწყვეტის გრძნობაც და ეჭვიც მსაჯის მიმართ, რამდენად სამართლიანად მისცა ის ერთი გაფრთხილებაც. ვეჭვობ, ჰაგას ადგილას ვინმე უტიტულო და "უპატრონო" ქვეყნის ფალავანი რომ ყოფილიყო, აუცილებლად გააფრთხილებდნენ.

ექსპერიმენტი განსჯის საგნად
დღეს ისევ გააქტიურდა კითხვა, ვისი გადაყვანა ჯობდა 100 კილოგრამში, ვის უფრო მეტი შანსი ექნებოდა იქ - ღვინიაშვილს თუ ვალერი ლიპარტელიანს?

თუმცა ახლა ამაზე საუბარი მკითხაობის სფეროა და შევეშვათ, ამ გადასახედიდან კი მე ასე ვაფასებ ვითარებას: ღვინიაშვილმა ახალ წონაში იმდენი დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა, იმდენი სიხარული განგვაცდევინა, ალბათ, გამართლებული იყო ექსპერიმენტი, მაგრამ ჯერ ევროპაზე, ახლა კი ოლიმპიადაზე, ანუ პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე დამტკიცდა, რომ 100 კილოგრამი არაა მისი ოპტიმალური წონა.

მან მიიღო საკმარისი გამოცდილება, ოლიმპიადაც ნახა და ამიტომ ვფიქრობ, ექსპერიმენტისთვის საკმარისია. აჯობებს, ეს ბიჭი 90-ში დააბრუნონ, სადაც ორმაგად ძლიერი იქნება, ვიდრე - 100-შია.

გასაგებია, რომ ამაზე გადაწყვეტილება მაინც მწვრთნელებმა უნდა მიიღონ, მაგრამ ახლა რაც ჩანს, არც სიმაღლე ჰყოფნის და არც - ძალა. დიდი კი არა და მაღალი ბიჭები ყოველთვის დაჩაგრავენ (თუმცა ჰაგა არაა მასზე ბევრად მაღალი, მაგრამ გდება ვერ გაუკეთა). ჯერ კიდევ შარშან ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ 100-ში ლიცენზიას ავიღებდით, რაც ბექამ გააკეთა და ამისთვის დიდი მადლობა მას.

დიდი მადლობა იმ მოგებებისთვის, რაც გუშინ ოლიმპიადაზე მოიპოვა ბრიტანელ ბენჯამინ ფლეტჩერთან და განსაკუთრებით - ბელგიელ მსოფლიოს პრიზიორსა და ევროპის ფინალისტ ტომა ნიკიფოროვთან, მაგრამ ვშიშობთ, 100-ში მისი მართლაც რომ დიდი ტალანტი საერთაშორისო ტურნირებში ჩაიკარგება, პირველხარისხოვნებზე გაბრწყინებას კი ბევრი დააკლდება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

100-ზე შეიძლება წლების მერე იფიქროს, როცა დაკაცდება, ორგანიზმი ზრდას დაამთავრებს და ბუნებრივად დადგება თავის ოპტიმალურ ნიშნულზე.

მოგებიდან წაგებამდე
ზემოაღნიშნული შეხვედრები კი ღვინიაშვილმა მართლაც აღმავლობით ჩაატარა და ძირითადად,  მოგვერდებით დამაჯერებლად იმარჯვა: ბრიტანელი შებოჭა, ხოლო ნიკიფოროვს იუკოც აართვა და ორი ვაზარიც. მართალია, ფრანგმა მსაჯმა მეორეზე დააკლო შეფასება, მაგრამ მაინც მოუწია სიმართლისთვის თვალის გასწორება.

თუმცა, დამაჯერებლობის მიუხედავად, ყველა ვხვდებოდით, რომ ბექას ნამდვილი საჯილდაო ქვა ჯერ კიდევ წინ ელოდა - მეოთხედფინალში, სადაც ორი ძლიერი სპორტსმენიდან ერთ-ერთი ელოდა, ფრანგი მარე ან დათარსული ჰოლანდიელი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის ფინალისტი და ორგზის ოლიმპიური პრიზიორი ხენკ ხროლი. აი, იქ გამოჩნდებოდა ჩვენებურის რეალური ძალა, თორემ ფლეტჩერი არაა წონის ლიდერი და ასეთად ვერც ნიკიფოროვს მივიჩნევთ, მედლების მიუხედავად. თან ბულგარული წარმოშობის ბელგიელი ახლოსაც უშვებდა ქართველს,  ანუ აძლევდა თავისი ჭიდაობის წარმართვის საშუალებას.

ზემოაღნიშნულ ლიდერთა მძიმე, დამქანცველ შერკინებაში მარემ იუკოთი იმარჯვა და მერე არც ბექას მისცა გასაქანი. ციდან ვარსკვლავები არც მას ჩამოუკრეფია, მაგრამ ამას ჭიდაობა ჩაუშალა. მან ერთხელ უკვე მოუგო ჩვენებურს - შარშან, ტოკიოში ბრინჯაოსთვის დაამარცხა, თუმცა მერე ძალიანაც აქო ჩვენებური, მისგან დიდი ძალა ვიგრძენიო. ამიტომ, რაკი კარგად იცნობდა, მაქსიმალურად ფრთხილად და შორიდან ეჭიდავა, ერთ მომენტში კი კონტრზეც დაიჭირა, ვაზარს გამორჩა.

ბექას უკვე ძალაც აღარ ეყო ჩამორჩენის გასაბათილებლად, ჰაგამ კი ჩავლება არ ააღებინა, თუმცა ის გაფრთხილებაც, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო იყო.

დღეს იჭიდავებს
ძიუდოისტთა ოლიმპიური ტურნირი დღეს მთავრდება, მედლების მოპოვებას კი ვაჟებშიც და ქალებშიც მძიმეწონოსნები შეეცდებიან.

დღეს ჩვენი ერთადერთი მონაწილე ადამ ოქრუაშვილი C ჯგუფშია, ანუ ბადის ქვედა ნახევარში, რის გამოც ფინალამდე ასცდა წონის უპირობო ფავორიტს, ფრანგთა ევროპის 5-გზის, მსოფლიოს 8-გზის და ოლიმპიურ ჩემპიონ ტედი რინერის, თუმცა მაინც ძალიან მძიმე წილისყრა ერგო - პირველივე წრეში იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას ხვდება.

24 წლის ჰარასავა ახალი კადრია იაპონიის ნაკრებში, თუმცა საკმაოდ გამოცდილი - მოიგო ქვეყნის ბოლო ორი პირველობა, ასევე, ბოლო ორი წელიწადია, იგებს პარიზის ტურნირს, შარშან ტოკიოსა და ტიუმენის "დიდი მუზარადებიც" მოინადავლა და ამასობაში რეიტინგშიც დაწინაურდა, ოლიმპიურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა.

იაპონელებს ამ წონაში მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი რიუ სიჩინოეც ჰყავთ, თუმცა მას ჰარასავა ამჯობინეს, რადგან ორჯერ მოუგო სიჩინოეს. თუმცა იაპონელებს გადაწყვეტილება ერთბაშად არ მიუღიათ - სხვა წონებში შედარებით ადრე გამოაცხადეს შემადგენლობა, მძიმეში კი კარგა ხანს აკვირდებოდნენ კონკურენტებს და დიდხანს ფიქრობდნენ ამ არჩევანზე.

ოქრუაშვილი ერთხელ შეხვდა ჰარასავას - 2014 წელს, დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" და წააგო.

ჰარასავასა და ოქრუაშვილს შორის გამარჯვებული მეორე წრეში აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაურისა და ლატვიელ არტურს ნიკიფორენკოს წყვილში მოგებულს შეხვდება, ჯგუფის ქვედა მხარეს კი პირველ წრეში უნგრელი ევროპის სამგზის და მსოფლიოს ფინალისტი ბარნა ბორი ტუნისელ მსოფლიოს მესამეპრიზიორ ფაიცელ ჯაბალას, ხოლო კუბელი ალექს გარსია მენდოსა ტაჯიკ მუხამადმუროდ აბდურახმანოვს ხვდებიან. ამ ოთხეულში უძლიერესი მეოთხედფინალში ოქრუაშვილის მხრიდან გასულთან იბრძოლებს ნახევარფინალის საგზურისთვის.

რიო 2016. ძიუდო
ვაჟები
100 კგ
1. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი); 2. ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი); 3. სირილ მარე (საფრანგეთი), რიუნოსუკე ჰაგა (იაპონია); 7. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო).

ქალები
78 კგ
1. კაილა ჰარისონი (აშშ); 2. ოდრი ჩუმეო (საფრანგეთი); 3. მაირა აგუიარი (ბრაზილია), ანამარი ველენსეკი (სლოვენია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ბექას ვერაფერს დაააბრალებს ვარავინ, რაც შეძლო, ის გააკეთა. უბრალოდ ასე რომ შეუცვალეს წონა, ძალიან ძნელია უმაღლესი მიღწევები მოვითხოვოთ. მაგაზე მწვრთნელებმა უნდა იფიქრონ
გგგ
10:25 12-08-2016
0
ერთი რამე შეიძლება ითქვას იაპონელები ჩემპიონები ილეთის გარეშე ხდებიან დანარჩენი უზნაძემ იფიქროს ბექას ნიკიფოროვთან ვინ შეუკვეთა ორი ვაზრი ონო ერთი გაფრთხილებით გაჩემპიონდა ასე რომ მწვრთნელებო იფიქრეთ ბევრი>
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული