რიო 2016: დღეს სალომე ფაჟავა "რაჭულით" ბრაზილიელებსაც ააცეკვებს

AutoSharing Option
დღეს, 19 აგვისტოს, რიოს ოლიმპიურ თამაშებში მხატვრული ტანმოვარჯიშეები მოსინჯავენ ძალებს. საკვალიფიკაციო ეტაპზე მრავალჭიდში 26 სპორტსმენი იასპარეზებს. 10 საუკეთესო 20 აგვისტოს ფინალში მედლებისთვის განაგრძობს პაექრობას. ამ ტურნირზე საქართველოს სპორტულ ღირსებას ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის შეგირდი სალომე ფაჟავა (მწვრთნელები - ელისო ბედოშვილი და ლალი დოლიძე) დაიცავს.

დღეს სალომე ოთხივე საგანში მეექვსე გავა სარბიელზე.

- რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 19 აგვისტოს

ეს უფლება მან შარშან გერმანულ შტუტგარტში, მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატში მოიპოვა.

57 ქვეყნის 120 სპორტსმენი (მათ შორის - ტიტულოვანი
ტანმოვარჯიშეები: რუსები - იანა კუდრიავცევა, მარგარიტა მამუნი, ალექსანდრა სოლდატოვა, უკრაინელი ჰანა რიზატდინოვა, ბელარუსი მელიტინა სტანიუტა და სხვები) ეცილებოდა ერთმანეთს საპრიზო ადგილებსა და რიოს ოლიმპიური თამაშების საგზურებს. მრავალჭიდში სალომემ 71.782 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა - მესამეადგილოსან მელიტინა სტანიუტას მხოლოდ 0.35 ქულით ჩამორჩა. რგოლით მე-4, გურზებით მე-5 ადგილი ხვდა.

ეს წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა: შარშანდელი სეზონი მოსკოვის გრან პრიზე რგოლით მოპოვებული ბრინჯაოთი გახსნა, შემდეგ ყაზანში მსოფლიოს თასის ეტაპზე გურზებით მესამე ადგილი დაიკავა, ევროპის პირველ თამაშებში ბაფთით ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, მრავალჭიდში მე-6 იყო, რგოლით, ბურთითა და გურზებით მეოთხე ადგილებზე გავიდა, მსოფლიოს თასზე გურზებით ბრინჯაო ერგო.

წარმატებული გამოდგა წლევანდელი სეზონიც. თავად განსაჯეთ: მოსკოვის გრან პრი, მრავალჭიდი - V, რგოლი - III; ბრნოს გრან პრი: მრავალჭიდი - VI, გურზები - III, ბუქარესტის გრან პრი: მრავალჭიდი - IV, გურზები - I, რგოლი - II, ლენტი - II ადგილი. ისრაელში, ევროპის ჩემპიონატზე მრავალჭიდში მე-5 იყო.

"ოლიმპიური თამაშებისთვის ლენტითა და ბურთით ვარჯიშში ახალი პროგრამები მოვამზადეთ. სალომეს ხასიათის შესაბამისი მუსიკები შევარჩიეთ, თავადაც მოსწონს. უწინდელზე უკეთესი ვარჯიშები გამოგვივიდა ორიგინალური ქორეოგრაფიით.

რაც შეეხება გურზებითა და რგოლით ვარჯიშებს, სპეციალისტების თხოვნით, ისინი არ შეგვიცვლია. ქომაგებსაც ძალიან მოსწონთ სალომეს გურზებით შესრულებული "რაჭული", რომელსაც მრავალჯერ აუცეკვებია დარბაზი.
იხილეთ ვიდეო
სალომე ფაჟავა მოსკოვის გრან-პრიზე გურზებით რაჭულის ფონზე გამოვიდა
Sportall.Ge

კარგი პროგრამა აქვს რგოლშიც ორიგინალური ილეთით, რომელიც 0.4 ქულით ფასდება. ორივე საგნით ვარჯიშში რამდენიმე ორიგინალური ილეთი ჩავამატეთ.

რიოში დრო საკმარისად გვექნება აკლიმატიზაციისთვის და პროგრამების დასახვეწად. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ქომაგები გავახაროთ", - გვითხრა ბრაზილიაში გამგზავრების წინ მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ელისო ბედოშვილმა...

ქართველ ტანმოვარჯიშეს წარმატებას ვუსურვებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
სალომე აბა შენ იცი. გვჯერა შენი წარმატების.
giga
12:19 19-08-2016
0
ოთხივე დისციპლინაში ფინალში უნდა დაჯდეს, გურზებში მედალი რეალურია.
Irakli apkhaidze
12:20 19-08-2016
0

სიახლეები პოპულარული