რიო 2016. კალათბურთი. ფინალი: რა თქმა უნდა, აშშ!

AutoSharing Option
როდესაც ოლიმპიადაზე ამერიკის ნაკრები თამაშობს, იქ ალოგიკურ შედეგებს იშვიათად უნდა ველოდეთ, ძირითადად ყველაფერი კანონზომიერების ფარგლებში ექცევა.

აშშ-მ ოლიმპიადა პირველად 1972 წელს ქორქია-საკანდელიძეს დაუთმო, მეორედ 1988 წელს - არვიდას საბონისს, ხოლო 2004 წელს მანუ ჯინობილის. სხვა შემთხვევებში, სიტუაცია ლოგიკურად ვითარდება. 2004-ის შემდეგ "ოცნების გუნდს" არც მსოფლიოს ჩემპიონატი დაუთმია და არც ოლიმპიადა. რიო-2016-ის ფინალში აშშ-მ სერბეთის ნაკრები მშვდად, 96:66 დაამარცხა და დამსახურეულად მიიღო ოლიმპიური ოქრო.

ზედიზედ მესამედ
სხვათა შორის, ორი წლის წინათ მსოფლიოს პირველობის ფინალურ მატჩში ამერიკელებს სწორედ სერბეთი დაუპირისპირდა და 92:129 დათმო.
სერბებმა ნახევარფინალში ავსტრალია რომ ჩამოიტოვეს, ბევრმა 2014 წელი გაიხსენა, ისევ ისეთი უფერული ფინალი გველისო... მართალიც აღმოჩნდა, სერბებმა ვერც ამჯერად გაუწიეს ღირებული წინააღმდეგობა მაიკ კშიშევსკის გუნდს.

მილან მაჩვანის სამქულიანით ევროპელები 3:0 დაწინაურდნენ, პირველი მეოთხედიც კარგად ჩაატარეს, მაგრამ მეორე ათწუთეულიდან ამერიკელებმა სერბების სრული "ანექსია" მოახდინეს და პირველი ტაიმის შემდეგ გამარჯვებულის ვინაობასთან დაკავშირებული ყოველგვარი შეკითხვა მოხსნეს დღის წესრიგიდან.

ამაში კონკრეტული დამნაშავის ძებნა რთულია, თუმცა მაინც შეიძლება ერთი კალათბურთელისკენ თითის გაშვერა: ზაზა ფაჩულიას ახალმა თანაგუნდელმა კევინ დურანტმა, ფაქტოფრივად მარტომ "გასრისა" მეტოქე. წინა წინადადებაში გადამეტებული რომ არაფერი გვითქვამს, სტატისტიკაც ადასტურებს - აშშ-მ სერბეთს მეორე პერიოდი 33:14 მოუგო. დურანტის ანგარიშზე ამ მეოთხედში 18 ქულა დაფიქსირდა. სწორედ ამ მონაკვეთში აშშ-ს უპირატესობა +4-დან +23-მდე გაიზარდა. საბოლოოდ, "დურანტულამ" 30 ქულა ჩააგდო და ტურნირის ბომბარდირიც გახდა. იგი ერთადერთი კალათბურთელია, ორი ოლიმპიადოს ბომბარდირი რომ გახდა.

რეკორდსმენი
მართალია, ბოლო მატჩებში ამერიკის ნაკრების სნაიპერის, კარმელო ენტონის ქულათა მონაგარი უწინდელი არ იყო, მაგრამ ამ ოლიმპიადაზე იგი მაიკლ ჯორდანსაც გასცდა და ამერიკის ნაკრების ოლიმპიურ რეკორდსმენედაც იქცა - ყველაზე მეტი ქულა აქვს ჩაგდებული. გარდა ამისა, კარმელომ მესამედ მოიგო ოლიმპიადა. იგი მსოფლიოში ერთადერთი კალათბურთელისა, ვისაც ოლიმპიადებზე ოთხი მედალი აქვს მოგებული - 2004 წელს ბრინჯაო აიღო. მას შემდეგ კვარცხლბეკის მთავარი საფეხურიდან არ ჩამოსულა.

დამთხვევა
სტატისტიკოსებმა საინტერესო პარალელი აღმოაჩინეს. 1984 წლის ოლიმპიადის ფინალში ამერიკის ნაკრებმა ესპანეთი 96:65 დაამარცხა, რიოში სერბეთს ერთადერთი ქულა დააკლდა იდენტური ანგარიშის დასაფიქსირებლად. ამჯერად აშშ-მ სერბეთს 96:66 მოუგო.

სამაგიეროდ პირველი ტაიმის შედეგი იყო ანალოგიური: 1984 წლის ოლიმპიადის ფინალშიც და ახლაც პირველი ნახევრის შედეგ ტაბლოზე 52:29 ეწერა. ცხადია, ორივე შემთხვევაში ამერიკელთა სასარგებლოდ.

ბრინჯაო გასოლისაა
წლები გადის, პაუ გასოლი კი ისეთივე "მშიერი" და ენერგიულია, როგორიც თინაიჯერობისას. მან კარგად იცის თითოეული მედლის ფასი, რადგან კარიერაში ნაკრებთან ერთად 10 მედალი აქვს მოგებული.

მისი ესპანეთი მესამე ადგილისთვის მატჩში ავსტრალიას დაუპირისპირდა. გუნდს, რომელსაც სპეციალისტები ფინალში თამაშს უწინასწარმეტყველებდნენ და ამერიკის ნაკრების ყველაზე ღირსეულ კონკურენტად მიიჩნევდნენ. თუმცა ნახევარფინალში სერბეთთან წაგების შემდეგ ავსტრალიელები ფსიქოლოგიურად მოშლილები ჩანდნენ. არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად - გუნდურადაც.

ყოველივე ამით მშვენივრად ისარგებლა ესპანეთის ნარებმა და პაუ გასოლის წინამძღოლობით მეტოქე 89:88 დაამარცხა. ბოლო წამებზე თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და ვინც მეტ მდგრადობას გამოიჩენდა, გამარჯვებაც მას დარჩებოდა. ვინც მოიგო, უკვე დავწერეთ. ესპანელებს გამარჯვება ვინც მოაპოვებინა, ისიც მოგახსენეთ - პაუ გასოლმა 30 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა და ოლიმპიადის ბოლოს ასეთი კომენტარიც გააკეთა:

- შეჯიბრება ცუდად დავიწყეთ. აქედან გამომდინარე ბრინჯაოს მედლის მოპოვება მშვენიერი შედეგია. ვამაყობ, რომ ვარ ისეთი გუნდის წევრი, რომელიც არასოდეს ნებდება. გაინტერესებთ, როდის დავასრულებ სანაკრებო კარიერას? 36 წლისა ვარ მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ვითამაშებ მანამ, სანამ გუნდს დავჭირდები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
2006-ში წააგო აშშ-მ საბერძნეთთან, 2006 წლის მერე კი აღარ წაუგიათ....
asurbanifali
07:58 23-08-2016
0

სიახლეები პოპულარული