"უკეთ, ვიდრე ლონდონში" შესრულდა - ინტერვიუ ლერი ხაბელოვთან

AutoSharing Option
ფოტოზე: ლერი ხაბელოვი გენო პეტრიაშვილს ოლიმპიურ ბრინჯაოს ულოცავს
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის შესახებ დღეს თავის მოსაზრებას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, თავადაც ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი გვიზიარებს. მას მომავალთან დაკავშირებითაც საინტერესო და აქტუალური მოსაზრებები აქვს, ერთ-ერთი მაგისტრალური ხაზი კი, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად, ფსიქოლოგთა როლის გაძლიერებაც იქნება.

ამ ოლიმპიადაზე ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ბევრ ჩვენს ათლეტს ფსიქოლოგიურად გაუჭირდა. ოლიმპიური სოლიდარობისა თუ სხვა ფონდების დახმარებით, ოლიმპიური კომიტეტი აფინანსებდა მწვრთნელთა გადამზადებისა თუ სხვა პროგრამებს, მაგრამ მათ შორის არ იყვნენ ფსიქოლოგები. ახლა კი,
აპირებს,სხვა პროგრამებს მოაკლოს თანხები და აქცენტი ამ ორ მიმართულებაზე გადაიტანოს.

მან ფინანსებთან დაკავშირებითაც საინტერესო ამბავი გაგვაცნო, რაც უთუოდ დააინტერესებთ ჩვენს სპორტსმენებს.

- ტრადიციულად, თავდაპირველად ოლიმპიადაზე ჩვენი გუნდის გამოსვლა შევაფასოთ - რამდენად გაამართლეს თქვენი იმედები?
- ჩვენ ოლიმპიადამდეც ვამბობდით, რომ ლონდონის თამაშებზე უკეთესი შედეგი გვექნებოდა და ასეცაა - ორი ოქრო მოვიპოვეთ. 38-ე ადგილზე გავედით ქვეყნებს შორის და ამითაც კმაყოფილი ვართ. გამართლდა ჩვენი ლოზუნგი - "უკეთ, ვიდრე ლონდონში". ამასთან, რეკორდული იყო ლიცენზიატთა რაოდენობა - 40 სპორტსმენი.

ცხადია, ზოგ შემთხვევაში უკეთესის მოლოდინიც გვქონდა. სამაგიეროდ, ძალოსნობაში ორი მედალი დიდი მიღწევაა - წონაში ორი კაცი გყავდეს და ორივემ ჯილდო მოიპოვოს, ეს კარგი შედეგია.

მთლიანობაში, მედლების იგივე რაოდენობა მივიღეთ, რაც - ლონდონში, თუმცა, ვფიქრობ, 1-2 ჯილდო კიდევ შეიძლებოდა, გვქონოდა. ჩვენ თავიდანვე ორ ოქროს ვვარაუდობდით და ასეც მოხდა. დამოუკიდებლობის მერე 6 ოლიმპიადაზე გამოვედით და 8 ოქრო მოვიპოვეთ. ამათგან 3-3 ძიუდოზე და ჭიდაობებზე მოდის, 2 - ძალოსნობაზე. ახლაც ამ სახეობებში გვაქვს უმაღლესი მიღწევა.

- ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რაღაც ისე გამოდის, რომ ერთ ადგილს ვტკეპნით - ოქროების ოდენობითაც, წარმატებული სახეობების გეოგრაფიითაც... ორი ოქრო კარგია, მაგრამ, აგერ, მარტო მაიკლ ფელპსმა 5 მოიპოვა. რა უნდა გაკეთდეს ახალ სიმაღლეზე ასასვლელად?
- ამ ოლიმპიადამ ახალ სახეობებშიც წარმოაჩინა პერსპექტივა. მაგალითად, კანოეში ძალიან კარგად გამოვიდა ზაზა ნადირაძე, რომელსაც ყველანაირად შევუწყვეთ ხელი.

წავიკითხე, რომ მას თითქოს არ ჰქონდა ხელფასი, ნავი, ნიჩაბი, მაგრამ ეს ყველაფერი ჰქონდა ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამიდან. პირველივე დღეებიდან, როცა კი დავიწყეთ ფიქრი სახეობათა გეოგრაფიის გაზრდაზე, მას დავუნიშნეთ ხელფასი - 500 დოლარს იღებდა ყოველთვიურად. არც ერთი შეკრება, არც ერთი ღონისძიება არ ჩავარდნილა. მოგეხსენებათ, მან ლიცენზია ბოლო ტურნირზე მოიპოვა და ზოგნი ამბობდნენ, უკვე ვეღარ აიღებსო, თუმცა მაინც ბოლომდე დავეხმარეთ.

ის მხოლოდ ტექნიკური შეცდომის გამო დარჩა მეხუთეზე, თორემ ცოტა დააკლდა მედლამდე. მას დიდი პერსპექტივა აქვს. თუ ასე გააგრძელებს, მომავალ თამაშებზე წარმატებით გამოვა.

მეორე ასეთივე იმედის მომცემი სახეობაა ფარიკაობა, სადაც ასევე ახალგაზრდა და გამოუცდელი ოლიმპიელი გვყავდა - სანდრო ბაზაძე. მასაც გამოცდილება არ ეყო, თორემ უკეთეს შედეგს მოიპოვებდა. ის შეყვარებულია ამ სახეობაზე; ცხადია, გააგრძელებს ვარჯიშს და მომავალ ოლიმპიადაზე მეტ შედეგს უნდა ველოდოთ.

ბატუტისტი ლუბა გოლოვინაც ახალგაზრდაა და თავისი მაქსიმუმი გააკეთა - შევიდა ფინალში, სადაც მეშვიდეზე დარჩა. ასევე თავისი მაქსიმუმი გააკეთა ნინო სალუქვაძემაც - მეექვსეზე გავიდა, თუმცა ცოტა უკეთეს შედეგს ველოდით და ეს შეეძლო კიდეც. სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით, ტყვიის სროლაში მისმა ვაჟმა - ცოტნე მაჭავარიანმაც კარგი სურათი დაგვანახვა.

თქვენს კითხვას კი რაც შეეხება ერთ ადგილზე ტკეპნის შესახებ, იმავე ჭიდაობაში 6 ოქრო თამაშდება და ერთი ჩვენ წამოვიღეთ - განა ეს ცუდი შედეგია?

- მაგრამ წინა ოლიმპიადაზე ჭიდაობებში ოქრო არ გვქონდა, თორემ 6 მედალი მოვიპოვეთ, ახლა - 3.
- რაოდენობრივად აქაც შეიძლებოდა მეტი. მაგალითად, ელიზბარ ოდიკაძემ წნეხს ვერ გაუძლო, თორემ მედალი უნდა მოეპოვებინა. ამერიკელ კაილ სნაიდერსს რა გდება გაუკეთა - ძიუდოში ის სუფთა მოგება იქნებოდა, მაგრამ ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლო. 4:0 იგებდა და ეს ანგარიში უნდა შეენარჩუნებინა. მერე დამამშვიდებლის ფინალშიც ძალიან ცუდად იჭიდავა, თორემ მედლის მოპოვება კიდევ შეიძლებოდა.

განვლილ 6 ოლიმპიადაზე სულ ხუთ სახეობაში გვაქვს მედალი მოპოვებული: ჭიდაობა, ძიუდო, ძალოსნობა, კრივი და ტყვიის სროლა. ცხადია, ეს ძალიან ცოტაა და სახეობათა გეოგრაფია უნდა გაიზარდოს, სხვებიც უნდა დაემატონ, თორემ მარტო საჭიდაო სახეობებით და ძალოსნობით შორს ვერ წავალთ. მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე უნდა ვეცადოთ, რომელიმე გუნდურ სათამაშო სახეობაშიც მოვიპოვოთ საგზური. ამ სიაში მოვიაზრებთ შვიდკაცა რაგბის, კალათბურთსა და წყალბურთს. სხვებზე მეტად ამ სახეობებში შეგვიძლია თამაშებზე მოხვედრა.

- ჭიდაობებზე ბრძანეთ და ჩვენმა გუნდმა საკმაოდ ცუდი ფსიქოლოგიური მომზადება გამოავლინა: ოდიკაძეზე თავად ბრძანეთ, მაგრამ ზურაბ იაკობაშვილმაც 40 წამი ვერ გაძლო უდიდეს სენსაციამდე, როცა 3:0 უგებდა იტალიელ ფრანკ ჩამიზოს. ჩვენებმა ანგარიშის შენარჩუნებაზე ვერ იჭიდავეს, დაიბნენ, თითქოს არ იცოდნენ, როგორ ემოქმედათ. თან იგივე სურათი იყო ძიუდოშიც...
- გეთანხმებით და ამ სიას სანდრო ამინაშვილსაც დავამატებდი - მასში ვერ დავინახე ის ჟინი, რომლითაც შარშან ევროპულ თამაშებზე თავგატეხილი, საკმაოდ მძიმე ტრავმით მივიდა ბრინჯაომდე და მერე მსოფლიოზეც იმავე სინჯის მედალი მოიპოვა.

ოლიმპიური თამაშების მონაწილე თავად ვარ, გამარჯვებაც გამომიცდია, დამარცხებაც ვიცი და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვამბობ, ოლიმპიადა ძირითადად ფსიქოლოგიური განწყობაა. სწორედ ამიტომ ვერ შეინარჩუნა ოდიკაძემ 4-ქულიანი უპირატესობა, არ ჰქონდა ეს განწყობა.

ამ წნეხს ბევრი უძლებს, ბევრი - ვერა. ვისაც გამოცდილება მიღებული აქვს, ის ადვილად ართმევს თავს ამას, როგორც ეს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გააკეთა. წარმოიდგინეთ - 57 კილოგრამში სპორტსმენი 9 კილოგრამს რომ დაიკლებს და მაინც ასე იჭიდავებს. ლონდონის თამაშების შემდეგ მას იმის განწყობა და მიზანი ჰქონდა, რომ ახლა უნდა მოეგო და ასულიყო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. ამას გაუძლო და მიზანსაც მიაღწია, რადგან ამ ოთხი წლის განმავლობაში ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად ემზადებოდა ამისთვის. თან ყველა ორთაბრძოლა დაძაბული ჰქონდა, მაგრამ საქმე მაინც მიიყვანა ბოლომდე. იმავე იაპონელთან ფინალში აგებდა, თუმცა არ გაჩერებულა, ბოლომდე იბრძოლა და მებრძოლი ხასიათი აჩვენა.

სპორტსმენი სწორედ ასე უნდა იყოს შეიარაღებული, თორემ სხვანაირად არაფერი გამოვა. თუ ტექნიკური, ფიზიკური ან სხვა სახის კომპონენტი გაკლია, ის აუცილებლად იჩენს თავს.

რაც შეეხება ანგარიშის შენარჩუნებაზე ჭიდობას, ესეც ტაქტიკის ნაწილია. მაგალითად, გენო პეტრიაშვილს პირდაპირ ვუთხარი, რომ ირანელთან ქულების მოპოვების შემდეგ არ უნდა გაჩერებულიყო. ის პოტენციალით თურქთა ოლიმპიურ ჩემპიონ ტაჰა აკგულზე მაღლაც კი დგას, ხოლო ირანელზე არცაა ლაპარაკი. წარმოიდგინეთ - როცა მძიმე წონის მოჭიდავეს რამდენიმე თვით ადრე 10:0 ამარცხებ ანუ ამდენ ქულას უკეთებ, როგორც გენომ დაამარცხა გასემი, და ოლიმპიადაზე მასთან ჩერდები!

მისი შეცდომა ის იყო, რომ შენარჩუნებაზე დაიწყო ჭიდაობა. ჩოქბჯენშიც შეცდა - იმსიგრძეა, ზონასთან ახლოს იყო, ხელი რომ გაეშალა, წრის გარეთ გადააწვდენდა და შეხვედრას შეაჩერებდნენ, დგომში გააგრძელებდნენ. იქ ვერ დავინახე, რომ ფსიქოლოგიურად მზად იყო. თან ცოტა თავდაჯერებაც აკლია. სულ მეშინოდა, რომ ტაქტიკურად არ დაეშვა შეცდომა, თორემ პოტენციალით ყველაზე მაღლა დგას.

- ახალგაზრდულში გენო თითქოს უფრო სწრაფიც იყო, სხვანაირ შესვლებსაც აკეთებდა, ფეხებიდან ჯვარედინ მოვლებებზე ძალიან ეფექტურად ჭიდაობდა, რაც ახლა კარგა ხანია, არ გვინახავს.
- გეთანხმებით, მაგრამ ახალგაზრდული ნაკრები სხვაა. როცა დიდ ჭიდაობას ჭიდაობ, ამას ტაქტიკური მომზადებაც სჭირდება. გენო თუ ამას შეძლებს, ერთ-ერთი ლიდერი იქნება მძიმე წონაში. ოღონდ ამ კუთხით აუცილებლად უნდა განაგრძოს მუშაობა, თორემ იმ შეცდომებს კიდევ გაიმეორებს.

მეტოქე გსწავლობს, რომელ წუთზე რას აკეთებ და ამიტომ შენც უნდა მოემზადო. მას ასაკი რაც უფრო მოემატება, უფრო ნაკლებ შესვლებს გააკეთებს. სამწუხაროდ, ჩვენს სხვა სპორტსმენებს არ ჰყოფნით ძალა, გამძლეობა, ფიზიკური მომზადება, გენოსთან კი ამის პრობლემა არაა. ძალით მას ვერავინ ჯობნის, ტაქტიკა-ტექნიკაში უნდა მოუმატოს. მით უფრო, ასაკთან ერთად დაკაცდება და ძალა კიდევ უფრო მოემატება.

- ხინჩეგაშვილმა იმდენად დახვეწილად იჭიდავა, სასიამოვნო იქნება მასზე დაწვრილებით საუბარი.
- მართლაც სასიამოვნოა, ლადომ იმდენად კარგად იასპარეზა. მან შარშან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალიც ხასიათის ხარჯზე მოიგო ირანელ რაჰიმისთანაც და ახლაც პროფესორივით იჭიდავა, თავისი მაქსიმუმი გამოავლინა. ის იაპონელი ძალიან მაგარი ბიჭი კი იყო, მაგრამ აკლდა გამოცდილება, სხვა ყველაფერი ჰქონდა. რეი ჰიგუჩიმ ირანელი პატარა ბავშვივით აბურთავა. არადა, მე რაჰიმის უფრო მეშინოდა.

ფინალის წინ მივედი ლადოსთან და ვუთხარი, ახლა ყველაფერი შენს ხელშია, რადგან მისი სტილი შენსას ზუსტად ერგება და უნდა გააჩერო, არ უნდა მისცე მისი ჭიდაობის საშუალება-მეთქი. არ ვამბობ, რომ ჩემი რჩევებით გაიმარჯვა, მაგრამ შეხვედრა მართლაც ასე წარიმართა - ლადომ რამდენჯერმე ჩაუშალა შეტევა, თვითონაც უტევდა და მის შეცდომებზეც აუღო ქულა. ლადომ ძალიან კარგი ხასიათი აჩვენა. ის განწყობილი იყო ჩემპიონობისთვის და გახდა კიდეც.

- ვფიქრობ, საჭიდაო სახეობებში საჩემპიონო ხასიათი ყველაზე მეტად ხინჩეგაშვილმა, შმაგი ბოლქვაძემ და ლაშა შავდათუაშვილმა გამოავლინეს, სხვებს კი ეს დააკლდათ.
- მეც ზუსტად ამას ვეუბნებოდი მოჭიდავეებს. ბოლქვაძის ხასიათი ჯერ კიდევ ევროპაზე მომეწონა და მასზე ვამბობდი, რომ შეეძლო შედეგის ჩვენება. ბრაზილიაში პირადადაც ვეუბნებოდი ამას - მებრძოლი ხარ და ყველაფერი გაქვს წარმატებისთვის. ნუ მიაქცევ ყურადღებას მეტოქის ტიტულებს და ნურც იმას, მოგებული გაქვს თუ წაგებული მასთან, შენი მაქსიმუმი გააკეთე და ხასიათი გამოავლინე-მეთქი. როცა ის პირველად ვნახე, მაშინვე ვთქვი, რომ მას კარგი ხასიათი აქვს. მზარდი ახალგაზრდაა და შეუძლია, ნებისმიერი შედეგი მოიპოვოს. მით უმეტეს, წარმატებები უკვე აქვს, ხოლო ოლიმპიური ბრინჯაო ძალიან დიდი სტიმული იქნება მისთვის. ვფიქრობ, მსაჯი სწორი იყო მის ნახევარფინალურ შეხვედრაში სერბ დავირ სტეფანეკთან. ზოგადად, ვერ ვიტყვი, რომ ამ ოლიმპიადაზე დაგვჩაგრეს.

ბერძენ-რომაელთაგან ზურაბ დათუნაშვილის დიდი იმედიც მქონდა, მაგრამ ფსიქოლოგიურად ვერ გაართვა თავი. შავდათუაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მებრძოლია და კარგი ხასიათი აქვს. ყველას ეტყობა, ვინაა საჩემპიონოდ განწყობილი და ვის შეუძლია ბოლომდე ბრძოლა. ლაშა ტალახაძემაც ზუსტად ასეთი ხასიათი გამოავლინა, თორემ იმ რეკორდს ვერ დაამყარებდა.

- რომელი ნაკრები იყო სასიამოვნო სიურპრიზი და პირიქით, ვინ გაგაწბილათ?
- ყველაზე სასიამოვნო ძალოსანთა ასეთი გამოსვლა და განსაკუთრებით, თურმანიძის მედალი იყო, თორემ ტალახაძისგან ოქროს ველოდით. თან პიროვნულადაც ძალიან კარგი ბიჭები არიან - სოფელში შეგხვდებოდნენ თუ სადმე სხვაგან, ყოველთვის თავაზიანად, ზრდილობიანად, მეგობრულად გხვდებოდნენ. შინაგანად დადებითად განეწყობოდი მათ მიმართ.

შავდათუაშვილის მედალიც ძალიან სასიამოვნო იყო, რადგან ახალ წონაში მოიპოვა. ის იაპონელი შოჰეი ონო ძლიერია, მაგრამ ამან ბოლომდე იბრძოლა, სამომავლოდ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს ონოს დასამარცხებლად. მით უფრო, ძიუდოში შეიძლება, ყველაფერი წამებში გადაწყდეს.

უკმაყოფილო გუნდებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ის შედეგი მივიღეთ, რასაც ვვარაუდობდით და რასაც ველოდით.

- როგორ - ძიუდოს ნაკრებისგან მეტს არ ელოდით?
- ამ ნაკრებს შეეძლო, ერთი მედლით მეტი ჰქონოდა, რაც კარგი შედეგი იქნებოდა, მაგრამ მათგან ოქროს იმედი ნაკლებად მქონდა. ოცნება გასაგებია - ჩემპიონობა ყველას სურს, მაგრამ სურვილი ერთია, რეალობა - მეორე, რეალობა კი ისაა, რომ მათ შარშან მსოფლიოზეც 2 ბრინჯაო ჰქონდათ.

გასაგებია, რომ მოლოდინი დიდი იყო. მაგალითად, როცა ამირან პაპინაშვილმა იაპონელი დაამარცხა, გვეგონა, რომ ფინალში გავიდოდა, მაგრამ ნახევარფინალშიც დამარცხდა და ბრინჯაოსთვის შეხვედრაშიც. ამიტომ ვამბობ, რომ სურვილი ერთია და რეალობა - სულ სხვა.

გადაჭრით იმის თქმა შემიძლია, რომ 81 კილოგრამში უმედლოდ არ უნდა დავრჩენილიყავით. თუმცა ოლიმპიადა ასეთი ტურნირია - იქ ძალიან ხშირად იმარჯვებენ საშუალო დონის სპორტსმენები, რადგან მათ არ აქვთ ის წნეხი, რომ აუცილებლად ჩემპიონები უნდა გახდნენ. ავთანდილ ჭრიკიშვილიც ასეთ დღეში იყო, რომ აუცილებლად ჩემპიონი უნდა გამხდარიყო და როცა წააგო, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ვეღარ განეწყო, ის ჭრიკიშვილი არ იყო.

- მოსამზადებელ პერიოდში ძიუდოს ნაკრებში რაც ხდებოდა, კარგად იცით. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ სპორტსმენის საქმე უნდა იყოს ვარჯიში და არა პრემიებზე კამათი ან ამგვარი რამეები?
- გეთანხმებით, რომ ყველა თავის საქმეს უნდა აკეთებდეს. ჭიდაობაშიც იგივე იყო - რატომ უნდა ჩაერიოს სპორტსმენი, ვინ იქნება ფედერაციის პრეზიდენტი? ის ამასთან არაფერ შუაშია. პრეზიდენტი თავის საქმეს უნდა აკეთებდეს, მწვრთნელი - თავისას და სპორტსმენი - თავისას. ჩვენთან ეს ცოტა აღრეულია, სუბორდინაციას არ იცავენ. ძალიან კარგად ვიცი, რა ხდება არა მარტო ამ ორ, არამედ - ზოგადად, ფედერაციებში. ყველა თავის ადგილას უნდა იდგეს და თავის საქმეს აკეთებდეს.

- ძიუდოისტები არაოფიციალურად, მაგრამ სხვებზე უფრო აქტიურად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, რომ ინფლაციის მიუხედავად, სახელმწიფო პრემიები მაინც უცვლელი დარჩა. სამომავლოდ თუ იგეგმება ამ ნიხრების გადახედვა?
- ამაზე გვქონდა საუბარი სპორტის მინისტრსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან. ოლიმპიური ჩემპიონობისთვის დაწესებული ეს თანხა - 170 ათასი ლარი აღებული, იმდროინდელი კურსით, რადგან მაშინ ლარი დოლართან მიმართებაში 1,7-ზე იყო. აქედან წამოვიდა ეს 170 ათასი ლარი, რაც 100 ათასი დოლარია, თუმცა ინფლაცია მართლაც უნდა გავითვალისწინოთ და კორექტივები შევიტანოთ. ამაზე მუშაობა მიდის.

ამასთან, ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი, სამშენებლო კომპანია "სვეტი" ასრულებს თავის პირობას და აჭარის რეგიონის სპორტსმენებს გადასცა ბინები ბათუმში მშენებარე ოლიმპიურ კომპლექსში, რომელიც 2018 წელს დასრულდება. ახლა, თამაშების შემდეგ ოლიმპიურ ჩემპიონებსაც ასევე გადასცემს ბინებს.

- წინა ოლიმპიადებზე მედალოსნებს სახელმწიფო პრემიების გარდა გვარიანი პრემიებიც გადაეცათ. ამჯერად ამაზე არ იყო ლაპარაკი, რაზეც ძირითადად ასევე ძიუდოისტები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას. ამ მხრივ ხომ არაა სიახლე მოსალოდნელი?
- ადრე ეს დამატებითი პრემიები ჯერ ბადრი პატარკაციშვილის, მერე კი პრეზიდენტის ფონდიდან გაიცა. ამჯერადაც დავაყენეთ ეს საკითხი, თუმცა რეალურად ჯერ კიდევ ველოდებით, რა იქნება. ვფიქრობ, ეს საკითხი ისევ განხილვის პროცესშია.

- მძლეოსნობასა და ცურვაში ანუ იმ სახეობებში, სადაც ოლიმპიადაზე ყველაზე მეტი მედალი თამაშდება, როგორ გესახებათ მდგომარეობის გამოსწორების გზა?
- საამისოდ ორივე ფედერაციას ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება. მძლეოსნობამ სარეკორდო რაოდენობის ლიცენზიები კი მოიპოვა, ამჯერად ცურვაშიც ავიღეთ საგზური, მაგრამ ლაპარაკია იმაზე, რომ სპორტსმენები სათანადო დონეზე მოვამზადოთ.

საერთოდ, ტანვარჯიშთან ერთად ორივე ამ სახეობით იწყება სპორტის ანბანი. აუცილებლად უნდა გავზარდოთ ამ სახეობების მასობრიობა, რათა გაიზარდოს დაინტერესება და გაგვიჩნდეს სელექციის მეტი საშუალება. ეს ორ ნაწილად უნდა გავაკეთოთ - შეიქმნას მეტი ინფრასტრუქტურა და სპეციალისტთა მომზადების დონე უნდა ავამაღლოთ. უნდა ვიაროთ მთელ საქართველოში და ვეძებოთ ტალანტები, თუმცა ბაზებიც აუცილებელია.

ასევე აუცილებელია, თუნდაც ერთი სპორტსმენი მაინც გვყავდეს წარმატებული, რომ მის მაგალითზე გაიზარდოს დაინტერესება და წამოვიდეს მასობრიობა. თუმცა ძალიან ცუდია, როცა პირამიდის სათავიდან ვიწყებთ, რადგან სახლის შენება სახურავიდან არ იწყება. ჩვენც მასობრიობიდან უნდა დავიწყოთ, მაგრამ ამ ეტაპზე ერთი მაინც რომ გვყავდეს სახელოვანი ათლეტი, ეს სხვებისთვის მიზანი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძიუდოზე იგივეს ვერ ვიტყვი)
svani
23:36 10-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული