სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...

AutoSharing Option
ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები 5-18 აგვისტოს ბრაზილიაში, ქალაქ რიო დე ჟანეიროში გაიმართა და იმთავითვე შეიძინა დამატებითი მნიშვნელობა, როგორც სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე გამართულმა პირველმა ოლიმპიადამ.

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ "იმ დიდ ქალაქში" 7 მედალი მოიპოვა, რითაც რაოდენობრივად გაიმეორა წინა თამაშების მაჩვენებელი, თუმცა ხარისხობრივად გაუსწრო მას - ლონდონში მხოლოდ ერთი ოქრო გვქონდა, აქ კი ორი მოვიპოვეთ, რასაც 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო დაემატა, ამ ყველაფერმა კი არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში 207 ქვეყანას შორის 38-ე ადგილზე გაგვიყვანა.

ჩემპიონები თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) და
ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+105) გახდნენ, ვინც მსოფლიოსა და ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა და პლანეტის უძლიერეს მამაკაცად აღიარეს. ვერცხლის მედალი ძიუდოისტ ვალერი ლიპარტელიანს (90) ერგო, მესამე პრიზიორები კი ძალოსანი ირაკლი თურმანიძე (+105), ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე (66), თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125) და ძიუდოისტი, წინა ოლიმპიადის გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი (73) გახდნენ.

ამ წმინდა სტატისტიკური ციფრების მიღმა რამდენიმე გამოსარჩევი ამბავი დგას, რაც უპრეცედენტოა საქართველოსთვის და ცალ-ცალკე შევეხებით მათ.

რეკორდი
ეს თამაშები ჩვენთვის დაწყებამდევე იქცა სარეკორდოდ: პირველად მოვიპოვეთ 40 ლიცენზია, რაც ასევე პირველად შევძელით სპორტის 13 სახეობაში; ოლიმპიადის მონაწილეთა შორის პირველად მოხვდა ნიჩბოსნობა, მარათონი, ქალთა ძიუდო, ცურვაში პირველად მოვიპოვეთ საგზური და აღარ დავრჩით ეგრეთ წოდებული ველური ბარათის იმედად.

ტყვიის სროლაშიც პირველად მოვიპოვეთ 2 ლიცენზია და მშვილდოსნობაშიც - გუნდური საგზური. ტყვიის სროლაში 2 მონაწილე ადრეც გვყოლია, მაგრამ ეს მთლიანად ნინო სალუქვაძის დამსახურებით ხდებოდა, რადგან ორივე დისციპლინაში იღებდა საგზურს, ახლა კი მოვიპოვეთ მე-2 ლიცენზია და სიმბოლურია, რომ ეს სალუქვაძის შვილმა გააკეთა.

ასევე მშვილდოსნობაშიც ერთხელ - ათენში გვყავდა სამი სპორტსმენი, მაგრამ მაშინ სამივემ ცალ-ცალკე, პირად პირველობაში მოიპოვა ეს უფლება, ახლა კი გუნდურ ტურნირში დავეუფლეთ და უსაგზუროდ დავტოვეთ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, კორეელთა ჰეგემონიის ერთადერთი დამამხობელი იტალია.

გმირი
ჩვენდა საბედნიეროდ, სარეკორდო და სასიამოვნო ამბები თავად ოლიმპიადაზეც გაგრძელდა.

Sportall.Ge

როცა გვყავს ორი ოლიმპიური ჩემპიონი, ცოტა ძნელია რომელიმეს გამორჩევა, მაგრამ ტალახაძემ იმდენად უნიკალური შედეგი აჩვენა, ვფიქრობთ, ამოცანა გაგვიადვილა - მას შემდეგ, რაც ოლიმპიური ჩემპიონობა გაინაღდა, მსოფლიოს რეკორდზე წავიდა და 258-კილოგრამიანი შტანგა აჰკრა. მან ორჭიდში 473 კილოგრამი დააგროვა (215+258), რაც ორჭიდში მსოფლიოსა და ოლიმპიური რეკორდია. მას ტაში თვით მთავარმა კონკურენტმა, წინა თამაშების გამარჯვებულმა ირანელმა ბეჰდად სალიმიმ დაუკრა, ვისაც ჟიურიმ აკვრაში ორი ცდა არ ჩაუთვალა.

ამავე წონაში მესამე ადგილზე ირაკლი თურმანიძე გავიდა - ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში ესეც პირველად მოხდა, როცა კვარცხლბეკზე ერთად იდგა ორი ქართველი.

Sportall.Ge

იმედია, მსგავსი წუთები კიდევ განმეორდება.

ხინჩეგაშვილი - ჭეშმარიტი პროფესორი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიოში ფრიად გამოკვეთილ ფავორიტად წავიდა. ბოლო ორ წელიწადში ის ძალიან გაიზარდა, როგორც სპორტსმენი და მის მეტოქეებს რომ ვუყურებდი, სიმართლე გითხრათ, ვერც კი წარმომედგინა, რომელიმეს თუ ხელეწიფებოდა ქართველის დამარცხება.

Sportall.Ge

თუმცა ერთი გამეორება მიჩენდა შიშს - ლადომ წინა ოლიმპიადის ფინალიც იჭიდავა და ნუთუ შეძლებდა ზედიზედ მეორედ იქ გასვლას, ანუ იმის გაკეთებას, რასაც ძალზე იშვიათად ახერხებენ? ოლიმპიადა ხომ ისეთი ტურნირია, სადაც დიდი ფსიქოლოგიური სტრესის გამო ლიდერებს ხშირად უჭირთ ჭიდაობა, უცნობებს კი ამ ტვირთის არარსებობის გამო, პირიქით, ხელ-ფეხი ეხსნება და ამიტომ ყოველთვის შემოვარდება ხოლმე ვინმე უცნობი და უტიტულო, ვინც თავდაყირა დააყენებს პროგნოზებსაც და კვარცხლბეკსაც.

საბედნიეროდ, ხინჩეგაშვილი გამონაკლისი აღმოჩნდა - ზედიზედ მეორედ ფინალშიც გავიდა და ამჯერად გაიმარჯვა კიდეც.

ჟურნალისტები ხშირად არა, მაგრამ ამა თუ იმ ფალავანთან მიმართებაში პერიოდულად ვიყენებთ გამოთქმას - "ჭიდაობის პროფესორი". დღევანდელი მოჭიდავეებიდან ეს ტიტული თუ ვინმეს ეკუთვნის, უპირველესად - ვლადიმერ ხინჩეგაშვილს. ბოლო 2-3 წელიწადში სპორტული თვალსაზრისით ის შეუდარებლად გაიზარდა და ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდა, რომელიც ერთ ზედმეტ მოძრაობას არ აკეთებს ხალიჩაზე, შეუმცდარად გრძნობს ილეთს და თითქმის არ ჰკარგავს ქულებს. თუ დაჰკარგავს, ათმაგად იბრუნებს.

25 წლის სპორტსმენს უდიდესი შანსი აქვს, ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე იჭიდაოს, ზედიზედ მესამედ გავიდეს ფინალში და ზედიზედ მეორედ გახდეს ოლიმპიური ჩემპიონი. ამით ის ლეგენდარული ლევან თედიაშვილის რეკორდსაც გააუმჯობესებს.

უგვირგვინო გმირი
ოლიმპიადას უგვირგვინო გმირებიც ჰყავს, უმედლოდ დარჩენილი გმირები. რიოში ასეთად ქართველი ნიჩბოსანიც იქცა - რაც იქ ზაზა ნადირაძემ გააკეთა, ეს სპორტული გმირობაა.

Sportall.Ge

ამ ოლიმპიური ციკლის დასაწყისში კი არა, შუაწელშიც ძნელად თუ იფიქრებდა ვინმე, რომ ამ სახეობაში ლიცენზიას მოვიპოვებდით. თუმცა ახალგაზრდებში მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორისგან ეს, ასე თუ ისე, მაინც იყო დასაშვები, მერე ოლიმპიადაზე მისგან ფინალის საგზურს, ალბათ, არავინ ელოდა. მაგრამ ოლიმპიადის ხიბლიც ასეთ მოულოდნელობებშია და რუსთაველმა ნიჩბოსანმა რიოშიც მეტად ყოჩაღად გაცურა.

ეგ კი არა, ცოტა მეტი გამოცდილება რომ ჰქონოდა, ფინალში მედალს მოგვიტანდა - სტარტზე ცოტა დააგვიანდა და დაკარგული ვეღარ აინაზღაურა, თორემ ძალიან კი მოინდომა.

ნადირაძე მოფარიკავე სანდრო ბაზაძესთან, გენო პეტრიაშვილთან, ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავასა და კიდევ რამდენიმე სპორტსმენთან ერთად იმათ შორისაა, ვინც ტოკიოს ოლიმპიადისთვის დიდი იმედი მოგვცა.

შავდათუაშვილის უჩვეულო ხასიათი
ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ქართველი სპორტსმენებისთვის უჩვეულო პროფესიულ ხასიათს ავლენს - 19 წლისა ლონდონში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, თუმცა ამას მის შედეგებზე უარყოფითად არ უმოქმედია და ევროპის ჩემპიონატიც მოიგო, რიოში კი ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე მოიპოვა მედალი.

Sportall.Ge

თან ეს ახალ წონაში გააკეთა, ამ ციკლში კი მეტოქეების გარდა, ბლომად ტრავმებსაც ებრძოდა და ადაპტაციის პრობლემასაც წარმატებით აგვარებდა.

ძიუდოისტთა ნაკრებიდან პრეტენზია მასთან და ბექა ღვინიაშვილთან (90) არ გვაქვს, ვისაც ყველა ლოგიკის საწინააღმდეგოდ აჭიდავებდნენ მისთვის უჩვეულო 100 კილოგრამში. შავდათუაშვილს ვერც იაპონელთა მომავალ ჩემპიონ შოჰეი ონოსთან წაგებისთვის დავძრახავთ - იაპონელი დღეს ისეთივე დაუმარცხებელია, როგორიც - ფრანგი ტედი რინერი მძიმე წონაში, გორელმა ფალავანმა კი მასთან მედგრად იბრძოლა და ყველაფერი გააკეთა, უბრძოლველად არ დაუთმია არაფერი.

საჭიდაო გუნდებიდან მებრძოლი ხასიათი შავდათუაშვილმა, ხინჩეგაშვილმა და ბოლქვაძემ გვაჩვენეს.

შავდათუაშვილმა ამ მედლით გაიმეორა ლეგენდარული შოთა ჩოჩიშვილის რეკორდი, რომელმაც ოლიმპიური ოქრო-ბრინჯაო ასევე ორ სხვადასხვა წონაში მოიპოვა, თუმცა 24 წლის ძიუდოისტი ინარჩუნებს მშვენიერ შანსს, ტოკიოში მოიპოვოს მორიგი წარმატება და გაუსწროს თავის თანაქალაქელს. მას ასევე დიდი შანსი აქვს, მსოფლიოს ჩემპიონიც გახდეს, რითაც პირველი ქართველი ძიუდოისტი იქნება, ვისაც სამივე უმაღლესი ტიტული ექნება - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონის.

ბოლქვაძის სიურპრიზი
მათი ბოლოდროინდელი კრიზისის ფონზე, ბერძენ-რომაელთა ნაკრებისგან მედალს ძნელად თუ ელოდა ვინმე, მაგრამ ამ სტილის მოჭიდავეთა ტურნირის ბოლო დღეს მორიგი ლამაზი სიურპრიზი ხულოელმა შმაგი ბოლქვაძემ შემოგვთავაზა და ამ გუნდის ერთადერთ მედალოსნად იქცა.

Sportall.Ge

ვინ იცის, მსოფლიოს ფედერაციის პრეზიდენტ ნენად ლალოვიჩის თანამემამულე, სერბი დავორ სტეფანეკი ბადის მეორე მხარეს რომ ყოფილიყო, ბოლქვაძე ფინალშიც გვეხილა.

თუმცა იქნებ ეს ტოკიოში მოხდეს, მანამ კი 22 წლის ფალავანმა ეს მედალი ერთი წლის წინ გარდაცვლილ მამას მიუძღვნა, რომელიც ოცნებობდა შვილის ოლიმპიურ ჩემპიონობაზე.

დედაშვილური ოლიმპიადა
ამ ოლიმპიადაზე ნინო სალუქვაძეს რამდენიმე მოვლენა უკავშირდება - ეს მისთვის მერვე თამაშები იყო, სადაც უკვე შვილთან, ცოტნე მაჭავარიანთან ერთად იასპარეზა.

ასოკირკიტა ჟურნალისტებმა ისიც გაარკვიეს, რომ თურმე თამაშებში დედა და ვაჟიშვილი პირველად გამოვიდოდნენ ერთად (დედა და ქალიშვილი ყოფილან ორჯერ, მამა და ვაჟიშვილების დუეტი - გაცილებით ხშირად). ეს უკვე ახალი ფურცელია ოლიმპიზმის ისტორიაში, რასაც სალუქვაძის კიდევ ერთი მიღწევა დაემატა - თამაშებში მონაწილეობის მხრივ ის საქართველოში აქამდეც რეკორდსმენი იყო, ახლა კი ამ მაჩვენებლით ტყვიის სროლაში საერთაშორისო მასშტაბითაც პირველი გახდა.

მერვე თამაშების საგზური სერბმა იასნა სეკარიჩმაც მოიპოვა, მაგრამ აშკარად ვერ იყო ფორმაში და სერბეთის სროლის ფედერაციამ მისი საგზური სხვას გადასცა. თუმცა სეკარიჩს ამაზე გული არ დასწყდება - ლონდონის ლიცენზია ვერ მოიპოვა, მაგრამ ასე ჩამოართვეს სხვას საგზური და მას გადასცეს. სერბული ფედერაციის ამ გადაწყვეტილებით სალუქვაძემ იხეირა და თავის სახეობაში მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე სტაჟიანი ოლიმპიელი გახდა, ახლა კი შანსი აქვს, რეკორდის თანაავტორი გახდეს სროლაში მსოფლიოს მასშტაბით ანუ ყველა დისციპლინაში - პისტოლეტი, თოფი, შაშხანა.

ამ მხრივ ლიდერობს ლატვიელი ოლიმპიური ჩემპიონი, თოფოსანი აფანას კუზმინსი - 9 თამაშები (სხვათა შორის, ის და სალუქვაძე ერთად გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები 1988 წელს სეულში), თუმცა მან თოფი უკვე შეინახა შალითაში, უბერებელი ქართველი ჩუბინი კი ისევ აგრძელებს კარიერას. ამისთვის მას დიდი სტიმული სწორედ შვილის ფაქტორმა მისცა.

სალუქვაძე ბოლო წლებში ლამის ყველა ოლიმპიადის წინ ამბობდა, რომ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, გააგრძელებდა თუ არა კარიერას, მაგრამ რიოდან დაბრუნებულს ამ თემაზე კითხვის დასრულება არ მაცალა, მტკიცედ მიპასუხა, ვრჩები და ვაგრძელებ კარიერას, რადგან ყველაზე მეტად ახლა ვჭირდები ცოტნესო.

Sportall.Ge

ძალიანაც კარგი - მას შანსი აქვს, ოლიმპიადებში მონაწილეობის საყოველთაო რეკორდზე წავიდეს - ეს მაჩვენებელი 10 თამაშებია, თუმცა ეს ციფრი ოლიმპიზმის ისტორიის მკვლევართათვის საკამათოა, რადგან საუბარია გასული საუკუნის დასაწყისის ოლიმპიელებზე და ბევრი ცნობა არაა ზუსტად შემონახული.

სალუქვაძის 8 ოლიმპიადა და დედა-შვილის უპრეცედენტო დუეტი შეუმჩნეველი არც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს დარჩენია, რომელმაც თამაშების წინ თბილისში გადამღები ჯგუფი გამოგზავნა და დედა-შვილზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს.

თუმცა ამ სპორტულ ოჯახზე საუბრისას ნურც მათი მწვრთნელი, ნინოს მამა და ცოტნეს ბაბუა ვახტანგ სალუქვაძე დაგვავიწყდება, ვინც 85 წლის ასაკში ვერ გარისკა რიოში გადაფრენ-გადმოფრენა. ფაქტობრივად, ამ თამაშებში ერთი ოჯახის სამი თაობა მონაწილეობდა.

სალუქვაძეს ბევრი რეკორდი ეკუთვნის - მსოფლიოს რეკორდების რაოდენობა, მსოფლიოს 9 სუპერთასი, საქართველოში კი ერთადერთია, ვისაც სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი აქვს. 49 წლის სპორტსმენს რიოში ცოტა დააკლდა, მორიგი ჯილდო მოეპოვებინა - სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ფინალში მესამე შედეგით შევიდა, მაგრამ საბოლოოდ მეექვსეზე დარჩა.

სპორტსმენობის გარდა, ის მწვრთნელობასაც წარმატებით ახერხებს და დიდი იმედია, ოლიმპიურ ჩემპიონებს გამოზრდის.

წარმატება და ერთ ადგილზე ყოფნა
რიოს ოლიმპიადა ჩვენთვის წარმატებული რომ იყო, ამაზე კამათი არც ღირს. მარტოოდენ ტალახაძის გმირობა, ნადირაძის სიურპრიზი, ხინჩეგაშვილის სიხარული და სხვა ასეთი ფაქტები რად ღირს, თუმცა ამ თამაშებმა ბევრი უარყოფითი მომენტიც გამოავლინა, რაც სამომავლოდ გამოსასწორებელია.

მაგალითად, ადრე თუ ფსიქოლოგიას აგდებულად უყურებდნენ და მასში ფულის ჩადებას წყალში გადაყრად მიიჩნევდნენ, ახლა ყველა დარწმუნდა, რომ ამ სფეროს დახმარების გარეშე შორს ვერ წავალთ.

ასევე თანდათან მწიფდება აზრი, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა და საამისოდ თანხების მოძიება აუცილებელია.

რიოს ოლიმპიადამ ისიც დაგვანახვა, რომ ქართული სპორტი თითქოს ერთ ადგილზე გაჩერდა, დადგა და წინ ვერ მიდის. წინა თამაშების შედეგი კი გავიმეორეთ და ერთ ასპექტში გავაუმჯობესეთ კიდეც, მაგრამ ბოლო თამაშებს თუ გადავხდევათ, 5-7 მედლის ფარგლებში ვმერყეობთ, წინ ვერ მივდივართ. არადა, დაფინანსება იზრდება, მაგრამ შედეგები აშკარად ვერ მიჰყვება ზრდის ამ ტემპს.

ეგეც არ იყოს, ჩვენთვის ოლიმპიურ რეკორდად ისევ პეკინში მოპოვებული 3 ოქრო რჩება, რაც ვერც ლონდონში გავიმეორეთ და ვერც - რიოში. აქ უკვე უნდა ვიფიქროთ, რომ არ გვივარგა საწვრთნელ-სავარჯიშო სისტემა, მწვრთნელთა კვალიფიკაციაც ასამაღლებელია, შესაცვლელია მართვის სისტემა და სხვა.

იმედია, ქართული სპორტი ახალ ოლიმპიურ ციკლში ახალ სიმაღლეებს დაისახავს და ტოკიოდან კიდევ უფრო ხვავრიელი მონაგრით დაბრუნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული