ის უკვე დიდი ხანია მიიჩნევა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ სპორტსმენად. ვერცერთი სხვა მძლეოსანი ვერ დაიკვეხნის მსოფლიოს უსწრაფესი ადამიანის შემოსავლების თუნდაც მეათედი ნაწილით.
USA TODAY-მ შეკრიბა ბოლტის ცხოვრებიდან საინტერესო ფაქტები, რომლებიც არა წამებით, არამედ დოლარებით იზომება.
1. უსაინ ბოლტმა 2012 წელს 24 200 000 დოლარი გამოიმუშავა. Forbes-ის მიერ შედგენილი ყველაზე მდიდარი სპორტსმენების სიაში ის მე-40 ადგილზეა.
საინტერესოა, რომ ამ თანხიდან 200
2. ბოლტი ყოველწლიურად 9 მილიონ დოლარს იღებს სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია "პუმასგან". იამაიკელი უკვე დიდი ხანია ამ ფირმის სახე გახლავთ. ასევე, ბოლტის აქტივშია მრავალმილიონიანი გარიგებები Sumsung-თან და Comcast-თან.
3. 500 ათასი დოლარი დაკარგა ბოლტმა, როცა 2009 წლის შემოდგომაზე მონაწილეობა არ მიიღო ორ აზიურ ტურნირში. მას, უბრალოდ, 100 მეტრი უნდა გაერბინა ტეგუსა და შანხაიში, მაგრამ ეს ბანალური მიზეზის - დაღლილობის გამო არ გააკეთა.
4. დაახლოებით სამ მილიონ დოლარს დაკარგავდა უსაინ ბოლტი, თუ მონაწილეობას მიიღებდა ბრიტანეთში გამართულ ტურნირებზე.
ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც უსაინი წლევანდელ სეზონამდე უარს ამბობდა ბრიტანეთში გამოსვლაზე.
ადგილობრივი კანონებით, სახელმწიფოს უფლება აქვს, მოსთხოვოს სპორტსმენს გადასახადი არა მხოლოდ ტურნირებზე მიღებული ჰონორარიდან, არამედ სარეკლამო კონტრაქტებიდანაც, თუნდაც ის ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ იყოს გაფორმებული.
მაგალითად, თუ წლის განმავლობაში ბოლტი მონაწილეობს ექვს ტურნირში და აქედან ერთი ინგლისში იმართება, მაშინ მან ადგილობრივ ხაზინას უნდა გადაუხადოს მთელი თავისი შემოსავლის ერთი მეექვსედი!
იმის გათვალისწინებით, რომ ბრილიანტის ლიგის ეტაპზე იამაიკელს მაქსიმუმ 250 ათასი ფუნტის გამომუშავება შეეძლო, გასაგებია, რომ ასეთი მგზავრობა სერიოზულად დაარტყამდა მის ფინანსურ მდგომარეობას.
გამონაკლისი იყო მხოლოდ ლონდონის ოლიმპიადა - 2012 წელს ყველა ოლიმპიელი გაანთავისუფლეს საგადასახადო ვალდებულებებისგან.
მაგრამ წელს ბრიტანეთის მთავრობამ გამონაკლისი დაუშვა პირადად ბოლტისთვის, რათა ის ლონდონში ჩასულიყო ბრილიანტის ლიგის ეტაპში მონაწილეობისთვის.
5. ჩინელმა ბიზნესმენმა ბელგიაში გამართულ აუქციონზე 400 ათასი დოლარი გადაიხადა საფოსტო მტრედში, სახელად... უსაინ ბოლტი! თუმცა უცნობია, ისეთივე სწრაფია თუ არა ეს მფრინავი კურიერი, როგორიც იამაიკელი სპრინტერი.
6. 15 ათასი ფუნტი დახარჯა ბირმინგემის მთავრობამ ბოლტის ქანდაკების დასამზადებლად, თუმცა სერიოზული შეცდომა მოუვიდათ: ბრინჯაოში ჩამოსხმული უსაინი თავისი ცნობილი ჟესტის დროს მარჯვენა ხელს სწევს წინ, ნამდვილი ბოლტი კი ამისთვის ყოველთვის მარცხენა ხელს ხმარობს.
7. იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე 187 ათას დოლარად გაიყიდა სპორტული "ნისანი", სახელად Bolt Gold.
ოქროსფრად შეღებილ მანქანაზე ინტერნეტით 10 დღე მიმდინარეობდა ვაჭრობა. ამ სპორტული მანქანის ჩვეულებრივი ვერსია 97 ათასი ღირს. აუქციონიდან შემოსული მთელი თანხა ბოლტის ფონდში ჩაირიცხა, რომელიც იამაიკელ ბავშვებს ეხმარება.
8. სწრაფ ბიჭს სწრაფი მანქანები უყვარს. ბოლტის კოლექციაშია სამი "ფერარი", რომლებშიც მძლეოსანმა ჯამში 600 ათას დოლარზე მეტი დახარჯა.
თავისუფალ დროს უსაინი არჩევანს აკეთებს Ferrrari F430-ს (ღირებულება დაახლოებით 180 000 დოლარი), კაბრიოლეტ Ferrrari F458 იტალია-სა (250 000 დოლარი) და ვერცხლისფერ Ferrrari california-ს (190 000) შორის.
ყოველდღიური საჭიროებისთვის მან შეარჩია BMW M3 (60 000). თუმცა ორი ასეთი მანქანის დამტვრევა ბოლტმა უკვე მოასწრო, საბედნიეროდ, საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე. დაბოლოს, როგორც კომპანია "ნისანის" ელჩმა, უსაინმა თავის ავტოფარეხში დააყენა შავი, კარბონირებული Nissan GT-R (120 000).
9. "მიყვარს სპორტი და ჭამა" - ეს არის ბოლტის ერთ-ერთი ცნობილი ფრაზა. როგორც სამზარეულოსადმი არაგულგრილმა ადამიანმა, ბოლტმა კინგსტონში საკუთარი რესტორანი გახსნა - Track&Records ("ბილიკი და რეკორდები").
აქ სავსებით დემოკრატიული ფასებია - ძირითადი კერძები 12 დოლარამდე ღირს. გასაკვირი არ არის, რომ რესტორანი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებში, ასევე ტურისტებში.
10. დაახლოებით 80 მილიონი დოლარი გამოიმუშავა ბოლტმა მთელი კარიერის განმავლობაში. არადა, მას სულ ახლახან (21 აგვისტო) შეუსრულდა 27 წელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"