TimeLine: არაგოა, არბელოა და მეხანძრე ზაზა ფაჩულია

AutoSharing Option
სამშაბათს, ქალაქ ალბასეტეში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ესპანეთს რომ ეთამაშებოდა, ამავე ქვეყნის ჩრდილოურ რეგიონ არაგონში ვიქტორ სანიკიძე და გიორგი შერმადინი "სარაგოსას" მაისურით ბელგიურ "მონსს" დაუპირისპირდნენ (მოუგეს).

ეს ორი კალათბურთელი შარშან ევროლიგაზე ერთმანეთის პირისპირ ოთხჯერ წარდგა: შერმადინი ჯერ ისრაელის "მაქაბის" ღირსებას იცავდა, იანვრიდან - ბერძნული "ოლიმპიაკოსის". ვიქტორ სანიკიძე კი გასულ სეზონში იტალიის "მონტეპასკიში" გამოდიოდა.

ახალი სეზონის წინ ვიქტორი და გიორგი "სარაგოსაში" ჩაირიცხნენ და უკვე ესპანეთი აალაპარაკეს. ამ ქვეყანას ევროპაში საუკეთესო ჩემპიონატი აქვს და ტურის კალათბურთელად აღიარება მეტად ძვირად ფასობს. ბასკური "ბილბაოს" ძლევის
შემდეგ შერმადინი სწორედ ტურის მოთამაშედ დაასახელეს.

რამ განაპირობა ქართველ-სარაგოსელთა ეფექტური სტარტი ახალ სეზონში? გუნდში სანიკიძესა და შერმადინს რა როლი აკისრიათ, ამაზე არაერთხელ გვითქვამს. აქ საქმეს სხვა კუთხით მივუდგეთ.

"მდინარე არაგვი ჩემს მშობლიურ ნატახტარში ჩამოედინება. საქართველოდან საკმაოდ მოშორებით, სარაგოსაშიც თითქმის ამავე სახელწოდების პროვინცია დამხვდა და როგორც აქაურები ამბობენ, არაგონის სახელწოდება მდინარიდან წარმოდგება.

ასე რომ, თავს შინაურულად ვგრძნობ, მით უმეტეს, ჩემ გვერდით ვიქტორ სანიკიძეც თამაშობს",
- მითხრა გიორგი შერმადინმა.

შერმადინმა და სანიკიძემ 2012-13 წლების ევროლიგაზე ერთმანეთის წინააღმდეგ ოთხჯერ ითამაშეს და ფრეზე გაიყარნენ - 2:2.

ეს კარიკატურაც 2013 წლის თებერვალშია შესრულებული.
Sportall.Ge


* * *
რუბრიკის სპეციფიკა საშუალებას გვაძლევს, განვაზოგადოთ, რომელ მდინარეზე ლაპარაკობს ქართველი კალათბურთელი და ისიც ვიკითხოთ, რა კავშირია ესპანურ არაგონსა და ქართულ არაგვს შორის.

ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთს დიაგონალურად კვეთს მდინარე ებრო, რომელსაც შუაწელში უერთდება მთის მდინარე, სახელად კინკა. მისი ბასკური სახელწოდებაა არაგოა (არაგოი). მეცნიერების მტკიცებით, სწორედ ამ მდინარისგან წარმოიშვა პროვინცია არაგონის სახელი.

სპორტულ თემას თუ გავცდებით და ოკეანის გაღმა გავალთ, აღმოვაჩენთ, რომ ძირი "არაგვ" ხოსე ლუის ჩილავერტის სამშობლოშიცაა - პარაგვაი. თურმე, ინდიელთა ენაზე იგი "დიდ მდინარეს" ნიშნავს.

ასე რომ, ინდიელებთანაც, ბასკებთანაც და ქართველებთანაც "არაგ" მდინარეა, სამივეგან მთის მდინარე...

ჰოდა, სულაც არ არის გასაკვირი ერთი ქართველი მეცნიერის მოსაზრება: "არაგვი მეგრულად სიტყვასიტყვით ნიშნავს "დაეჯახეს". მისი ამოსავალი წერტილია "რაგვინი" - "დაჯახება". მდინარეს არაგვი იმიტომაც ეწოდა, რომ მაღალი მთიდან ეშვება და მედგრად ეჯახება კლდეებსა თუ ქვებს".

ბასკები ერთ დროს ქართველებს რომ გაეყარნენ, ამ მოსაზრების ძირითად ასპექტებს ვეთანხმები, მაგრამ ერთი რამ ვერ გამიგია: ძველად, როცა სამხრეთ ამერიკაში მთის მდინარეს პარაგვაის არქმევდნენ, როგორ მოხვდნენ იქ მეგრელები?

ამ თემის კვლევა სხვა სფეროს მუშაკების საქმეა, ჩვენ სპორტს მივხედოთ.

* * *
დასაწყისში ესპანეთთან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაში ვახსენე. შეხვედრის მსვლელობისას, "ფეისბუქზე" ერთმა "ენამოსწრებულმა" დაწერა - ბავშვობაში, კართან ზურგით რომ ვდგებოდით და მოწინააღმდეგე ბურთს გვიმიზნებდა, იმ თამაშს მაგონებსო. სახელი ვერ გაიხსენა...

ალბასეტური თამაშიდან ერთი კარგი გასახსენებელი მაინც დაგვრჩა: ესპანეთის ნაკრებისა და "რეალის" წევრი ალვარო არბელოა მატჩის შემდეგ ჩვენს მწვრთნელ თემურ ქეცბაიას გაჰყვა და მის კვალდაკვალ საქართველოს ნაკრების ავტობუსში ავიდა.

Sportall.Ge

ცხადია, ალვარო მალევე განასხვავებდა თემურ ქეცბაიას ვისენტე დელ ბოსკესგან და ქართველ ფეხბურთელებს - ესპანელებისგან. ჩამოვიდა ავტობუსიდან და თანაგუნდელთა დაცინვასაც ვერ გადაურჩა.

* * *
როცა ეტიმოლოგიასა და ამა თუ იმ სახელის წარმოშობაზე ვლაპარაკობთ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ზაზა ფაჩულიას ბერძენი თანაგუნდელი "მილუოკი ბაქსში", რომლის გვარი 13 ასოსგან შედგება.

თუ გახსოვთ, მასზე ერთი კვირის წინათ დავწერე - ბერძენმა გაიხსენა, რომ რესტორანში "სუფრის" ხარჯი ზაზამ გადაიხადა. მისი გვარი კლავიატურაზე ერთხელ რომ ავკრიფე, მეორედ გამიჭირდა. მარტივი გზა ავირჩიე: პირველად დაწერილი დავიმახსოვრე (CTRL+C) და "გადმოვაკოპირე" (CTRL+V).

ანტეტოკოუნმპო - ასეთი გვარი აქვს აფრიკული წარმოშობის ახალგაზრდა ბერძენ კალათბურთელს.

როგორც ჩანს, ამერიკელებიც ნაცნობი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ და აპრობირებული მეთოდი გამოიყენეს: ანტეტოკოუნმპოს ნაცვლად მაისურზე CTRL+C CTRL+V დააწერეს.

Sportall.Ge

* * *
ისევ კალათბურთზე... სატაიმლაინე თემაა და აბა, გვერდს როგორ ავუვლით? ზაზა ფაჩულია მეხანძრეთა შეფია!

ძნელი სათქმელია, პატარაობაში ზოგიერთი ბავშვივით მეხანძრეობაზე თუ უოცნებია, მაგრამ 29 წლის ასაკში ფაჩულიამ მილუოკის სახანძროში უფროსის წოდება მიიღო და შერიფის ქუდიც მოირგო.

Sportall.Ge

თუ ამავე გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს დააკვირდებით, მიხვდებით, რომ არ ვხუმრობთ: "მილოუკი ბაქსის" რამდენიმე კალათბურთელი მონაწილეობდა აქციაში, რომელიც მიმართული იყო ხანძრისგან თავის დაცვისკენ.

Sportall.Ge

მეხანძრეები გვაფრთხილებენ, რომ ყველაზე ხშირად ცეცხლი სიგარეტის ნამწვისგან ჩნდება.

ფოტოპარალელი
ოთხშაბათს, ღამით მანუჩარ მარკოიშვილმა ტრავმის მოშუშების შემდეგ საკლუბო სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა. მოიგო.

მანუს "გალათასარაის" დიდი წინააღმდეგობა გაუწია სიენელმა დანიელ ჰაკეტმა.

მატჩის ფოტოებში მანუჩარის ძიებისას ჰაკეტის ისეთ სურათს წავაწყდი, თვალწინ თავისუფლების ქანდაკება წარმომიდგა...

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მაშ მე,მთიული კაცი ნახევრად ინდიელი და ნახევრად ესპანელი ვYოფილვარ.მაგრამ ქერა თმას რა მოვუხერხო?ტიტველსაც არ მიყვარს სიარული და პარაგვაიშიც უფულობის გამო,"წინაპრების" საფლავებსაც ვერ დავიტირებ.ამიტომ კალათბურთელებმა შემიგროვეთ "ტუდა-აბრატნი"-ს ფული და თქვენ სახელზე სანთელსაც დავანთებ.
sdfghjkl;
17:42 19-10-2013
0
არაგვის მეგრულთან დაკავშირების ფანტაზია ყოველგვარ საზღვრებს სცილდება, კარგით რაა...!
მე
15:37 19-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული