მინისტრს კითხვები მაშინ დაუსვეს, როცა ის, ადგილობრივი სპორტული გუნდებისადმი მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამის ეგიდით, ჰოკეის ერთ-ერთ კლუბში მივიდა.
თავიდან ITV-ის ჟურნალისტმა გრანტს ჰკითხა - ვინ მოიგო 2013 წელს უიმბლდონი ქალებს შორის. მინისტრმა აღნიშნა, რომ იცის გამარჯვებულის შესახებ
ამის შემდეგ რეპორტიორმა განაცხადა, რომ უფრო მარტივ შეკითხვას დასვამდა და გრანტს სთხოვა ფეხბურთში ინგლისის თასის გამარჯვებულის დასახელება. "მანჩესტერ იუნაიტედი", რადგან ის ჩემი საყვარელი კლუბია", - უპასუხა მინისტრმა. სინამდვილეში, 2012-13 წლების სეზონში ინგლისის თასი "უიგანმა" მოიგო, რომელმაც ფინალში "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა.
პასუხად კითხვაზე - ვინ არის ინგლისის სარაგბო ნაკრების კაპიტანი (კრის რობშოუ), გრანტმა რეპორტიორს სთხოვა, რომ ჰოკეის თემაზე დაესვა შეკითხა. ამის ნაცვლად, ჟურნალისტმა ჰკითხა მას, რომელ წელს დატოვა "მეიდსტონ იუნაიტედმა" (მეიდსტონი - მინისტრის მშობლიური ქალაქი) საფეხბურთო ლიგა (ეს მოხდა 1992 წელს). პასუხად გრანტმა განაცხადა, რომ რეპორტიორი მას რთულ შეკითხვებს უსვამს.
ბოლო შეკითხვა ასეთი იყო: რომელმა სპორტსმენმა მოიგო ყველაზე მეტი ოლიმპიური ოქროს მედალი 2012 წლის პარალიმპიურ თამაშებზე. გრანტს უკარნახეს - "დევიდ უეირი" (ასე ჰქვია ბრიტანელ მარათონელს) და მანაც გაიმეორა ეს გვარი, მაგრამ პასუხი კვლავ არასწორი იყო. სინამდვილეში, შარშან ლონდონში ყველაზე მეტი ოქრო მოიგო ავსტრალიელმა მოცურავემ ჟაკლინ ფრენეიმ.
საუბრის ბოლოს გრანტმა თქვა, რომ ეს ვიქტორინა მისთვის სრული მოულოდნელობა იყო და წინასწარ რომ სცოდნოდა, მომზადებული შეხვდებოდა კითხვებს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მართალია, სპორტის შესახებ ენციკლოპედიური ცოდნა არ აქვს, მაგრამ კარგად ესმის, რამხელა გავლენა აქვს სპორტს ადამიანების ცხოვრებაზე.
გრანტი, რომელიც ადრე ძიუდოთი იყო დაკავებული, სპორტისა და ტურიზმის მინისტრი 2013 წელს, ბრიტანეთის მთავრობაში მომხდარი გადაადგილებების შემდეგ გახდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"