ეს უდიადესი პიროვნება სპორტის დიდი გულშემატკივარი იყო. ერთხელ მან თქვა: "სპორტი შეცვლის მსოფლიოს. სპორტს შეუძლია მოგცეს აღმაფრენა, გაგაერთიანოს ისე, როგორც ამას სხვა ვერაფერი შეძლებს. ის ახალგაზრდობასთან ლაპარაკობს იმ ენაზე, რომელიც მათ ყველაზე კარგად ესმით. სპორტმა შეიძლება გააჩინოს იმედი იქ, სადაც ყველაზე დიდი სასოწარკვეთა არსებობს. სპორტი - ყველაზე ძლიერი იარაღია რასობრივი ბარიერების დასარღვევად, ვიდრე ნებისმიერი მთავრობა. სპორტი სახეში
მანდელა და კრივი
ნელსონ მანდელა ახალგაზრდობაში კრივით იყო გატაცებული. პატიმრობაში ყოფნის დროსაც, კუნძულ რობენის ციხის არარეალურად პატარა კამერაში ის სპორტული რეჟიმის დაცვას ახერხებდა. მას უყვარდა კრივი და თავის ავტობიოგრაფიაში (Long Walk to Freedom) ხსნის ამის მიზეზს.
"კრივის სისასტიკე ისე ძლიერ არ მომწონდა, როგორც მისი მეცნიერება. დაინტერესებული ვიყავი იმით, როგორ მოძრაობს ადამიანი, როგორ იცავს თავს, რა სტრატეგიას იყენებს, რათა ერთდროულად შეუტიოს და თავიც დაიცვას; როგორ ცვლის ტემპს, - წერდა მანდელა. - კრივი ყველას ათანაბრებს. რინგზე თანაბრდება ყველაფერი - რეიტინგი, ასაკი, კანის ფერი, ჯანმრთელობა.
მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ჩავები, წესიერად აღარ მიჩხუბია. ჩემი მთავარი ინტერესი ვარჯიშებში გამოიხატებოდა. ვიპოვე საუკეთესო ვარჯიშები იმისთვის, რომ მომეხსნა დაძაბულობა და სტრესი. ენერგიული მუშაობის შემდეგ თავს უკეთ ვგრძნობდი ფიზიკურადაც და მორალურადაც. საღამოს ვარჯიშის შემდეგ, დილით ძლიერი ვიღვიძებდი და მზად ვიყავი საბრძოლველად".
"გამოჩენილი მოკრივე არასოდეს ვყოფილვარ. როგორც მძიმეწონოსანს, ძალა არ მყოფნიდა, რათა დამებალანსებინა სისწრაფე და პირიქით, სისწრაფე მაკლდა ფიზიკური ძალის დეფიციტის გასაბათილებლად", - ამბობდა ის.
მოგვიანებით, მანდელა ხვდებოდა და სხვადასხვა სოციალურ პროექტში ასაქმებდა კრივის ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც იყვნენ მარვინ ჰაგლერი, ევანდერ ჰოლიფილდი, ლენოქს ლუისი, მუჰამედ ალი და დონ კინგი.
მანდელა და რაგბი
1995 წელს სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული მსოფლიოს თასი და იქ ადგილობრივი ნაკრების სენსაციური გამარჯვება იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ საშინაო ტურნირი.
მანდელას პრეზიდენტობის პირველ წელს შეიცვალა ქვეყნის დროშა და ჰიმნი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა: თეთრების ჰიმნი Die Stem და ქვეყნის შავკანიანი მოსახლეობის ჰიმნი - Nkosi Sikelele.
შავკანიანი სამხრეთაფრიკელები თამაშობდნენ ფეხბურთს და ეზიზღებოდათ რაგბი, რომელიც მათთვის აპარტეიდის სიმბოლო იყო, მაგრამ იმ წელს სამხრეთ აფრიკაში გაჩნდა სლოგანი: "ერთი ქვეყანა - ერთი გუნდი" და ეს მართლაც ძალიან ბევრს ნიშნავდა. მანდელას რჩევით, სამხრეთ აფრიკის რაგბის ნაკრები შავკანიან მოსახლეობას ხვდებოდა იმისთვის, რომ მათ გაეგოთ და შეეყვარებინათ რაგბი.
მთავრობა მოითხოვდა მატჩების წინ, მორაგბეებს ჰიმნის ორივე ნაწილი ემღერათ. ერთ-ერთი მატჩისთვის მზადების დროს კი მანდელა ეწვია ნაკრების საწვრთნელ ბაზას. ის დაელაპარაკა თითოეულ მოთამაშეს და იმდენად იმოქმედა მათზე, რომ ჰენი ლე რუმ პრეზიდენტს თავისი კეპი აჩუქა.
სამხრეთი აფრიკა ზედიზედ იგებდა მატჩებს და ფინალამდე მიაღწია, სადაც ტურნირის მთავარ ფავორიტს - ახალი ზელანდიის ნაკრებს შეხვდა. გადამწყვეტი მატჩის წინ მანდელა მოედანზე გავიდა. ის "სპრინბოქსის" ფორმაში იყო გამოწყობილი, ზურგზე კი მეექვსე ნომერი ეწერა.
გადაჭედილმა 62-ათასიანმა არენამ სკანდირება დაიწყო: "ნელსონ! ნელსონ!" ფინალმა დაძაბულ და თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ტურნირის მასპინძლებმა მეოთხე დამატებით ტაიმში გაიმარჯვეს.
ნაკრების კაპიტნისთვის, ფრანსუა პიენაარისთვის საჩემპიონო თასის გადაცემისას მანდელამ განაცხადა: "დიდი მადლობა იმისთვის, რაც შენ ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთე". "ეს არ შეედრება იმას, რაც თქვენ გააკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის", - უპასუხა მორაგბემ.
მანდელა და ფეხბურთი
რა თქმა უნდა, მანდელას არ შეიძლებოდა, არ ყვარებოდა მილიონების თამაში.
"მეც და მას მტკიცედ გვჯეროდა, რომ ფეხბურთის ექსტრაორდინარული ენერგია გააერთიანებდა ადამიანებს, დაეხმარებოდა მათ მშვიდობიან ცხოვრებაში, - თქვა მანდელას შესახებ ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა. - როცა მან 2010 წლის 11 ივლისს ოვაციები დაიმსახურა იოჰანესბურგის სტადიონზე, მივხვდი, რომ ის იყო ადამიანი ხალხისგან, ის ყველას გულებში ცხოვრობდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი მომენტი, რაც კი ოდესმე განმიცდია.
მისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკაში ნამდვილი ოცნება იყო, რომელიც რეალობად იქცა".
ბლატერი გულისხმობს იმ მომენტს, როცა სამხრეთ აფრიკამ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიიღო. მასპინძელი ქვეყნის გამოცხადებიდან რამდენიმე წამის შემდეგ ნელსონ მანდელა სცენაზე ავიდა და ფართო ღიმილითა და თვალზე ცრემლებით თავს ზემოთ ასწია მსოფლიოს ჩემპიონატის თასი. მისი მშობლიური ქვეყნისთვის, რომლის კეთილდღეობისთვისაც იბრძოდა მთელი ცხოვრება, ეს მართლაც დიდი გამარჯვება იყო.
"15 წლის ბიჭივით მიხაროდა, - თქვა მანდელამ, რომელიც მაშინ 85 წლის იყო. - აფრიკაში ფეხბურთს უდიდესი პოპულარობა აქვს და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ხალხის გულში. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი პირველად ჩატარდება აფრიკის კონტინენტზე. და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ განსაკუთრებული პატივი გვერგო, გავმხდარიყავით პირველი აფრიკული მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორები".
ასაკის, შერყეული ჯანმრთელობისა და მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის შემდეგ, შვილთაშვილის ავტოკატასტროფაში ტრაგიკული დაღუპვის მიუხედავად, ფინალის დღეს მანდელა მაინც მივიდა სტადიონზე, რათა მონაწილეობა მიეღო სამხრეთ აფრიკისთვის ამ უდიდეს მოვლენაში. ის სხვანაირად ვერ მოიქცეოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"