ევროგოგონები თბილისში [PHOTO]

AutoSharing Option
ფოტოზე: ვიქტორია რავა

ცოტა ხნის წინ ანტალიაში ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის (CEV) კონგრესზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფრენბურთელ ქალთა შორის ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი თბილისსა და ბაქოში უნდა გაიმართოს.

ბებერ კონტინენტზე ეს ბევრისთვის ალბათ ერთგვარი სიურპრიზი იყო. საქართველო და აზერბაიჯანი ხომ სულაც არ შედიან იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც ფრენბურთი მაღალ დონეზეა განვითარებული, თუმცა ევროპული კონფედერაციის პრეზიდენტის ანდრე მეიერისთვის სწორედ ეს აღმოჩნდა ერთ-ერთი მოტივაცია გადაწყვეტილების მიღებისას.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მომავალი მთავარი შეჯიბრებების საორგანიზაციო მხარე საიმედო ხელშია. საქართველო და აზერბაიჯანი
ღირსეულად უმასპინძლებენ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს და ამასთან ჩვენს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი მნიშვნელოვან როლს შეიტანს ამ ქვეყნებში ფრენბურთის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციაში", - განაცხადა ევროპის ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრე მეიერმა.

საქართველოსთვის მართლაც მეტად მნიშვნელოვანი იყო CEV-ს გადაწყვეტილება. ჩვენი ქვეყანა მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე მონაწილოებას მიიღებს სპორტის აღნიშნული სახეობის მთავარ ევროპულ ფორუმზე.

ევროპის ჩემპიონატზე ხომ ქართველ ფრენბურთელებს ადრე არასოდეს უასპარეზიათ. არადა ქალთა ფრენბურთი მსოფლიოში ერთობ პოპულარული, ლამაზი და სანახაობრივად მიმზიდველი სპორტის სახეობაა.

ევროპის ჩემპიონატი 1949 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მისი ორგანიზატორი თავდაპირველად ევროპის ფრენბურთის კომისია, 1973 წლიდან კი ევროპის ფრენბურთის კონფედერაციაა. სულ გამართულია 28 აღნიშნული რანგის შეჯიბრება.

ისეთი ქვეყანა, რომელსაც ყველა ჩემპიონატში მონაწილეობა მიეღოს - არცერთია. ყველაზე მეტჯერ კი ჩემპიონატში იასპარეზეს პოლონეთის (27), ბულგარეთის (26) და ჰოლანდიის (25) ეროვნულმა გუნდებმა.

საუკეთესო შედეგი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საბჭოთა კავშირის ფრენბურთელ ქალთა გუნდს ჰქონდა, რომელიც 17-ჯერ ჩაერთო ამ შეჯიბრებაში და 13 შემთხვევაში ოქროს მედლებით დაასრულა გამოსვლა. დანარჩენ ოთხ შემთხვევაში ყოფილი საბჭოელები ვერცხლის მედლებით დაკმაყოფილდნენ. საბჭოელებს მაშინ წინააღმდეგობას ისევ ყოფილი სოციალისტური ბანაკის სახელმწიფოები უწევდნენ. გადამწყვეტ პაექრობებში მათ ორჯერ გდრ-ს, თითოჯერ ჩეხოსლოვაკიის და ბულგარეთის გუნდებმა მოუგეს.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ კონტინენტის ჩემპიონატებზე დომინანტის როლი რუსეთმა მოირგო. ამ ქვეყნის ნაკრებმა ბოლოს 2013 წელს გერმანიასა და შვეიცარიაში გამართულ შეჯიბრებაზეც არ დათმო პირველობა. ფინალში მათ გერმანელები დაამარცხეს 3:1.

მართალია რუსები დღესდღეობით ევროპის ხუთგზის ჩემპიონები არიან, მაგრამ ისეთივე უპირატესობა რაც მათ წინამორბედ საბჭოელებს ჰქონდათ - არ აქვთ. ამის დასტური ისიცაა, რომ უკანასკნელ ექვს ევროპის ჩემპიონატზე ჩემპიონის ტიტული ორ-ორჯერ მოპოვებული აქვთ პოლონეთს და იტალიას.

მსოფლიო ასპარეზზე ქალთა ფრენბურთის ისტორიაში უძლიერესი ქვეყნების გამოვლენის საშუალებას ამ სახეობაში ოლიმპიურ თამაშებზე დაფიქსირებული შედეგების გაცნობა მოგვცემს. ფრენბურთი ოლიმპიადების პროგრამაში 1964 წლიდანაა შეტანილი. თავდაპირველად იაპონია და საბჭოთა კავშირი ამ შეჯიბრების უპირობო ფავორტებად ითვლებოდნენ და ლოს ანჟელესის (1984 წ) ოლიმპიადამდე სამჯერ სსრკ-მ, ორჯერაც იაპონიამ იპირველა. 1984 წელს ჩინეთი გახდა ჩემპიონი, ამავე გუნდმა 2004 წელსაც გაიმეორა იგივე, კუბამ ზედიზედ სამჯერ 1992, 1996, 2000 წელს ყველას აჯობა, უკანასკნელი ორი ოლიმპიადა კი ბრაზილიის უპირატესობით სრულდება.

გასული საუკუნის საუკეთესო ფრენბურთელ ქალად დასახელებულია კუბელი რეგლა ტორესი. ყველაზე მეტი სამი ოლიმპიური ოქროს მედალი მოპოვებული აქვს აგრეთვე კუბელს იბის ფერნანდესს.

მასპინძელი ქვეყნის შერჩევისას ბოლო ხანს ევროპის ფრენბურთის ფედერაცია ხშირად მიმართავს კონტინეტის ჩემპიონატის ორ მეზობელ ქვეყანაში ჩატარების პრაქტიკას. 2007 წელს ჩემპიონატს ბელგია-ლუქსემბურგმა უმასპინძლა, 2011 წელს სერბეთმა და იტალიამ, შარშან გერმანიამ და შვეიცარიამ, გაისად მას ჰოლანდია და ბელგია უმასპინძლებენ, 2017 წელს კი როგორც მოგახსენეთ საქართველო და აზერბაიჯანი მოირგებენ მასპინძლის ამპლუას.

ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული ყველაზე ცნობილი ფრენბურთელი ვიქტორია რავაა, რომელიც თანამედროვე ფრენბურთის სამყაროში აღიარებული სპორტსმენია.

რავა თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. პირველი ნაბიჯები ფრენბურთში უკრაინული წარმოშობის ამ სპორტსმენმა საქართველოს დედაქალაქში გადადგა, შემდეგ ბაქოში, ხოლო მოგვიანებით საფრანგეთში გადავიდა.

189 სმ-ის სიმაღლის, მომხიბვლელი გარეგნობის ეს ფრენბურთელი კანის "რასინგის" შემადგენლობაში 1995 წლიდან ასპარეზობს. კანში მან არაერთი წარმატებული სეზონი ჩაატარა და ბევრი ტიტულიც მოიგო. ამ გუნდთან ერთად ვიქტორია ევროპის ჩემპიონთა თასის ორგზის (2002, 2003) გამარჯვებული და საფრანგეთის 18 გზის ჩემპიონია. პირადად კი რავა ზედიზედ ორჯერ 2005, 2006 წლებში ევროპის საუკეთეთესო ფრენბურთელის ტიტულს ფლობდა.

ამ დღეებში (31 ოქტომბერს) რავას 40 წელი შეუსრულდა, თუმცა ამჟამადაც კანის "რასინგის" ცენტრია და მნიშვნელოვანი როლი შეაქვს გუნდის წარმატებებში. ვიკას გუნდი წლეულსაც საუკეთესო იყო საფრანგეთის ჩემპიონატში.

ვიქტორია რავა ხშირად მონაწილეობს თამამ ფოტოსესიებში, სადაც მისი მომხიბვლელი სხეულის დემონსტრირებას ახდენს. ფოტოსესიას საერთოდ კანის ფრენბურთელთა კლუბი "რასინგიც" ხშირად მიმართავს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
ფრენბურთი თავისი ფეთქებადი კომბინაციებით, ბურთის ეფექტური გათამაშებით და ზოგადად თვალსასეირო სანახაობით სპორტის ძალიან ლამაზი სახეობაა.

სიმართლესთან მართლაც ახლოსაა ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის პრეზიდენტის ადრე მეიერის მოსაზრება, რომ ისეთი მასშტაბური შეჯიბრების თბილისში გამართვა, როგორიც ევროპის ჩემპიონატია, საქართველოში ფრენბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

ასევე იხილეთ:
თბილისელი ვიქტორია რავა - ევროპული ფრენბურთის ვარსკვლავი [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული