ტარიელ ხეჩიკაშვილი: მიუღებელია, რაც ვნახე, როგორც რიგითმა მოქალაქემ და როგორც მინისტრმა

AutoSharing Option
ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ სპორტსმენი არის სპორტულ შედეგზე ორიენტირებული და არა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული - ასე გამოეხმაურა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მონაწილეობას იღებდა სოფელ კორცხელში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში.

ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, საჭიროა, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, რის შემდეგაც უნდა მოხდეს ფაქტზე ადეკვატური რეაგირება.

"გინდ მწვრთნელი იყოს და გინდ სახელოვანი სპორტსმენი, რა ტიტულებიც არ უნდა ჰქონდეს, კანონის წინაშე ყველა თანაბრად ვართ პასუხისმგებელი. ამიტომ მიუღებელია, რაც ვნახე, როგორც რიგითმა
მოქალაქემ და როგორც მინისტრმა.

ჯერ დავუცადოთ გამოძიებას. თუ დადგინდა, აუცილებელია, ფედერაციამ მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ სპორტსმენი არის სპორტულ შედეგზე ორიენტირებული და არა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. ეს არის როგორც სპორტული, ასევე მთლიანი საზოგადოებისთვის მიუღებელი", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთი სპორტსმენის ვინაობას ასახელებს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაპირისპირებაში მონაწილეობდა ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია იანტბელიძე.

ირმა ნადირაშვილმა მოუწოდა ჭიდაობის ფედერაციასა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეუწყდეს ინციდენტში მონაწილე გია იანტბელიძეს უფლებამოსილება.

ამასთან, ირმა ნადირაშვილმა სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში იანტბელიძის მონაწილეობის ამსახველი ფოტომასალაც წარადგინა.

"სატელევიზიო კადრებიდან ამოღებულ ფოტოზე ჩანს გია იანტბელიძე, რომელიც იმ მომენტშია გადაღებული, როდესაც ნიკა მელიას მისამართით დაიწყო ჩხუბი. გია იანტბელიძე არის ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ჩვენ მივმართავთ ჭიდაობის ფედერაციას, ასევე, მივმართავთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მიიღონ გადამწყვეტი ზომები და გია იანტბელიძე გადააყენონ მწვრთნელის პოზიციიდან. იმედი გვაქვს, რომ კალაძის ცოლის ძმის მფარველობა გია იანტბელიძეს დაკავებულ თანამდებობას ვერ შეუნარჩუნებს", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

- კორცხელში მომხდარ ინციდენტში ნაკრების წევრი, მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძე მონაწილეობდა

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული