“სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016”-ის დასკვნითი ეტაპის ფინალური თამაშები გაიხსნა

AutoSharing Option
"სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016"-ის დასკვნითი ეტაპის ფინალური თამაშები საზეიმო ვითარებაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კიკალიშვილმა გახსნეს.

ოლიმპიადის ფინალურ თამაშებზე გამოვლინდებიან საქართველოს ჩემპიონები შემდეგ სახეობებში: კალათბურთი 3X3 (გოგონები, ვაჟები), მინი-ფეხბურთი (ვაჟები), მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები), გეზრბენი (გოგონები, ვაჟები), ბადმინტონი (გოგონები, ვაჟები), სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილეობას საქართველოს 12 რეგიონის გამარჯვებული სკოლის გუნდები მიიღებენ, ხოლო საქართველოს ჩემპიონები კი ბავშვთა მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის
ეროვნული ფედერაციის ეგიდით ISF-ის მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებზე შესაბამის სპორტულ სახეობებში საასპარეზოდ გაემგზავრებიან.

ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კიკალიშვილის თქმით, საქართველოს საუკეთესო გუნდები 4 სპორტის სახეობაში გამოვლინდება.

"ჩვენ ვიმყოფებით ანაკლიის "მომავლის ბანაკში", რომელიც გვმასპინძლობს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამის გამო. ტარდება სასკოლო სპორტული ღონისძიებების ფინალური ეტაპი და გამოვლინდება საქართველოს საუკეთესო გუნდები 4 სპორტულ სახეობაში. პროგრამის ხელშემწყობია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ჩართულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც. თვითონ პროგრამა სამთავრობო დონეზეა მხარდაჭერილი. მონაწილეთა რაოდენობაც ადასტურებს, რამდენად პოპულარულია ეს ოლიმპიადა. 60 000-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენმა სპორტსმენებმა სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებშიც მიიღეს მონაწილეობა და ტრაპზონში 2 ოქროს, 6 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს", - განაცხადა ლევან კიკალიშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, მომავლის ბანაკი ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

"სპორტულ ღონისძიებებსა და ინტელექტუალურ თამაშებში მთელი საქართველოა წარმოდგენილი. აქ გამარჯვებულებს ეძლევათ საშუალება, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო წარადგინონ, სადაც წარმატებით გამოდიან. თითოეულ მონაწილეს ვუსურვებ საუკეთესო დროის გატარებას, დასვენებას და რაც მთავარია, ისინი არაერთ მეგობარს შეიძენენ. ყოველწლიურად, ათასობით ახალგაზრდას ეძლევა საშუალება, წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული