ბაადურ ჯობავა შეჯიბრებას გამოეთიშა

AutoSharing Option
ტრომსოში მოჭადრაკეთა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე 16 აგვისტოს ტაიბრეიკების დღე იყო.

ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ უკრაინელ ანტონ კორობოვთან, როგორც გაუწყეთ, პირველი კლასიკური პარტია კი წააგო, მაგრამ მეორეში წარმატებას მიაღწია და წონასწორობა აღადგინა.

17 აგვისტოს მათ შორის უძლიერესი ტაიბრეიკებს უნდა გამოევლინა. რაპიდში (25-წუთიანი პარტიები ყოველი სვლისთვის 10-10 წამის დამატებით) პირველად თეთრები ჯობავას ერგო. ჩვენებურმა ეს უპირატესობა ვერ გამოიყენა და დამარცხდა.

შავი ფიგურებით თამაშისას ბაადურმა მე-60 სვლისთვის საგრძნობი უპირატესობა მიიღო და გამარჯვებაც, ალბათ, შორს არ იყო, მაგრამ ლაზიერის სვლით უხეში შეცდომა დაუშვა, ინიციატივა
მეტოქეს გადააბარა და 85-ე სვლაზე სულაც დანებდა.

ამდენად, რაპიდში 0:2 დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

სენსაციების გარეშე 16 აგვისტოს გამართულ პაექრობებსაც არ ჩაუვლია. თასის გათამაშების პირველ რაუნდში 14 წლის ნაკლებადცნობილმა ჩინელმა მოჭადრაკემ ვეი იიმ, რომლის რეიტინგია 2557, ევროპის ჩემპიონი იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი) ჩამოიშორა გზიდან, 16 აგვისტოს მე-2 რაუნდის ტაიბრეიკებში კი ალექსეი შიროვი (ლატვია) შეიწირა.

ასევე, მესამე წრეში გავიდნენ: ლევონ არონიანი (სომხეთი), გატა კამსკი (აშშ), ლუდვიგ ჰამერი (ნორვეგია), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი), ლე ქუანგ ლიემი (ვიეტნამი), პიოტრ სვიდლერი (რუსეთი), სერგეი კარიაკინი (რუსეთი), ალექსეი დრეევი (რუსეთი), ვლადიმირ მალახოვი (რუსეთი), ალექსანდრ მოისეენკო (უკრაინა), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი), იური კრივორუჩკო (უკრაინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული