ბელა ხოტენაშვილმა ფიდეს ქალთა გრანპრის მესამე რაუნდი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
ფიდეს ქალთა გრანპრის 2013-14 წლების გათამაშებამ წლეულს მაისში აიღო სტარტი. პირველ რაუნდში, რომელსაც ჟენევამ უმასპინძლა, ქართველმა დიდოსტატმა ბელა ხოტენაშვილმა მოიგო და 160 ქულა დაიმსახურა; აი, დილიჟანში მეორე ეტაპზე კი ბოლო ადგილი დაიკავა და მხოლოდ 10 ქულას დასჯერდა.

18 სექტემბერს გრანპრის მესამე რაუნდი ტაშკენტში დაიწყო. იქ 12 დიდოსტატი ჩაება საპრიზო ადგილებისთვის პაექრობაში. მათ შორისაა ბელა ხოტენაშვილი, რომლისთვისაც პირველი ტური უიღბლო აღმოჩნდა - ინდოელ ჰარიკა დრონავალისთან შავი ფიგურებით 29-ე სვლაზე დამარცხდა.

დაზავდნენ ორგზის ევროპის ჩემპიონი კატერინა ლაგნო (უკრაინა) - ოლგა გირია (რუსეთი),
ელინა დანიელიანი (სომხეთი) - მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი).

ასევე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ანტოანეტა სტეფანოვამ (ბულგარეთი) 53-ე სვლაზე გულისხან ნახბაიევას (ყაზახეთი) აჯობა; ინდოელმა ჰამფი კონერუმ, რომელმაც დილიჟანის ტურნირი მოიგო, ცზიუ ვენძიუნს (ჩინეთი) 70-ე სვლაზე გააჩერებინა საათი, ხოლო მასპინძელი ნაფისა მუმინოვა ჟაო სიუეს (ჩინეთი) დანებდა.

გულშემატკივრებს შევახსენებთ, გრანპრის 2013-14 წლების გათამაშების გამარჯვებული (18 უძლიერესი დიდოსტატი ოთხ ტურნირში ითამაშებს და 3 საუკეთესო შედეგი საერთო ჩათვლაში შევა) 2015 წელს მსოფლიოს ჩემპიონს ტიტულში შეეცილება.

თითოეული ეტაპისთვის (ასეთი სულ ექვსია. ერთ-ერთს გაისად თბილისი უმასპინძლებს) 60-60 ათასი ევრო და ქულებია დაწესებული, რომლებიც პირველ-მეთორმეტე ადგილზე ასე განაწილდება: I ადგილი - 10.000 ევრო (ასევე, +160 ქულა), II - 8259 (+139), III - 6750 (+110), IV- 5750 (+90), V - 5000 (+80), VI - 4500 (+70), VIII - 4250 (+60), VIII - 4000 (+50), IX - 3250 (+40), X - 3000 (+30), XI - 2750 (+20), VIII - 2500 (+10).

ორი ეტაპის შემდეგ ასეთი სიტუაციაა: ანა მუზიჩუკი (სლოვენია) - 250 ქულა, ნანა ძაგნიძე (საქართველო) - 220, ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) - 190, ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) - 170, ჰამფი კონერუ (ინდოეთი) - 160, ანა უშენინა (უკრაინა) - 155, ტუვშინთუგს ბათჩიმეგი (მონღოლეთი) - 80, ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი) - 75, კატერინა ლაგნო (უკრაინა) - 60, ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) - 60, ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა) - 60, ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი) - 60, ჰოუ იფანი (ჩინეთი) - 45, ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) - 45, ოლგა გირია (რუსეთი) - 40, ელინა დანიელიანი (სომხეთი) - 30, ჟაო სიუე (ჩინეთი) - 0, ნაფისა მუმინოვა (უზბეკეთი) - 0, გულისხან გახბაიევა (ყაზახეთი) - 0 ქულა.

19 სექტემბერს ტაშკენტში, II ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: კოსტენიუკი - ჟაო სიუე, ხოტენაშვილი - მუმინოვა, ნახბაიაევა - დრონავალი, გირია - სტეფანოვა, ვენძიუნი - ლაგნო, დანიელიანი - კონერუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული