ევროპის ჩემპიონატი. ჭადრაკი: ქალებმა სერბებს აჯობეს, ვაჟები ბერძნებს დაუზავდნენ

AutoSharing Option
11 ნოემბერს ვარშავაში, მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მე-4 ტურის ორთაბრძოლები გაიმართა.

საქართველოს მანდილოსანთა ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდა. პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძე 33-ე სვლაზე ნატაშა ბოიკოვიჩს დაუზავდა.

მერი არაბიძე შავი ფიგურებით კარგა ხანს ფლობდა პოზიციურ უპირატესობას მარია მანაკოვასთან შეხვედრაში და პარტია სასურველ შედეგამდეც მიიყვანა.

ასევე შავი ფიგურებით ლელა ჯავახიშვილმა ორმხრივი ცაიტნოტისას ანჟელიკა სტოიანოვიჩის შეცდომებით ისარგებლა და გაიმარჯვა.

ბელა ხოტენაშვილს თეთრებით იოვანა ვოინოვიჩთან პაექრობისას კარგა ხანს ჰქონდა თანაბარი პოზიცია. 45-ე სვლაზე ბელამ მეტოქის არაზუსტი სვლის შემდეგ ხელთ იგდო უპირატესობა და 62-ე სვლაზე
წარმატებას მიაღწია. საქართველოს ნაკრებმა ეს შეხვედრა 3.5:0.5 მოიგო.

ქალთა გუნდების დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: პოლონეთი-სომხეთი 2.5:1.5, უკრაინა-ისრაელი 2.5:1.5, პოლონეთი (2)-რუსეთი 0:4, ესპანეთი-პოლონეთი (3) 2:2, რუმინეთი-საფრანგეთი 3:1. ოთხი ტურის შემდეგ 8-8 ქულით პოლონეთი და უკრაინა ლიდერობენ. მათ ქულით ჩამორჩება საქართველო, რომელიც მესამე ადგილზეა.

ჩვენი ქვეყნის მოჭადრაკე ვაჟთა გუნდმა მეორე-მესამე ტურებში სენსაცია მოახდინა, როცა ჯერ ევროპის წინა ჩემპიონატის მესამე პრიზიორ უნგრეთს ფრედ დაუმთავრა შეხვედრა, მოქმედი ჩემპიონი გერმანია კი სულაც დაამარცხა. 11 ნოემბერს საბერძნეთის ნაკრებთან მიხეილ მჭედლიშვილი იოანის პაპაიოანუს შეუთანხმდა ყაიმზე, მერაბ გაგუნაშვილმა დიმიტრიოს მასტროვასილისთან წააგო. მატჩის ბედი ორ დარჩენილ პარტიას უნდა გადაეწყვიტა.

გუნდის ლიდერმა ბაადურ ჯობავამ მე-60 სვლაზე ხრისტოს ბანიკასს აჯობა და წონასწორობა აღადგინა - 1.5:1.5, ლევან ფანცულაია ვასილიოს კოტრონიასს 96-ე სვლაზე ყაიმზე შეუთანხმდა. საბოლოოდ ფრე - 2:2.

ლიდერთა ჯგუფის დანარჩენი შეხვედრები: საფრანგეთი-ჩეხეთი 2.5:1.5, აზერბაიჯანი-უნგრეთი 2:2, უკრაინა-სომხეთი 2.5:1.5, ხორვატია-ისრაელი 2:2, თურქეთი-ბელორუსი 1.5:2.5, ავსტრია-რუსეთი 0:4, ესპანეთი-გერმანია 2:2. ოთხი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ საფრანგეთი მეწინავეობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული