საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: საიმედო ცვლა მოდის

AutoSharing Option
ძიუდოს აკადემიაში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, რომელმაც ერთი სასიამოვნო ტენდენცია გამოკვეთა: გაიზარდა გეოგრაფია და ნაკრების წევრები წამოვიდნენ ისეთი რაიონებიდანაც, სადაც ან ბოლო წლებში დათმეს პოზიციები (მაგალითად, თელავი, ზესტაფონი), ან ახლა იწყებს აღორძინებას (თუნდაც - აჭარა).

ამ ჩემპიონატს წინ ზონალური შეჯიბრებები უძღოდა, თუმცა ფინალურ ტურნირში მაინც ბევრი მონაწილე მოგროვდა. 32 კაცი ხომ თითქმის ყველგან ჭიდაობდა, იყო წონები, სადაც 35 და 39 მონაწილეც კი გამოდიოდა.

საბედნიეროდ, რაოდენობა ხარისხშიც გადაიზარდა და მაყურებელმა, რომელიც აკადემიაში საკმაოდ ბევრი მივიდა - ტრიბუნები ლამის პირთამდე
შეივსო - ორივე დღის განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო შეხვედრა იხილა.

ამ ტურნირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ქართულ ძიუდოს რაოდენ ნიჭიერი რეზერვი ეზრდება. ნამდვილად ძნელია, ვინმე გამოარჩიო, იმდენი კარგი, ჟინიანი და დახვეწილი მოზარდი გამოჩნდა აკადემიაში და ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი ყიზილაშვილსაც გაუჭირდა ვინმეს გამოყოფა. ეს იმდენადაა მნიშვნელოვანი, რომ ამ ნაკრებს თაობათა ცვლის პროცესი შეეხო, თუმცა აკადემიაში ნანახი გვაიმედებს, რომ ცვლაც ღირსეული მოვა.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ტურნირის შეფასება გიორგი ყიზილაშვილს ვთხოვეთ:

"მართლა კარგი ტურნირი იყო. იმდენად კარგი, რომ ხშირად მეც ვერ ვიკავებდი ემოციას. ახლა ამ გუნდს პირველი უცხოური ტურნირი ტულაში ექნება - 1-2 აპრილს, სადაც ყველა მედალოსანს წავიყვანთ, თუმცა ჩემი შეხედულებით, მათ კიდევ დავუმატებთ რამდენიმე კაცს, რომლებიც ამჯერად უმედლოდ დარჩნენ. იქ კიდევ ერთხელ დავაკვირდებით მათ.

გამოკვეთილი ლიდერი არც ერთ წონას არ ჰყავს, თითქმის ყველა წონაში ყველა მედალოსანი დაახლოებით ერთნაირი სიძლიერისაა, თუმცა დარჩენილ დროში ფალავნები კიდევ მოუმატებენ. თუ მაინც ვილაპარაკებთ ფავორიტებსა და ახალ კადრებზე, დავასახელებდი ჩიხელიძეს 66 კილოგრამში; 73-ში ყველა ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ მიჭირს ვინმეს გამოყოფა.

გამოკვეთილი ლიდერი კარგია, მაგრამ მუდმივი კონკურენცია კიდევ უფრო უკეთესია. გამოკვეთილ ლიდერად, ალბათ, გოჩა ღვაჩლიანს თუ მივიჩნევთ, ვინც შარშანაც ჩემპიონი იყო და ახლაც გაიმარჯა.

ზოგადად, გაიზარდა გეოგრაფია და აგერ, აჭარიდანაც გახდა ჩემპიონი - გოგა ჩხაიძე 50 კილოგრამში. შარშან, წლის ბოლოს ბაკურიანში რომ ვიყავით შეკრებაზე, ნაკრების გარდა, კლუბებიც იყვნენ და ამ ასაკის დაახლოებით 400-მდე ბავშვი ვარჯიშობდა. წინა წლებში ამდენი არ იყო.

ტულაში წასვლამდე შეკრება არ გვექნება. იქიდან დაბრუნებულები ბაკურიანში გავივლით შეკრებას, მერე კი გერმანიაში გვინდა წასვლა, თუმცა ეს ჯერ არაა საბოლოოდ გადაწყვეტილი. ჩვენ, ტრადიციულად, ანტალიაში დავდიოდით ტურნირზე, მაგრამ იქ რუსები თუ არ ჩავიდნენ, ფაქტობრივად, საქართველოს ჩემპიონატი გამოგვდის. ამიტომ წლეულს უფრო ძლიერ ტურნირზე გვინდა გამოსვლა".

კვარცხლბეკი
50 კგ. 1. გოგა ჩხაიძე; 2. თორნიკე მარგველაშვილი; 3. ლევან სარდალაშვილი, თემურ აბრამიშვილი.
55 კგ. 1. ლუკა კაპანაძე; 2. ლაშა ვარძელაშვილი; 3. ნოდარ ქურხული, ბექა წიფიანი.
60 კგ. 1. არმაზ არჩუაძე; 2. გიორგი კაპანაძე; 3. საბა კაპანაძე, გაგა გიორგაშვილი.
66 კგ. 1. გიორგი ჩიხელიძე; 2. მიხეილ ნოზაძე; 3. მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი რევაზაშვილი.
73 კგ. 1. ლევან ფსუტური; 2. ლაშა ბექაური; 3. გოგა გოგაშვილი, ალექსი ხუბულური.
81 კგ. 1. გოჩა ღვაჩლიანი; 2. ნიკა ხარაზიშვილი; 3. ნიკა შერმაზანაშვილი, ილია სულამანიძე.
90 კგ. 1. მიხეილ ბექაური; 2. ბაჩო ვარდიაშვილი; 3. ლუკა რთველაძე, გიორგი კარიაული.
+90 კგ. 1. ალექსი სვიანაძე; 2. ლევან ჭელიძე; 3. გიორგი ბურჯალიანი, ილია საათაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული