ევროპის ღია თასი: ჩვენგან ყველაზე უკეთ მარიამ ჯანაშვილმა იჭიდავა

AutoSharing Option
შაბათს პრაღაში ჩატარდა "ევროპის ღია თასი" ქალებში, სადაც ჩვენგან ყველაზე უკეთ წონაშეცვლილმა მარიამ ჯანაშვილმა (57) იჭიდავა - მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ამ ტურნირზე ოთხი ჩვენებური უნდა გამოსულიყო (თუმცა ყველა - ასაკით პატარა, ახალგაზრდული ნაკრების წევრი), მაგრამ ზედ გამგზავრების წინ ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონ მზია ბებოშვილს (52) აპენდიციტი ასტკივდა და სასწრაფოდ ოპერაცია გაუკეთეს. ამიტომ პრაღაში სამი მონაწილე შემოგვრჩა.

ჯანაშვილმა პირველი ორი შეხვედრა ძლიერად ჩაატარა და ჯერ ლიტველი ჯესტინა კუტკაიტე ამოსმულით დააიპონა, მერე კი ყაზახი ნაზგულ კუბაშევა დააგდო ვაზარიზე და თან შებოჭა.

სამწუხაროდ, ამის
შემდეგ თავი იჩინეს იმ პრობლემებმა, რაც ჯანაშვილს საქართველოში სრულფასოვან ვარჯიშში უშლის ხელს - ტოლ-სწორი პარტნიორების არყოლის გამო ვერ ვითარდება, რასაც წონის შეცვლასთან (თუმცა ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ მაინც არაა გადაწყვეტილი) დაკავშირებული სირთულეებიც დაერთო და ჩვენი სპორტსმენი ზედიზედ დამარცხდა ორჯერ - მეოთხედფინალში ჰოლანდიელთა მომავალ ფინალისტ მარგრიეტ ბერხსტრასთან წმინდად, სანუგეშოში კი პირველივე წრეში უნგრელ იბოლია სიროკისთან - ვაზარით.

ამავე წონაში ჭაბუკებში ევროპის კიდევ ერთი ჩემპიონი და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული ეთერ ლიპარტელიანიც გამოდიოდა, თუმცა ის ასაკით კიდევ უფრო პატარაა და უფროსებთან პაექრობაში - თითქმის სრულიად გამოუცდელი. ეს ყველაფერი მის ჭიდაობასაც ეტყობოდა უკრაინელ მარია სკორასთან, ვისთანაც ორი ვაზარი გაუშვა. თუმცა ის სწორედ გამოცდილების მისაღებად წაიყვანეს პრაღაში და, იმედია, ტურნირი მისთვის ამ მხრივ ბევრად უფრო მომგებიანი გამოდგა.

გამოცდილება მიიღო ოლიკო ალადოშვილმაც (48), თორემ შედეგის თვალსაზრისით წარმატებული არც მისთვის ყოფილა ჩეხური შეჯიბრება - ისიც პირველივე წრეში დამარცხდა ჰოლანდიელ ამბერ გერსხესთან ვაზარით.

ახლა ჩვენი გოგონები პრაღაში ერთობლივ შეკრებაზე დარჩებიან, რაც ასევე წაადგებათ სამომავლოდ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უფროსი ასაკის გოგონები რომლბიც 22-23 წლის არიან რატომ არ აქცევენ ყურადღებას და ასე ნაადრევად რატომ ჩამოწერეს საკმაოდ კარგად ჭიდაობდა ქებაძე სად არის რომ არ ჩანს მემგონი ფედერაციის ბრალეულობაა რომ არ აქცევენ სათანადო ყურადრებას და შედეგს ითხოვენ
giorgi
12:46 07-03-2017
0
არაუშავს, ყველგან წაიყვანეთ გოგონები, ოლიმპიადამდე საკმაო დროა და მიიღებენ შესაბამის გამოცდილებას, ძალიან ცუდი იყო რომ არც პარიზში გვყავდა მონაწილე და არც დიუელდორფში
Irakli apkhaidze
14:08 06-03-2017
0

სიახლეები პოპულარული