თბილისის გრან პრი: ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, თბილისის სპორტის ოლიმპიური სასახლე ძიუდოისტთა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებას - გრან პრის უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს 36 ქვეყნის 252 ათლეტი მიიღებს.

აქედან ვაჟთა ტურნირში 165 მონაწილე გამოვა, ქალებში - 87. საქართველოს ვაჟთა ნაკრები საშინაო შეჯიბრებაში გადახალისებული შემადგენლობით გამოვა - ევროპის ჩემპიონატისთის მზადების მიზნით, ლიდერთა დიდი ნაწილი ისვენებს, თუმცა მაქსიმალური რაოდენობა გვეყოლება - 28 მონაწილე, ანუ ყველა წონაში 4-4 ფალავნით ვიასპარეზებთ. ქალთა შორის 8 სპორტსმენით წარვდგებით.

31 მარტს ვაჟებში 60-66-ის, ხოლო ქალებში 48-52 კილოგრამების წარმომადგენლები იჭიდავებენ.
1-ელ აპრილს, შესაბამისად, 73-81 და 57-63-ის, ხოლო დანარჩენები კვირას დაასრულებენ ტურნირს. შეჯიბრებაზე დასწრება უფასოა.

თბილისის გრან პრის საპრიზო ფონდი, რომელიც წლეულს პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება, 100 000 დოლარია.

გრან პრის გამარჯვებული ძიუდოისტები 700 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებენ, ფულადი პრემიის სახით კი ადგილები, შესაბამისად, 3000, 2000 და 1000 დოლარს მიიღებენ.

ვაჟები
60 კილოგრამში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამეპრიზიორი ამირან პაპინაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი ირანელ ბეზად ვაჰდანისა და ებრაელ ალონ რაჰიმას წყვილში გამარჯვებული იქნება. პაპინაშვილს წილისწყრამაც გაუმართლა და ნახევარფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს.

ამავე წონაში რობინზონ ბეგლარაშვილი პირველივე წრეში ესტონელ მარკ ცირკინთან იჭიდავებს.

ჩვენი ახალგაზრდა ტალანტიც საკმაოდ ხელსაყრელ ბადეშია, თუმცა მეოთხედფინალში სავარაუდო მეტოქეთა შორის რუსი ალბერტ ოგუზოვი ჰყავს, მანამდელ მეტოქეთაგან კი ბრაზილიელ ფელიპე პელიმს გამოვარჩევთ.

66-ში კიდევ ერთი საყურადღებო ახალგაზრდა თორნიკე ნაგლიაშვილი პირველ პაექრობას ბრაზილიელ დანიელ კარგნინთან ჩაატარებს, მოგების შემთხვევაში კი რუს იაკუბ შამილოვსა და ლიტველ კესტუტის ვიტკაუსკასს შორის უმჯობესს შეხვდება.

81-ში ახალგადასულ ევროპის ორგზის ფინალისტ ნუგზარ ტატალაშვილს არ გაუმართლა, რადგან მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში მონაწილეთაგან საუკეთესო რეიტინგის მქონე ბრაზილიელი ვიქტორ პენალბერი ელოდება, თუმცა მანამდე პორტუგალიელი ჟოაო მარტინო უნდა დაამარცხოს.

ამბაკო ავალიანი (81) პირველ წრეში ირანელ სობჰან რასულის ხვდება, ხოლო თუ მოუგებს, უზბეკ დავლატ ბობონოვს დაეჭიდება.

უზბეკთან - შარაფუდინ ბოლტაბოევთან შეხვედრით დაიწყებს ტურნირს კობა მჭედლიშვილი (81), ვისაც მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში იქ ირანელი საეიდ მოლაეი ელოდება. ამავე წონაში გიორგი პაპუნაშვილი თავიდან ისვენებს, მისი მეტოქე კი აზერბაიჯანელი აფიგ საფარლი ან ლიტველი არტურას მაიბოროდა იქნება.

90 კილოგრამში არჩილ გოგოლაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთვება ბრიტანელ მაქს სტიუარტთან შეხვედრით. უშანგი მარგიანიც პირველად მეორე წრეში იჭიდავებს, ოღონდ მისი მეტოქე მანამ გაირკვევა ირანელი ვაჰიდ ნოურისა და ყაზახი სუნგატ ზაკარიაევის ორთაბრძოლაში.

ნოდარ ბერიანი თავიდანვე იჭიდავებს არაბული საემიროების ნატურალიზებულ მოლდოველ მიჰაილ მარჩიტანისთან, ამათში უმჯობესს კი შემდეგ ეტაპზე მონღოლი ალტანბაგანა განტულგა ელოდება.

100-ში ლაშა ტაველური მეორე წრიდან ჩაერთვება საქმეში და ახალგაზრდებში ქართველთა არაერთგზის გამამწარებელ აზერბაიჯანელ ზელიმხან კოსტოევს დაეჭიდება, თუმცა ამ ჯგუფის ფავორიტი შვედი მარტინ პაჩეკია.

იასონ ნემსაძე თავდაპირველად ყაზახ მაქსატ ისაგაბილოვს ხვდება, ხოლო თუ მოუგებს, ბრაზილიელთა მსოფლიოს ექსჩემპიონი ლუსიანო კორეა ელოდება. ონისე სანებლიძე თავიდან ირანელ რეზა რეზაეის დაეჭიდება, ამათში მოგებულის მეტოქე კი აქედანვეა ცნობილი - უზბეკი სოუიბ ყურბანოვი.

მძიმე წონა ის გამონაკლისია, სადაც ტიტულოვანი ფალავნები გვყავს, თუმცა წილისყრის მადლიერნი დიდად ვერ ვიქნებით. ევროპული თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოს მესამეპრიზიორი ადამ ოქრუაშვილი პირველივე წრეში რუსთა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონსა და ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტ ალექსანდრ მიხაილინს ხვდება; ლევან მატიაშვილი თავიდან კი ისვენებს, თუმცა მეორე წრეში მისი გზა, შესაძლოა, ონისე ბუღაძესთან გადაიკვეთოს. ის იმ შემთხვევაში, მანამ ბუღაძე ირანელ ჯაფარ პალევანი გაგარგს თუ დაამარცხებს.

თბილისის გრან პრი 2017-ის პირდაპირი ტრანსლაცია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მე-2 არხზე გადაიცემა.

ქალები
ქალებში ოლიკო ალადოშვილი (48) პირველ წრეში რუს მარია პერსიდსკაიას შეხვდება, ჯგუფის ფავორიტი კი უნგრელი ევა ცერნოვიცკია.

ყველაზე მეტი მონაწილე 57 კილოგრამში გვეყოლება - 4 სპორტსმენი. ჩვენი ლიდერი მარიამ ჯანაშვილი პირველად ყაზახ ანა კაზულინას ხვდება, სალომე აბაშიძე - ჰოლანდიელ მარგრიეტ ბერგსტრას, ეთერ ლიპარტელიანი - რუს ნატალია გოლომიდოვას, ხოლო მარიამ ციხელაშვილი - მონღოლ კულან ცერეგბაატარს.

70 კილოგრამში ჩვენი ორივე მონაწილე ტურნირს რუსებთან შეხვედრით დაიწყებს: თეა სუხიტაშვილი ვალენტინა მალცევას დაეჭიდება, ნინო ოძელაშვილი - ალენა პროკოპენკოს. რუსი ერგო მძიმეწონოსან ელენე ქებაძესაც - პელაგია ლაპშინა.

31 მარტი
კაცები -60 -66
ქალები -48 -52 -57

10:00 - დასაწყისი
16:30 - გახსნის ოფიციალური ცერემონია
17:00 - ფინალური ბლოკი

1-ლი აპრილი
კაცები -73 -81
ქალები -63 -70

10:00 - დასაწყისი
17:00 - ფინალური ბლოკი

2 აპრილი
კაცები -90 -100 +100
ქალები -78 +78

10:00 - დასაწყისი
17:00 - ფინალური ბლოკი

მამაკაცები
60 კგ
ლუხუმ ჩხვიმიანი
ამირან პაპინაშვილი
რობინზონ ბეგლარაშვილი
გიორგი ბროლაშვილი

66 კგ
ლაშა გიუნაშვილი
თორნიკე ნაგლიაშვილი
თორნიკე თათარაშვილი
შალვა გაზაშვილი

73 კგ
ფრიდონ გიგანი
გიგა გიგაური
ომარ ნიაზაშვილი
ტატო გრიგალაშვილი

81 კგ
ამბაკო ავალიანი
კობა მჭედლიშვილი
ნუგზარ ტატალაშვილი
გიორგი პაპუნაშვილი

90 კგ
ნოდარ ბერიანი
უშანგი მარგიანი
არჩილ გოგოლაშვილი
ნიკა სიდამონიძე

100 კგ
ლაშა ტაველური
ალექსანდრე ზაალიშვილი
იასონ ნემსაძე
ონისე სანებლიძე

+100 კგ
ლევან მატიაშვილი
ადამ ოქრუაშვილი
გუგა კიბორძალიძე
ონისე ბუღაძე

მთავარი მწვრთნელი: ირაკლი ცირეკიძე

ქალები
48 კგ
ოლღა ალადოშვილი

57 კგ
მარიამ ციხელაშვილი
ეთერ ლიპარტელიანი
მარიამ ჯანაშვილი
სალომე აბაშიძე

70 კგ
ნინო ოძელაშვილი
თეა სუხიტაშვილი

+78 კგ
ელენე ქებაძე

მთავარი მწვრთნელი: გია თენაძე

თბილისის გრან პრის მონაწილე ქვეყნები:

საქართველო (36 სპორტსმენი), საფრანგეთი (6), უკრაინა (9), ჰოლანდია (8), ბრიტანეთი (10), რუსეთი (24), უნგრეთი (10), აზერბაიჯანი (18), ბრაზილია (15), ავსტრია (2), სომხეთი (1), ავსტრალია (1), ბელარუსი (4), ბელგია (4), ბულგარეთი (2), კანადა (1), კოლუმბია (5), ხორვატია (1), კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1), ესტონეთი (4), ფინეთი (1), გვინეა-ბისაუ (1), ირანი (11), ისრაელი (5), იტალია (6), ყაზახეთი (18), ყირგიზეთი (1), ლატვია (3), ლიტვა (6), მონღოლეთი (9), პორტუგალია (9), სერბეთი (3), სლოვაკეთი (3), სლოვენია (3), შვედეთი (4), არაბეთის გაერთიანებული საემიროები (2), უზბეკეთი (14), ვენესუელა (1).
მკითხველის კომენტარები / 2 /
იპპონ.ტვ ზეა
gola
31 მარტი 2017 10:26
0
ერთ ერთი პრესტიჟული თუა ტელევიზორში რატომ არ აჩვენებენ? ვაი ამათ პატრონს!
ზურა
31 მარტი 2017 09:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული